სააკაშვილის რეჟიმმა Kreab-ს 20 მილიონი კრონი გადაურიცხა – „კარლ ბილდტი კორუმპირებულია“
კარლ ბილდტმა საქართველოს მთავრობა PR-სააგენტო Kreab-ის კლიენტი გახადა, რის შემდეგაც იგი პოლიტიკურად მხარს უჭერდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
გაზეთმა „აფტონბლადეტმა“ დაადგინა, რომ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში რეჟიმმა კომპანია Kreab-ს ჯამში 20 მილიონი კრონი გადაურიცხა.
ბილდტი კორუმპირებულია – აცხადებს სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მინისტრი გიორგი ხაინდრავა.
როგორც „აფტონბლადეტი“ ადრე იუწყებოდა, „მოდერატების“ პარტიასთან დაკავშირებულმა კომპანია Kreab-მა სააკაშვილის მთავრობასთან კონტრაქტი გააფორმა 2006 წელს. კლიენტის მოძებნაზე მაშინ პასუხისმგებელი იყო Kreab-ის მაშინდელი თავმჯდომარე კარლ ბილდტი.
„როდესაც იგი Kreab-ის თავმჯდომარე იყო, მას იქ კარგი კონტაქტები ჰქონდა” – აღნიშნა Kreab-ის ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანელმა კარლ ისაკსონმა 2012 წელს გაზეთთან „აფტონბლადეტთან“ საუბრის დროს.
ისაკსონის განცხადებით, Kreab-ი უნდა დახმარებოდა საქართველოს მთავრობას მედიასთან და პოლიტიკოსებთან კავშირების დამყარებაში, „მთავრობა დადებითი სახით უნდა წარმოჩენილიყო მედიაში“.
ადრე ეს ძალზე საიდუმლო იყო
ამ კონტაქტების დამყარების შემდეგ, ბილდტი მოკლე ხანში სამთავრობო ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა და Kreab-ის მმართველი საბჭო დატოვა. ნოემბერში კონტრაქტი გაფორმდა. გაზეთ „აფტონბლადეტს“ ახლა შეუძლია გამოამჟღავნოს ის დოკუმენტი, რომლსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის დროზე ძალზედ საიდუმლო გრიფი დაადო. ეს მოიცავს 2006 წლის დეკემბრიდან 2007 წლის დეკემბრამდე საქართველოს მთავრობიდან Kreab-ისთვის 14 საბანკო გადარიცხვას, ჯამში, 4,5 მილიონი ქართული ლარის ოდენობით, რაც 18 მილიონ კრონზე მეტია. ამ ტრანზაქციებს, რომლებიც ბელგიური ING ბანკის მეშვეობით ბრიუსელში Kreab-ის ხელმძღვანელთან გეორგ დანელთან ირიცხება, ხელს აწერს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი.
2008 წელს დანელის მიერ პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილი წერილი გვიჩვენებს, რომ ხელშეკრულების თანახმად, Kreab-ისთვის ყოველთვიურად უნდა გადაერიცხათ ფიქსირებული 1 მილიონი კრონი და ამის გარდა, დამატებითი თანხები „განსაკუთრებული პროექტებისათვის“. ეს ხდებოდა 2008 წლის იანვრიდან თებერვლამდე, იმ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რომელზეც ეჭვი არსებობს, რომ გაყალბდა. წერილის თანახმად, თვიური გადასახადიც უნდა გაზრდილიყო.
მჭიდრო ურთიერთობები
2006 წლის შემდეგ შვედეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები უფრო მჭიდრო გახდა. გარდა კერძო, არაოფიციალური ვიზიტებისა, ბილდტმა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, 11 ოფიციალური ვიზიტი გამართა ამ პატარა სახელმწიფოში. ბილდტი გულმოდგინედ უჭერდა მხარს მიხეილ სააკაშვილს. მას შემდეგ, რაც შვედეთის იმდროინდელმა ელჩმა ჰანს გუნარ ადენმა ანგარიში გაგზავნა სამინისტროში 2008 წლის არჩევნების გაყალბების თაობაზე ეჭვების არსებობის შესახებ, იგი უკან, შვედეთში გამოიწვიეს. მაშინ ბილდტმა საკუთარ ბლოგზე დაწერა: „არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება“. ადენის თანახმად, მოგვიანებით, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში აღნიშნული იყო, რომ არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა ხარვეზებს.
გიორგი ხაინდრავა პარლამენტის წევრი იყო და ორჯერ ეკავა მინისტრის პოსტი საქართველოს მთავრობაში. ბოლოს, 2008 წელს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს იგი იყო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. იმავე წელს მან თანამდებობა დატოვა და სააკაშვილის რეჟიმს დაუპირისპირდა.
ხაინდრავა „აფტონბლადეტთან“ საუბრის დროს აღნიშნავს, რომ მას გაგონილი ჰქონდა Kreab-ის კონტრაქტის შესახებ, ხოლო, იმ დროს სახელმწიფო ადმინისტრაციაში ქრთამი ყოველდღიურობას წარმოადგენდა.
„ეს ძალზე დიდი თანხაა საქართველოსნაირი პატარა და ღარიბი სახელმწიფოსთვის. ეს იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ამერიკულმა ლობისტურმა ორგანიზაციებმა მიიღეს ხუთი წლის განმავლობაში. ამ თანხის გათვალისწინებით, უნდა დაისვას კითხვა, სინამდვილეში რისთვის გადაიხადა სააკაშვილის მთავრობამ ეს ფული. რა სამუშაო შეასრულა Kreab-მა?
ხაინდრავა იქვე აღნიშნავს, რომ ბილდტი საერთაშორისო ასპარეზზე „სააკაშვილს ზურგს უმაგრებდა“ და უარყოფდა 2008 წლის არჩევნების გაყალბებას, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს ამაზე განგაში ჰქონდათ ატეხილი.
„მე მჯერა და ფაქტობრივად ვამტკიცებ, რომ კარლ ბილდტი ჩართული იყო პოლიტიკურ კორუფციაში, როცა იგი მიხეილ სააკაშვილის ჯიბეში იმყოფებოდა და ნაწილობრივ, ეს მოხდა საქართველოს მთავრობასა და Kreab-ს შორის სარფიანი, საიდუმლო ხელშეკრულების მეშვეობით.“
ბილდტი უარყოფს დაქირავებას
ბილდტმა „აფტონბლადის“ კითხვებს ელ-ფოსტით უპასუხა:
– რამ განაპირობა, რომ 2006 წელს საქართველო Kreab-ის კლიენტად აიყვანეთ?
– ეს მე არ გამიკეთებია. ამის თაობაზე არანაირი საუბარი არ მქონია არც საქართველოსთან და არც „Kreab”-თან.
– ახლადგამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, Kreab-ს 2006 წლის დეკემბრიდან 2007 წლის დეკემბრამდე სულ მცირე 18 მილიონი კრონა გადაუხადეს. ეს თანხა აჭარბებს იმას, რაც საქართველოს მთავრობამ ამერიკულ PR-სააგენტოებს გადაუხადა ხუთი წლის განმავლობაში. რატომ მიაჩნდა საქართველოს Kreab-ის მომსახურება ასე ძვირფასად?
-ეს კითხვა შეგიძლიათ მათ დაუსვათ. მე ამის შესახებ არაფერი ვიცი, რადგანაც მე იმ პერიოდში არავითარი შეხება აღარ მქონდა Kreab-თან. ამის შესახებ პასუხის მიღება Kreab-თან შეგიძლიათ.
– თქვენს ბლოგზე მხარს უჭერდით სააკაშვილს, მაგალითად, როდესაც დაწერეთ, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები „არ იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ“. ადენმა სახელმწიფო მდივნისგან გაიგო, რომ თქვენ უკმაყოფილო იყავით მისი ანგარიშით, რამეთუ მასში ეჭვი იყო შეტანილი არჩევნების გაყალბებაში. მოგვიანებით საერთაშორისო დამკვირვებლები ანგარიშებში საუბრობდნენ არჩევნების გაყალბებაზე. რატომ გსურდათ ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ არ იდგა?
– მე იგივე ვთქვი, რაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაასკვნეს. რა თქმა უნდა, არჩევნები არ ყოფილა უნაკლო, მაგრამ ეს სხვა საკითხია. რაც შეეხება ადენს, ეს სულ სხვა ისტორია იყო.
– ყოფილი მინისტრი გიორგი ხაინდრავა ამტკიცებს, რომ თქვენ პოლიტიკურად კორუმპირებული ხართ, რომ „ყოველთვის სააკაშვილის ჯიბეში იყავით“ და რომ კორუფცია ნაწილობრივ იმის საშუალებით მოხდა, რომ იცავდით „სარფიან კონტრაქტს Kreab-სა და საქართველოს მთავრობას შორის“. რას იტყვით ამის შესახებ?
– ამის თაობაზე კომენტარი უკვე გავაკეთე. იგი (ხაინდრავა) ეკუთვნოდა უკომპრომისო ოპოზიციას სააკაშვილის წინააღმდეგ, შესაძლოა ამის გამოც საუბრობს იგი ამაზე. მისი გაბრაზება გამოწვეულია იმით, რომ მე, ისევე როგორც სხვები, ევროკავშირსა და აშშ-ში, ვაკრიტიკებთ მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლო სისტემის გამოყენების გამო. ამან გამოიწვია თავდასხმები, მათ შორის, ჩემს მიმართაც. აქვე შეიძლება დავამატოთ, რომ საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა პირად საუბარში გამოხატეს წუხილი ამ განცხადებების გარკვეული ნაწილის გამო.
Kreab: ყველაფერი ჩვენთან არ მოდიოდა
Kreab Gavin Andersson-ის უფროსი პარტნიორი გეორგ დანელი 2006 წელს Kreab-ის ხელმძღვანელი იყო ბრიუსელში. დანელი, ისევე როგორც ისაკსონი, არ ეთანხმება კარლ ბილდტის განმარტებას, რომ იგი არ ყოფილა ჩართული საქართველოს კლიენტად აყვანაში:
„ჩვენ საერთაშორისო მასშტაბით ვმუშაობთ. რასაკვირველია, ბილდტი ჩართული იყო ამ სამუშაოში იმ ფუნქციებით, რაც მაშინ გააჩნდა. იგი სახელიანი ადამიანია. იგი ჩვენი საბჭოს თავმჯდომარე იყო, თუმცა დაგვტოვა, როდესაც მთავრობაში შევიდა.“
დანელმა თავდაპირველად განაცხადა, რომ 2 მილიონის ოდენობის ტრანზაქციები სიმართლეს არ შეესაბამება.
„ციფრები მცდარია.“ თუმცა, როდესაც მას დოკუმენტები წარუდგინეს, განაცხადა, რომ მთელი ფული Kreab-ში არ მიდიოდა.
„ჩვენ გვევალებოდა თანხა სხვა კომპანიებისა და კონსულტანტებისთვისაც მიგვეცა. თქვენ მკითხეთ, რამდენი მივიღეთ ჩვენ. ეს თანხა გაცილებით ნაკლებია დასახელებულ თანხასთან შედარებით.“
– ტრანზაქციები ხომ თქვენს სახელზე ხორციელდებოდა?
– Kreab-ის სახელზე, შემდგომ ჩვენ ვანაწილებდით საქართველოსთვის სასურველ კონსულტანტებზე, რომლებიც ჯგუფში შედიოდნენ და დახმარებას გვიწევდნენ.
დანელმა არ მოისურვა ამ კონსულტანტების დასახელება:
-არ არის იმის თქმის საჭიროება.
– რატომ არ რიცხავდნენ ფულს პირდაპირ იმ დანარჩენ ორგანიზაციებზე?
– მათთვის უფრო მარტივი იყო, რომ ერთი კომპანია ყოფილიყო.
– გესმით, თუ რატომ ისმება კითხვები კორუფციასთან დაკავშირებით?
– არა, ეს აბსურდია. ეს იყო დიდი პროექტი დროის პატარა მონაკვეთში, აქ ბევრი მხარე იყო ჩართული, ხოლო კლიენტი იყო სახელმწიფო. ამის საფუძველი საერთოდ არ არსებობს, ხოლო კარლ ბილდტი არ მონაწილეობდა მოლაპარაკებებში. იგი უკვე აღარ იყო ჩვენს კომპანიაში.
– ნაწილობრივ, თქვენი მისია იყო პოლიტიკური კონტაქტების ხელშეწყობა, ბილდტი კი პარალელურად პოლიტიკურ დონეზე მუშაობდა.
– იგი არ მუშაობდა პარალელურად. როდესაც იგი მთავრობის წევრი გახდა, მან ჩვენ დაგვტოვა. მას არასდროს მიუღია მონაწილეობა კლიენტთან მოლაპარაკებებში. იგი არასდროს შედიოდა რომელიმე ორგანიზაციაში, სადაც მმართველ საბჭოს სრული კონტროლი აქვს, არასდროს ჰქონია პასუხისმგებლობა რომელიმე პროექტზე.
მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „უფლებამოსილების გადაჭარბების“ ბრალდებით, რაც გულისხმობს 2007 წელს, რეჟიმის შიგნით კორუფციის წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაციების ძალადობით ჩახშობას, პოლიციის შესვლას და იმ ტელევიზიის დახურვას, რომელიც ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს ავრცელებდა. იგი ასევე ეჭვმიტანილია 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში.
წყარო: http://www.aftonbladet.se/nyheter/article19502468.ab