“გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში ინოვაციური სასათბურე პროექტი – „მეურნეობა“ გაიხსნა. ღონისძიება პროექტის ავტორებმა, სასათბურე მეურნეობის ექსპერტებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთობლივად საზეიმოდ გახსნეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“ღონისძიების გახსნისას მოსწავლეებთან ერთად სიმბოლურად დაირგო მარწყვის სანერგეები. პროექტი ინოვაციურია და მიზნად ისახავს ბავშვებისთვის სამეურნეო საქმიანობის, მისი მართვისა და განვითარების შესწავლას.
ახალგაზრდები არაფორმალური გზით მიღებენ საჭირო ცოდნას, რომელიც დაეხმარება მათ სამეწარმეო უნარების განვითარებასა და სწორ პროფესიულ ორიენტაციაში. საწარმოდან მიღებული შემოსავლით იგეგმება სკოლისა და მოსწავლეების განვითარებისთვის საჭირო სხვა პროექტების დაფინანსება.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
„კიდევ ერთი საინტერესო და ინოვაციური პროექტი განხორციელდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით. ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვიმყოფები ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდამჭერი ორგანიზაციის სტატუსით. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნიქოზის სკოლას და პარტნიორ ორგანიზაციებს”, – აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ნიკა ღვინიაშვილმა.
პროექტი მადლიერების კამპანიას Thankyou.ge და ქართული „ქრაუდფანდინგ“ პლატფორმასთან Fundraiser.ge თანამშრომლობით ხორციელდება. აღნიშნული ორგანიზაციები ახალგაზრდებისთვის და არა მარტო მათთვის ეტაპობრივად არაერთი საინტერესო ინიციატივის განხორციელებას გეგმავენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.