ვახტანგ კაპანაძე: თუ ბაზა დიდი იქნება, ოკუპანტის მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები მრავალჯერ გაძლიერდება აფხაზეთში – შესაბამისად, სამომავლოდ აქედან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანა გართულდება
“თუ ბაზა დიდი იქნება, ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტის მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები მრავალჯერ გაძლიერდება აფხაზეთში. შესაბამისად, სამომავლოდ აქედან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანა ძალზე გართულდება”, – ასე პასუხობს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე კითხვას – “რას ნიშნავს ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის სევასტოპოლიდან გადმოტანა”.
როგორც კაპანაძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს, სამხედრო-პოლიტიკურად სამხედრო ბაზის ახლოს არსებობა ანაკლიის მომავალ პორტთან, საფრთხის შემცველია ინვესტორების მოზიდვისთვის.
“ეს არის მძლავრი სამხედრო სისტემების საქართველოსთან ახლოს მოტანა. საბრძოლო ხომალდი რთული პლატფორმაა, რომელზეც არის როგორც სარაკეტო, ასევე საარტილერიო შეიარაღება, ასევე სადაზვერვო, რადიოლოკაციური შესაძლებლობები. ასე რომ, თუ ბაზა დიდი იქნება, ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტის მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები მრავალჯერ გაძლიერდება აფხაზეთში. შესაბამისად, სამომავლოდ აქედან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანა ძალზე გართულდება. რაც უფრო მნიშვნელოვანია, სამხედრო-პოლიტიკურად სამხედრო ბაზის ახლოს არსებობა ანაკლიის მომავალ პორტთან, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია ინვესტორების მოზიდვისთვის”, – აცხადებს კაპანაძე.
კითხვაზე – “ნიშნავს თუ არა ეს შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო გაძლიერებას?” – რესპონდენტი პასუხობს, რომ არა.
“არა. ეს არ იქნება ახალი ბაზა – არსებული ბაზის ნაწილი გადმოაქვთ მეორე წერტილში. ეს ჩვენთვისაა პოლიტიკური პრობლემა, რადგან რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძლიერდება, თორემ სამხედრო თვალსაზრისით არაფერი იცვლება. ის 700 კილომეტრი, რაც არის ოჩამჩირიდან სევასტოპოლამდე, არ იძლევა შესაძლებლობას, რომ აქ ახალი ბაზა შეიქმნას, რომელიც გააძლიერებს რუსულ შავი ზღვის ფლოტს. ოჩამჩირის ბაზას, ალბათ, უფრო ტექნიკურად გამოიყენებენ, შესავსებად, დასასვენებლად და ა.შ., მაგრამ იმის თქმა, რომ ამით რუსული შავი ზღვის ფლოტი ძლიერდება, მართებული არ იქნება. თურქეთს, რომელიც ნატოს წევრია, შავ ზღვაში გაცილებით ძლიერი სამხედრო ფლოტი ჰყავს. რუსეთს ის დანაკარგი, რაც განიცადა უკრაინასთან ომში, ჯერ არც შეუვსია. ასე რომ, ამ ბაზის არსებობა არაფერს ცვლის.
რუსეთს ხომალდების შემოყვანა აფხაზეთის სანაპიროზე აქამდეც შეეძლო. ახლა ის იცვლება, რომ მისთვის ინფრასტრუქტურა იქნება უფრო მოსახერხებელი, რასაც სჭირდება მომსახურება, დაცვა და ეს გაზრდის რუსულ სამხედრო კონტინგენტს აფხაზეთის ტერიტორიაზე, იმის გარდა, რომ საბრძოლო და სადაზვერვო შესაძლებლობითაც მნიშვნელოვნად იზრდება. ხოლო რაც შეეხება რუსეთის მზადებას გიუმრის ბაზის აქ გადმოსატანად, ამის შესახებ არაფერი ვიცი და ვერ გეტყვით, გიუმრის ბაზის საზღვაო ბაზაზე გადატანა რამდენად რელევანტური იქნება. გიუმრის ბაზის გადატანა თუ დასჭირდათ, შესაძლოა აფხაზეთში ახალი სამხედრო ბაზა გააკეთონ, მაგრამ საკითხავია, აფხაზები ამას როგორ შეხვდებიან. ასეთ შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, რუსული გავლენა შემცირდება, რადგან ეს იქნება რუსული სამხედრო ბაზების ყოფნა არა მეგობარ სახელმწიფოში, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ პრობლემებს გაგვიძლიერებს, მაგრამ იმის თქმა, რომ რუსეთი ამით თავის კავკასიაში ყოფნას გააძლიერებს, უსაფუძვლოა, მით უმეტეს, თავისთავად გიუმრის ბაზის გადატანა რუსეთს მნიშვნელოვნად დაასუსტებს როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკურად”, – განაცხადა კაპანაძემ.