გრიგორიადისი აღიარებს, რომ „მოლოტოვის კოქტეილით“ ცეცხლი წაუკიდა პოლიციელს, თუმცა, ჩადენილს არ ნანობს
პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე დაკავებული 21 წლის ლაზარე გირგორიადისი აცხადებს, რომ „არაფერს ნანობს“.
მან გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან „ინტერპრესნიუსის“ კითხვებს უპასუხა. გრიგორიადისი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ დადებით განწყობას აფიქსირებს და მისი ოჯახი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს.
„ჩემი ოჯახის წევრები აპირებენ, რომ მიმართონ ქალბატონ სალომეს ჩემ შეწყალებაზე. ჩემი თხოვნა აღარ სჭირდება. მე დაახლოებით ვხვდები, როგორი პიროვნებაცაა ჩვენი პრეზიდენტი. ასე რომ, ვფიქრობ, შეხსენებები, შეწუხება არ სჭირდება. თუ შემიწყალებს, პირისპირ გავესაუბრებოდი დიდი სიამოვნებით, საერთო მიზნები გვამოძრავებს, ხელისუფლებისგან განსხვავებით. მე ეჭვი არ მეპარება მის ქმედებებსა და მისწრაფებებში. ვხედავ და საზოგადოებაც ხედავს ყველაფერს, რასაც ის აკეთებს ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მისი გადასაწყვეტია შემიწყალებს თუ არა, ჩემს შეხედულებებს შეწყალების ფაქტორი არანაირად არ ცვლის“, – აცხადებს გრიგორიადისი.
რაც შეეხება მარტის აქციებში მონაწილეობას, მისი თქმით, აქციაზე ევროპულ კურსს იცავდა.
„რუსული კანონის გაპროტესტების დროს, ჩვენ არამარტო კანონს ვაპროტესტებდით, არამედ, ვიცავდით ჩვენ ევროპულ კურსს. ასევე, მოგვიწია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა იმის შემდეგაც, რაც მათ სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყეს აქციის დაშლა. აქაც გავიმეორებ, არაფერს ვნანობ. მე ვისროლე „მოლოტოვი“… მობრძანდნენ ჩემთან დაზარალებულები, „ლევომეკოლს“ წავუსვამ და „babuska boi”-ს მოვასმენინებ“, – აცხადებს ბრალდებული.