„აბრეშუმის ჭია“
გოჩა მიქატაძე ზოგისთვის ექსცენტრიკული მეოცნებეა, ზოგისთვის – აბრეშუმის თავგადაკლული ფანატიკოსი. ამბობენ, რომ რა თემაზეც არ უნდა დაიწყო მასთან საუბარი, ბოლოს მაინც აუცილებლად აბრეშუმს მიადგები. ალბათ, სწორედ ამის გამო მეგობრებმა მას „აბრეშუმის ჭია“ შეარქვეს.
– არ გწყინს მეტსახელი?
– არა, მხოლოდ ვიღიმები, აბრეშუმნარევი ღიმილით (იცინის). თანაც, რა არის საწყენი? ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები მილიონობით მწერისგან ადამიანმა მხოლოდ ორი ფუტკარი და აბრეშუმის ჭია მოიშინაურა. ეს უკანასკნელი თუთისთვის კი არის პარაზიტი, მაგრამ ადამიანისთვის ნამდვილი მეგობარია (იცინის).
– მომიყევი, როგორ გახდი „აბრეშუმის ჭია“?
– აბრეშუმით დაახლოებით 12-13 წლის წინ მოვიწამლე (იცინის). იმ პერიოდში საქმიანი შეხება მქონდა მეაბრეშუმეობის მუზეუმთან. აბრეშუმზე მაშინ დაახლოებით იმდენი ვიცოდი, რამდენიც ამ საკითხში ნებისმიერმა გაუთვითცნობიერებელმა ადამიანმა. მერე ნელ-ნელა დავინტერესდი და დავიწყე ამ თემაზე ლიტერატურის კითხვა. თავიდან ინტერნეტრესურსებს ვიყენებდი. რაც უფრო მეტს ვიგებდი, უფრო მაინტერესებდა, ბოლოს სამეცნიერო ლიტერატურაზე გადავედი, რომლის უიშვიათესი ეგზემპლარები აბრეშუმის მუზეუმის ბიბლიოთეკაში ინახება. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი გავიგე მეაბრეშუმეობაზე, ეს თემა ფაქტობრივად ამოუწურავია, მაგრამ ერთი კი დანამდვილებით ვიცი, ამ უძველესი და ტრადიციული დარგის აღორძინება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამარტო თითო-ოროლა მეცნიერისა თუ ენთუზიაზტისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, როგორც კულტურული ასევე ეკონომიკური კუთხით.
– ორი სიტყვით მოგვიყევი, მსუბუქი მრეწველობის გარდა, რაში გამოიყენება აბრეშუმი?
– აბრეშუმის ძაფი, მისი სიმაგრის, ელასტიკურობის და ელექტროიზოლატორული თვისებების გამო, გამოიყენება უამრავი მიზნით, მედიცინიდან დაწყებული მძიმე მრეწველობით (მანქანათმშენებლობა, თავდაცვა) დამთავრებული. თუთისგან (რომელიც აბრეშუმხვევიას ერთადერთი საკვებია) და აბრეშუმისგან დაახლოებით ასამდე სრულიად განსხვავებული პროდუქტი მზადდება. ჩამოთვლა ისე შორს წაგვიყვანს, რომ არ ღირს (იცინის).
– რამდენადაც მე ვიცი, მეაბრეშუმეობა, როგორც დარგი საქართველოში ფაქტობრივად აღარ არსებობს, მართლა ასეა?
– კი, ასეა… დარგი, რომელსაც საფუძველი წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალმა ჩაუყარა და სტრატეგიულად ითვლებოდა საუკუნეების განმავლობაში (განსაკუთრებულ აღმავლობას მე-19 საუკუნეში მიაღწია, იმ დროს დაახლოებით 200 ათასამდე ოჯახი იყო ამ საქმეში ჩართული), ფაქტობრივად, სულს ღაფავს… ამერიკულმა პეპელამ, რომელმაც ჩვენთან მუტაცია განიცადა, ფაქტობრივად განადგურების პირას მიიყვანა თუთის ხეები, მათ შორის ენდემური ჯიშები. მოკლედ ძალიან რთული მდგომარეობაა, თუმცა დარგის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება…სწორედ ამ მიზნით, ორი წლის წინ, თანამოაზრეებთან ერთად შემოვიკრიბე დარგში შემორჩენილი მეცნიერების ჯგუფი და დავაარსეთ მეაბრეშუმეობის განვითარების ფონდი. საპატრიარქოს დახმარებითა და უწმინდესის კურთხევით, გარდაბნის რაიონში შევქმენით საჯიშე-სასელექციო სადგური, რომლის ლატორატორიაშიც მეცნიერებმა გამოიყვანეს აბრეშუმის ჭიის ახალი, ჰიბრიდული ჯიში. შარშანვე, ფაქტობრივად შიშველი ენთუზიაზმით შევძელით არამარტო ხარისხიანი გრენის (ჭიის კვერცხი), არამედ საბოლოო პროდუქტის მიღება, ცხადია, ძალიან მცირე რაოდენობით, რადგან ყველაფერი საცდელი ხასიათის იყო. მომავალი წლიდან კი გვაქვს საშუალება, ჩვენი შრომის შედეგი, გრენას ვგულისხმობ, რეგიონებში, პირველ რიგში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობას, იქ შექმნილ კოოპერატივებს დავურიგოთ. მაგრამ პრობლემის გადაჭრას კომპლექსური მიდგომა სჭირდება, მეაბრეშუმეობის უძველესი დარგის აღორძინება სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური დახმარების გარეშე, ერთი მუჭა ენთუზიასტებით, უბრალოდ შეუძლებელია.
– დაინტერესება თუ არის, ან სახელმწიფოს ან მოსახლეობის მხრიდან?
– მოსახლეობის მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდია, ისინი, ვინც შარშან ჩვენს საცდელ პროექტში მიიღო მონაწილეობა, უკვე დარწმუნდნენ, რომ ეს საქმე საკმაოდ შემოსავლიანია. სახელმწიფოს რაც შეეხება, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოც დაინტერესდა ამ საკითხით, თუმცა სანამ სახელწიფოს ამ თემაზე მკაფიო სტრატეგია არ გააჩნია, რეალურ შედეგებზე ლაპარაკი ნაადრევია.
– შენზე ამბობენ რომ ბევრი იდეა და პროექტი გაქვს აბრეშუმთან დაკავშირებით, ყველა მასშტაბური, ზოგი ფანტასტიკის ზღვარზე, მართალია?
– ფანტასტიკა ოდესმე აუცილებლად იქცევა რეალობად, ამის ერთ-ერთი მაგალითი ჟიულ ვერნის წიგნებია (იცინის). ჩემი პროექტებიდან განუხორციელებელი და შეუძლებელი არც ერთი არ არის. მაგალითად, საერთაშორისო პროექტი „აბრეშუმის გზა“, რომელმაც ყველა ის ქვეყანა უნდა გააერთიანოს, რომელზეც აბრეშუმის გზა გადის. პროექტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ „ტრასეკას“ ყველა ქვეყანაში დაიწყონ აბრეშუმისგან ხალიჩის ქსოვა, მერე კი ეს ხალიჩები გაერთიანდეს და შეიქმნას მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხალიჩა, რომელიც „აბრეშუმის გზის“ სიმბოლო იქნება.
გიორგი მიქაძე