ბრიუგეში ანსამბლ “ბასიანის”, გორის ქალთა კამერული გუნდის და სახელმწიფო კამერული გუნდის ერთობლივი კონცერტი ჩატარდა

ქართული მრავალხმიანობის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება ევროპაში. ფესტივალ ევროპალიას ფარგლებში ბელგიის ქალაქ ბრიუგეში ანსამბლ ” ბასიანის”, გორის ქალთა კამერული გუნდის და სახელმწიფო კამერული გუნდის ერთობლივმა კონცერტმა სრული ანშლაგით და უწყვეტი აპლოდისმენტებით ჩაიარა.
კონცერტი ბელგიის შუასაუკუნეების ქალაქ ბრიუგეს პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში გაიმართა და მას პირდაპირ ეთერში გადასცემდა ბელგიური რადიომაუწყებლობა.
სპეციალურად კონცერტის პირდაპირი ეთერისთვის ქართული ფოლკლორის შესახებ ვრცელი ინტერვიუ ჩაიწერა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელთან ნანა მჟავანაძესთან.
ეს ინტერვიუ ანტრაქტის დროს საკონცერტო დარბაზშიც გაუშვეს.
საღამო გორის ქალთა გუნდმა გახსნა, შემდეგ სცენა კამერულმა გუნდა დაიკავა და ის მუსიკალური ნომრები შეასრულა, რომელიც სიქსტეს კაპელაში ისტორიულ კონცერტზე იყო წარმოდგენილი, მათ შორის ზვიად ბოლქვაძის მონაწილეობით.
გუშინდელი კონცერტი სახელმწიფო ანსამბლ ” ბასიანის” რეპერტუარით დასრულდა. მაყურებელი საკონცერტო დარბაზში ფეხზე დამდგარი დიდხანს უკრავდა ტაშს ქართულ მრავალხმიანობას.
ევროპის ერთერთი ყველაზე პრეტიჟული ფესტივალი ევროპალია 4 ოქტომბერს გაიხსნა და იანვრამდე გასტანს.
ფესტივალი საქართველოს მთავრობის და კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები