“დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების კონკრეტული საათებით შეზღუდვა ქალაქს პატარა შვებას მისცემს, თუმცა, ესეც დაკვირების საგანი იქნება” – ირაკლი იზორია
“ვფიქრობ, დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების კონკრეტული საათებით შეზღუდვა ქალაქს პატარა შვებას მისცემს, თუმცა, ესეც დაკვირების საგანი იქნება” – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორმა, ირაკლი იზორიამ განაცხადა.
იზორიამ დედაქალაქში დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებასთან დაკავშირებით დაგეგმილი რეგულაცია შეაფასა.
“დაგეგმილია ცვლილებები, რომელიც დიდგაბარიტიანი ტრანსპორტის გარკვეულ საათებში აკრძალავს გულისხმობს. მერიის მხრიდან საუბარი იყო, რომ ეს პიკის საათებში უნდა მოხდეს. საუაბარია დილის 08:00-დან 11:00 საათამდე და საღამოს 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდზე. თბილისში ამ პერიოდებში ნახევარ მილიონზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება და ქუჩები ამდენ დატვირთვას ფიზიკურად ვერ უძლებს, მით უმეტეს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბევრი ადგილას, სადაც კორიდორები უნდა გაკეთდეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ცენტრალური გზები ზოგან დაკეტილია და ნაკადები უფრო ვიწრო ქუჩებზე გადაინაცვლებს ხოლმე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები მნიშვნელოვანია. როგორც ინფორმაცია გვაქვს, შეხვედრები ბიზნესსექტორთანაც იყო. დიდგაბარიტიანი მანქანები, ძირითადად, ბიზნესისაა, რომლებიც მშენებლობას, სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვას ახორციელებენ, აქ დისტრიბუციის მანქანებიც შეიძლება, იყოს. თუმცა, როგორც ვხედავთ, რაღაც შეთანხმებას აღწევენ, რომ გარკვეული პიკის საათები ქალაქისთვის იყოს დათმობილი. ეს ძალიან კარგია, თუმცა, ვფიქრობ, აქაც აღსრულების ნაწილს უნდა მივაქციოთ ყურადღება. თუ რეგულაციას მივიღებთ, არ შეიძლება, რომ ეს ფურცელზე დარჩეს. თბილისში არის ვიწრო ქუჩები, სადაც აღმართებია, სადაც მაღალგაბარიტიანი მანქანები ძალიან ნელა ადიან, მით უმეტეს, ეს თუ პიკის საათებში ხდება, უკან ფიზიკურად ასობით მანქანა ჩერდება და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დიდგაბარიტიანი მანქანები გავარიდოთ. არის შემთხვევები, როცა თბილისში უცხოური დიდგაბარიტიანი მანქანები შემოდიან, რომლებიც დედაქალაქს კვეთენ, აქაც ყურადღება აღსრულების ნაწილში უნდა გაიზარდოს. თბილისს შემოვლითი გზა აქვს და დიდი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც ტვირთი გადააქვთ, ქალაქის ტერიტორიაზე არ უნდა მოძრობდნენ. ყურდღება ამასაც უნდა მიექცეს.
რაც შეეხება საცობების განტვირთვას, ვფიქრობ, რომ დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალებების კონკრეტული საათებით შეზღუდვა ქალაქს პატარა შვებას მისცემს , თუმცა, ესეც დაკვირების საგანი იქნება. დაახლოებით, ალბათ, ერთი წლის მანძილზე უნდა დავაკვირდეთ, ვითარება რამდენად შეიცვლება, თუ არ შეიცვლება. თუ ვნახავთ , რომ ასეთი ტრანსპორტის გადაადგილების რეგულაციით ვითარება შეცვლილია, მაშინ, შეიძლება, საფიქრი გახდეს ის, რომ სხვა ქუჩებიც, სადაც რეალურად პრობლემებია, ხომ არ დაემატოს და იქაც ხომ არ მოხდეს შეზღუდვა. ახლა რამდენიმე კონკრეტულ ქუჩაზეა საუბარი, რომელსაც, ალბათ, მერია დააანონსებს, იტყვის, თუ რომელ ქუჩებზე იქნება შეზღუდვები. თუმცა, დაკვირვების შემდეგ, შესაძლოა, ამ ქუჩების რაოდენობა გაიზრდოს. ჯერ არ ვიცით, რომელი ქუჩებია. ეს ალბათ, იანვრის დასაწყისში დაანონსდება. ვფიქრობ, რეგულაცია პრობლემურ კვანძებზე იქნება, სადაც პიკის საათებში ავტომობილების რაოდენობა საკმაოდ ბევრია. ვფიქრობ, ცენტრალური ქუჩებიც იქნება და ის ქუჩებიც, რომელიც ცენტრალურის გადაკვეთაზეა. ვფიქრობ, მაღალ ჯარიმას იმიტომ აწესებენ, რომ პასუხისმგებლობა მეტი იყოს და გარისკვის მომენტი არ იყოს. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ვიღაც მაინცდამაინც 1000 ლარით დაჯარიმდეს. კომპანიებს საფიქრი ექნებათ, რომ ასეთი ავტომობილები ქალაქში ამ კონკრეტულ საათებში არ გამოუშვან, რათა დიდი ჯარიმა არ მიიღონ. ჯარიმა პრევენციას გულისხმობს და არა იმას, რომ მაინცდამაინც ეს ადამიანები დავაჯარიმოთ. თუ კანონს არ დავარღვევთ, ჯარიმასაც არ მივიღებთ”- განაცხადა ირაკლი იზორიამ.
მისივე თქმით, თბილისი ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან დედაქალქში პიკის საათებში დაახლოებით 600 000 ავტომობილი მოძრაობს.
“ჩვენი დედაქალაქი დიდი ხნის წინაა დაგეგმარებული, მოიცავს როგორც ცენტრალურ გზებს, ასევე ბევრ მეორე, მესამე ხარისხოვან გზებს, ამიტომ შეუძლებელია, ქალაქში ქუჩების სიფართოვე გავზარდოთ და ყველა ავტომობილს საშუალება მივცეთ, იარონ. ბევრი ევროპული ქალაქი ამ პრობლემის წინაშე დადგა, ავტომობილების მატებამ საცობები გამოიწვია, იყო მშენებლობები, რომელიც ესტაკადების, გზების გაფართოებას გულისხმობდა, მაგრამ ამ ევროპულ ქალაქებში უკვე უკუპროცესი წავიდა, უკვე პირიქით ხდება – ესტაკადები აიღეს, იქ ბაღები, სკვერები შენდება და მოდელი ურბანულ, მდგრად მობილობაზე გადადის. ურბანული, მდგრადი მობილობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების წახალისებას ნიშნავს. ამასთან, ველოსიპედით სიარულის, ფეხით მოსიარულეთა წახალისებასაც გულისხმობს. რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს – თბილისი ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას, როგორც ვთქვი, პიკის საათში დაახლოებით 600 000 ავტომობილი მოძრაობს, ავტომობილების მოხმარება ძალიან გაზრდილია და საქართველოში ავტოპარკი ყოველწლიურად დაახლოებით 7-დან 10 %-მდე იმატებს. ეს უწყვეტი პროცესია. ამას მერია მომზადებული უნდა დახვდეს იმ პროგრამებით, რომელიც გულისხმობს მდგრადი ურბანული მობილობის სისტემის განვითარებას, საზოგადოებრივი ტრასპორტის ქსელის გამართვას, დერეფნების მშენებლობას, ვიცით, 10 კვანძია დასახელებული, თუმცა, შესაძლოა, მომდევნი ეტაპზე უფრო მეტიც დაგვჭირდეს.
თუ საზოგადოებრივი ტრანსპროტი არ განვითარდება, კომფორტული არ იქნება, ხალხი მაინც ავტომობილებით ივლის. კვლევებით დგინდება, რომ მოქალაქეების თითქმის 30 % 1, 5- 2 კილომეტრ მანძილზე გადასაადგილებლად ავტომობილს იყენებს . ადამიანებმა საკუთარ ავტომობილებზე უარი რომ თქვან და გამონაკლის შემთხვევებში გამოყენონ, ამისთვის გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა დავახვედროთ. როგორც ვიცი, 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება. ეს პროცესი დიდ ხანს გაიწელა და იმედია, ავტობუსები მალე იქნება. ვფიქრობ, პროცესი დასასწრაფებელია, შემაკავშირებული დერეფნების მოწყობა , საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება მალე უნდა მოხდეს. ამასთან ერთად ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებია საჭირო. ბევრს არ გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია, უარი ვთქვათ ავტომობილებით გადაადგილებაზე თუ უკიდურესი მდგომარეობა არაა. აქ მხოლოდ საცობების საკითხი არაა, საცობებში საავტომობილო სექტორიდან ჰაერის უამრავი დამაბინძურებლის გამოტყორცნა ხდება. ესეც ჩვენი საზრუნავია. ავტომობილებზე დამოკიდებულების შემცირება იგივე გარემოს დაცვაა” – განაცხადა იზორიამ.
ცნობისთვის, პარლამენტში “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილება განიხილება, რომელიც დედაქალაქში დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციის შემოღებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, დიდი გაბარიტების მქონე (M3, N2 და N3 კატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებების თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილისა თუ დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით.
ასევე, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის/დროის დარღვევით მიწოდება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება: საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის; იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი ან/და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ბავშვები; იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა.
როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობა გაუმჯობესდება.
„შეზღუდვების განხორციელების პირობებში დიდი გაბარიტების მქონე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების წილი სატრანსპორტო საშუალებების მთლიან რაოდენობაში პიკის საათებში შემცირდება, რაც შექმნის ე.წ. საცობების განტვირთვის შესაძლებლობას”, – განაცხადა მაია ბითაძემ.
თამუნა შეყილაძე