ბოლნისის მერი ზამურ ჭითანავა HELVETAS GEORGIA-ს წარმომადგენელს შეხვდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ორგანიზაცია HELVETAS GEORGIA-ს წარმომადგენელს, ნესტან მერმანიშვილს, შეხვდა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენელმა მერს პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება“ საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო.
,,პროექტი, რომელსაც ორგანიზაცია HELVETAS GEORGIA შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს, მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობას.
პროექტი ბოლნისის აგროცენტრთან თანამშრომლობით, ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ადგილზე საკონსულტაციო სერვისების დანერგვას, განვითარებას და მევენახე-მეღვინეებისთვის სხვა აუცილებელი სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდას უწყობს ხელს.
პროექტის ფარგლებში, იგეგმება „ქვემო ქართლის ღვინის გაერთიანების“ დაფუძნება. აღნიშნული პლატფორმა მევენახე-მეღვინეებს ბაზარზე უკეთ პოზიციონირებასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობაზე ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მზად არის პროექტს მხარი დაუჭიროს, ვინაიდან ბოლნისში ღვინის სექტორს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, მსგავსი ინიციატივები კი ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და განვითარების პროცესს.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ბოლნისის აგროცენტრის წარმომადგენლები”,- წერია ინფორმაციაში.