შესაძლო დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვებია დაგეგმილი.
საგამოძიებო უწყებაში სერბეთის სამი მოქალაქეა დაბარებული. არსებული ინფორმაციით, ისინი ჯგუფ „კანვასის“ წევრები არიან და საქართველოში სემინარში მონაწილეობის მიზნით არიან ჩამოსული. საგამოძიებო პროცედურა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა გამოსაკითხი პირები უწყებაში ამ დრომდე არ მისულან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.