საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში იმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, Dubai Expo-ში, სადაც კონფერენცია იმართება, საქართველოს პრემიერმინისტრს და სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანი და გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში დახვდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად სამიტის გახსნას დაესწრო. სამიტის მონაწილე ლიდერებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ III-მ.