“მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფები თავიანთ გემოებს ქართულ პროდუქტს არგებდნენ, რაც კერძებს უნიკალურს ქმნიდა”- Tbilisi Gastro Week-ის ორგანიზატორი გასტრონომიულ ფესტივალს აფასებს

“მაღალი ლეგიტიმაციის შეფები, მიშლენის ვარსკვლავის მფლობელები, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ, თავიანთ გემოებს ქართულ პროდუქტს არგებდნენ, რაც ერთი მხრივ, მათ კერძებს უნიკალურს ხდიდა, ასევე ეს იყო ერთგვარი “ვორქშოპი” იმ რესტორნებისთვის, სასტუმროებისთვის, იმ გარემოსთვის, სადაც ეს ყველაფერი ხორციელდებოდა, მეორე მხრივ, თავისთვის, თავის ქვეყანაში მიჰქონდათ ის ქართული გემოები, რაც აქ აღმოაჩინეს”- ამის შესახებ გასტრონომიული ფესტივალის, Tbilisi Gastro Week-ის ორგანიზატორმა, ირაკლი ნადარეიშვილმა, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ნადარეიშვილმა რამდენიმე -დღიანი გასტრონომიული ფესტივალი შეაფასა, რომლის თემაც მდგრადი გასტრონომია იყო. მისი თქმით, საქართველოს შეუძლია, მდგრადი გასტრონომიის ავანგარდში იყოს.

“გასტროკვირეულმა წარმატებით ჩაიარა. წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ მის მიმდინარეობას საერთაშორისო მედია საკმაოდ მსუყედ აშუქებდა, ესპანურ და ფრანგულ მედიაში ანონსიც გავიდა. მაგალითად, ესპანური ძალიან დიდი პლატფორმა “გასტროპლანეტა”, ასევე სხვა, საერთაშორისო მედიასაშუალებები, რომლებიც გასტროკვირეულზე გვყავდა მოწვეული, ვახშმებს ძალიან აქტიურად აშუქებდნენ. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი თემა მდგრადი გასტრონომია იყო. მდგრადი გასტრონომია ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვის. ეს გამოწვევა მსოფლიომ პანდემიის შემდეგ აღიარა, როდესაც მიწოდების წყვეტა მოხდა არა მარტო სარესტორნო ბიზნესში, არამედ ზოგადად კვების ინდუსტრიაში. მსოფლიომ ამ ინდუსტრიის მოქმედებას გადახედა და დაინახა იმისი აუცილებლობა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ადგილობრივად ვაწარმოოთ პროდუქტები. საქართველო ძალიან კარგი ნიადაგის, კარგი მიწის, კარგი კლიმატის მქონე ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია, რომ მდგრადი გასტრონომიის ავანგარდში იყოს. ჩვენი სამზარეულო, ფაქტობრივად, ისედაც მდგრადი გასტრონომიის პრინციპებზე დგას. თუ გავიხსენებთ, მაგალითად, ჩვენს ისეთ კერძებს, როგორიც არის ფხალი, ჩვენი წინაპრები მის მომზადებაში მთლიანად მცენარეს იყენებდნენ, ასევე კუპატი, რომელშიც საქონლის სხეულის სხვადასხვა ნაწილია გამოყენებული.

მდგრადი გასტრონომია ადგილობრივი პროდუქტების, სეზონური პროდუქტების, ადგილობრივი მწარმოებლების მხარდაჭერას მოიცავს,  რაც თავისთავად გასტრონომიულ ინდუსტრიას ავითარებს, ეკონომიკაზე საკმაოდ მკაფიო გავლენას ახდენს. ჩვენ შეგვიძლია, ამ შემთხვევაში სკანდინავიის ქვეყნების მაგალითები მოვიყვანოთ, სადაც მდგრადი გასტრონომია ძალიან განვითარებულია. სარესტორნო ბიზნესს რომ შევეხოთ: როდესაც ეს ინდუსტრია ვითარდება, შემოსავლის ზრდა სადღაც 30%-ზე მეტით ხდება. ამ მიმართულებით იტალიაც განვითარებულია. როგორც გითხარით, ვფიქრობ, საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ ამ მიმართულებით ავანგარდში იყოს. ტურიზმის თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ დღეს გასტროტურიზმი უკვე ძალიან პოპულარულია, მომხმარებელი ზუსტად ავთენტიკურ სამზარეულოს ეძებს, რაც საქართველოს ნამდვილად გააჩნია. საქართველო თავის სამზარეულოთი გამოირჩევა, რა თქმა უნდა, ჩვენი სამზარეულოს ნაწილი ღვინოა, რომელიც მთელი გასტროკვირეულის განმავლობაში არაერთი მარნის სახით იყო წარმოდგენილი.

ასეთი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, გამოცდილების გაზიარებას. როდესაც ჩვენ მდგრად გასტრონომიაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაღალი ლეგიტიმაციის შეფები, მიშლენის ვარსკვლავის მფლობელები, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ, თავიანთ გემოებს ქართულ პროდუქტს არგებდნენ, რაც ერთი მხრივ, მათ კერძებს უნიკალურს ქმნიდა, ეს იყო ერთგვარი “ვორქშოპი” იმ რესტორნებისთვის სასტუმროებისთვის, იმ გარემოსთვის, სადაც ეს ყველაფერი ხორციელდებოდა, მეორე მხრივ, თავისთვის, თავის ქვეყანაში მიჰქონდათ ის ქართული გემოები, რაც აქ აღმოაჩინეს. იყენებდნენ თევზს, ხორცს, რძის პროდუქტებს, ბოსტნეულს, ხილს, ანუ ყველაფერს, რაც აქ მოიპოვება, რაც სეზონურია. შედარებები რომ გავაკეთოთ: თუ თავის ქვეყანაში პესტოს რაღაცა სხვადასხვა ადგილობრივი პროდუქტებისგან ამზადებდნენ, აქ აჯიკას იყენებდნენ. ხშირად გვხვდებოდა იმერული, ან გუდის ყველის გამოყენება, რომელიც მათი რომელიღაცა ყველის შესაბამისი, შეიძლება იყოს. გემობრივ თვისებებს ზუსტად არ იმეორებდა, მაგრამ ავთენტიკურობას ზუსტად ეს ქმნიდა. ფრანგი, ორმიშლენიანი შეფის ვახშამში, რომელიც მივირთვით, მაინც იგრძნობოდა ეს ქართული ხასიათი, რაც კერძს უნიკალურს ხდიდა, ხელს უწყობდა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას როგორც გასტრონომიული კუთხით, ისე ზოგადად. გასტრონომია არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ საზღვრებს გარეთ ქვეყნის პოპულარიზაცია მოხდეს, “- განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისი თქმით, გასტროტურიზმის კუთხით საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო უკვე საკმაოდ მაღალ პოზიციებზეა.

“ვფიქრობ, გასტრონომიის კუთხით, ჩვენთან ძალიან საინტერესო პროექტები ვითარდება. ერთ-ერთს აღნიშნავ, ესაა “მზისკარი”, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციის მიერაა განხორციელებული. ესაა პატარა, სახლის ტიპის სამზარეულოები, რამდენადაც ვიცი, ყველა რეგიონში უკვე 10-მდეა. ასეთი ტიპის პროექტი იტალიაშიცაა, მდგრადი გასტრონომიაა, ანუ სტუმრებისთვის სახლის ტიპის ვახშმების შეთავაზება ადგილობრივი პროდუქტებით ხდება. ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად, ევროპული ტიპითაა შეფუთული, ქართული ხასიათი შიგნით, რა თქმა უნდა, რჩება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ტურისტებს ძალიან უყვართ ასეთი განსაკუთრებული, ავთენტიკური სამზარეულო, მით უმეტეს, როდესაც სხვადასხვა კუთხეს ეხება. რაც შეეხება “გასტროტურიზმს”: ჩვენ თუ ვნახავთ, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო “გასტროტურიზმის” კუთხით უკვე საკმაოდ მაღალ პოზიციებზეა, მესამე, მეოთხე, მეხუთე პოზიციაზეა.

რა უნდა გაკეთდეს? ზოგადად, ტურიზმი ძალიან ფართო ცნებაა, ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იმისთვის, რომ საქართველოში გასტროტურიზმი, თუ, ზოგადად, ტურიზმი განვითარდეს, ფრენებია. არის ადვილი ფრენები, არის შედარებით უფრო ხელმისაწვდომი ფრენები, აეროპორტების გახსნა, რაც ამას ასევე ხელს შეუწყობს. პოპულარიზაციის თვალსაზრისით, ასეთი პროექტები, ფესტივალები ძალიან მნიშვნელოვანია. შეფები, ჟურნალისტები ამბობდნენ, ჩვენ ძალიან გვინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, ახლა ჩამოვედით, ჩვენს მეგობრებს მოვუყვებით და უკან აუცილებლად დავბრუნდებითო. მედიაში გაშუქება ხელს უწყობს იმას, რომ ადამიანმა დაგეგმოს, საქართველოში ჩამოვიდეს. ვფიქრობ, რომ საქართველო უკვე პოპულარულია, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მასიურ ხასიათს არ ატარებს, თუ ევროპელ მომხმარებელზე ვისაუბრებთ. მაგრამ, იმედი მაქვს, რომ მალე რიცხვები გაიზრდება.

საქართველოში ტურისტების მთავარ ინტერესს იწვევს ჩვენი უძველესი კულტურა – ქრისტიანული ცივილიზაციის აკვანი ვართ, ჩვენი ავთენტიკური სამზარეულო, ღვინო, სიმღერა. ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენი უშუალო დამოკიდებულება, ქართველების სტუმართმოყვარეობა. მათ იტაცებთ ეს კულტურა, რომელიც ძალიან თვითმყოფადია, ყველაფრისგან განსხვავდება. დღევანდელი ინდუსტრია, როგორც მომსახურების, ისე გასტრონომიული, უკვე რამდენიმე წელია ჩამოყალიბდა კონცეფციაზე, რაც მოიცავს ასეთ სლოგანს – “დაუვიწყარი გამოცდილება” , ვფიქრობ, რომ ზუსტად საქართველო აძლევს დაუვიწყარ გამოცდილებას იმ ტურისტებს, რომლებიც აქ ჩამოდიან” – განაცხადა ნადარეიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები