,,ვინ არის ქართველი დიზაინერი, რომელიც ლუნევილური ქარგვით უმაღლეს მოდას ქმნის”…

მუდამ ოცნებობდა დიზაინერობაზე, აღაფრთოვანებდა ბებიის ნაქარგები და თავადაც მსგავსის შექმნაზე ოცნებობდა…
ელაფერი კი შორეული წარსულიდან დაიწყო:
ჯერ სწავლა გიორგი ცაბაძის ხელოვნების სამხატვრო სასწავლებელში, ფერერის ფაკულტეტზე დაიწყო, შემდეგ, შერვაშიძის სამხატვრო სასწავლებელში, მოდის დიზაინზე ჩაირიცხა. 2009  წელს მოქანდაკეობაც შეისწავლა გიორგი ცაბაძის სასწავლებელში. MADEHEART. com-ის  ყოფილი თანამშრომელი, 2015 წელს მსოფლიო კატალოგში მოხვდა, 2016 წელს კი  ტანსაცმლის კონსტრუირება-მოდელირება  შეისწავლა.
2016  წელს საკუთარი სტუდია NINO NADIRASHVILI Design Studio ჩამოაყალიბა.
აქედან მოყოლებული,  არაერთი წარმატებული პროექტის ავტორია. ამბობს, რომ ეს წარმატება არის მათი გუნდის ჯგუფურად მუშაობის დიდი შედეგი.
2016-2017 წლებში მან საქართველოში პირველმა გახადა საჯარო ლუნევილური ქარგვის ხელოვნება. „სწორედ ეს იყო  ჩემი წარმატების მთავარი ათვლის წერტილი“. – ნინო ნადირაშვილის პერსონა.

– ბავშვობაში კარგად ვხატავდი, ვფიქრობდი, ჩემი ოცნება იყო, დიზაინერი გამოვსულიყავი, ჩემთვის იმ წლებში ყველაზე საინტერესო იყო, როდესაც ვხედავდი, რა საოცარ ტანსაცმელს ქმნიდა ბებია  ლუნევილური ნაქარგებით. ეს ყველაფერი ახლაც თვალწინ მიდგას.
ვუყურებდი, როგორ იქმნებოდა ჩემ თვალწინ ზღაპრული ტანსაცმელი, ულამაზესი ლუნევილური ნაქარგობებით.
– გიორგი ცაბაძის ხელოვნების სამხატვრო სასწავლებლის ფერერის ფაკულტეტზე სწავლობდით, სადაც შეისწავლეთ მოქანდაკეობა…
– 2009 წელს სწავლა დავიწყე გიორგი ცაბაძის ხელოვნების სამხატვრო სასწავლებელში. 4 წელი ვსწავლობდი არა მარტო მოქანდაკეობას, არამედ – ფერწერას, გრაფიკას და ყველაფერს, რაც ხელოვანს ცოდნის ამაღლებაში ეხმარებოდა. კარგად მახსენდება ის პერიოდი.
– ალექსანდრე შერვაშიძის სამხატვრო სასწავლებელი მოდის დიზაინის განხრით დაამთავრეთ… რატომ გადაწყვიტეთ მოდის დიზაინზე სწავლაც?
– ალექსანდრე შერვაშიძის სამხატვრო სასწავლებელში  ხატვა-მოდელირების ფაკულტეტზე ჩავაბარე, სადაც მოდის დიზაინს ვსწავლობდი… ჩემმა აკადემიკოსმა ლექტორებმა უდიდესი ცოდნა გადმომცეს, რის გამოც ყოველთვის მადლიერი ვიქნები, მახსოვს, იმ წლებში უამრავ ჯგუფურ გამოფენაში ვმონაწილეობდი.
მოდის დიზაინზე სწავლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება. ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში მოდის ილუსტრაციებს ვხატავდი. სწორედ ამან განაპირობა ეს ყველაფერი.
სწორედ აქედან დაიწყო 2000 წელს  ჩემი მიზნების განვითარება, რამაც უდიდესი სტიმული მომცა ამ სფეროსკენ მიმავალ გზაზე.
2015 წელს, როგორც MADEHEART.com-ის თანამშრომელი, მოხვდით მსოფლიო კატალოგში…
– 2015 წელს, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, მოვხვდი MADEHERAT-ის მსოფლიო კატალოგში.
ერთ მშვენიერ დღეს ამ კატალოგის შესახებ ჩემმა მეგობარმა მარიმ მითხრა, მომიყვა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართებოდა კონკურსი, სადაც 500 ნომინაციისთვის არჩევდნენ დიზაინერებს, ფერმწერებს სხვადასხვა ნომინაციისთვის.
მათ ელფოსტაზე გავგზავნე ჩემი შემოქმედება და ინფორმაცია. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ პასუხი მივიღე ელფოსტაზე, სადაც დამამტკიცეს თანამშრომლად. მე მერგო სამკაულების ნომინაცია. მახსოვს, ერთწლიან კონტრაქტზე ხელიც მოვაწერე. ასე გაიყიდა ჩემი 1500 სამკაული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იმ პერიოდში ძალიან ბევრი შეკვეთა მქონდა, თუმცა ყველაზე საინტერესო და დიდი წარმატება მერე დაიწყო და გაგრძელდა. ორი სახის წარმატება არსებობს, ერთია დროებითი, ხოლო მეორე – მუდმივი, იმისთვის, რომ ჩვენი წარმატება დროებითი არ იყოს,  საჭიროა, წარმატება მუდმივად კვებო.  სწორედ ეს იყო და არის ჩემი მიზანი, რაზედაც მე ყოველდღიურად მუდმივად ვშრომობ, სწორედ გეგმურად და მიზანმიმართულად. მიზანი მართლაც ამართლებს საშუალებას.
– ტანსაცმლის კონსტრუირება – მოდელირების შესწავლის შემდეგ საკუთარი სტუდია – NINO NADIRASHVILI Design Studio შექმენით… გვიამბეთ თქვენს სტუდიაზე, გუნდზე, მიზნებზე…
– მას შემდეგ, რაც ტანსაცმლის კონსტრუირებისა და მოდელირების სასწავლებელიც დავამთავრე, 2016 წელს, გადავწყვიტე, საკუთარი სტუდიის NINO NADIRASHVILI Design Studio-ს დაარსებაც. ეს ხდება 2016-2017 წლებში. ჩემი ბიზნესის განვითარება დაიწყო სრულიად ნულიდან. დაუჯერებელია, მაგრამ ეს ფაქტია. იმ წლებში ვხედავდი, არსებულ ბაზარზე მოთხოვნადი კურსები არსად არ იყო საქართველოს მასშტაბით. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი აუდიტორიისთვის შემეთავაზებინა ისეთი რამ, რაც არავის ჰქონდა. პირველი სასწავლო პროექტი, რომელიც განვახორციელე,   იყო „ლუნევილური ქარგვის კურსები”.
როდესაც სოციალურ ქსელში დავწერე, მახსოვს ნახვების რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა. არასოდეს დამავიწყდება, როგორ აფეთქდა სოციალური ქსელი. მოკლედ რომ ვთქვათ, ლუნევილური ქარგვის ხელოვნებამ სერიოზული გაოცება და აღფრთოვანება გამოიწვია ხალხში. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ბიზნესის განვითარება. ვიქირავე სტუდია, სადაც დავიწყე აქტიურად მუშაობა. ერთ წელში ბიზნესი ფეხზე დავაყენე. 2018 წელს დავიწყე ახალ პროექტზე  – „ტანსაცმლის კონსტრუირება – მოდელირება”, მუშაობა, სადაც შევასწავლით ყველაფერს მოდის დიზაინში.
2019 წელს დავიწყე ხელნაკეთი აქსესუარების კურსების პროგრამაზე მუშაობა, რამაც დიდი ბუმი გამოიწვია სოციალურ ქსელში.
2020 წელს დავიწყე ახალ პროექტზე მუშაობა – ტანსაცმლის ქსოვა და არტტექსტილი.
2021 წელს მე და ჩემმა თანამშრომელმა გადავწყვიტეთ, პროგრამისთვის მოზაიკური ქსოვის ტექნიკა დაგვემატებინა  და შევქმენით ახალი პროგრამა. 2022 წლიდან მოყოლებული ამ დრომდე მოზაიკური ჩანთების ხაზმა სერიოზული ბუმი გამოიწვია სოციალურ ქსელში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მახსოვს, ჩემმა თანამშრომელმა თეონა ბედოშვილმა ულამაზესი მოზაიკური აქსესუარები მაჩვენა, რომლებსაც თავად ქმნიდა. მისმა ნამუშევრებმა იმხელა შთაგონება მომცა, რომ გადავწყვიტე, სასწავლო პროგრამა გაგვეკეთებინა და მიზანმაც გაამართლა.
მიხარია, რომ ყოველი ჩვენი ჩანაფიქრი ასეთი პოპულარული გახდა, რადგან მსგავსი ნაკეთობები მართლა არავისზე არასოდეს მენახა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, მოზაიკური ქსოვის ხაზი აქსესუარების განხრით სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა.
უამრავ საინტერესო და მრავალფეროვან სწავლებას ვთავაზობთ დაინტერესებულებს მოდის სფეროში, რაც ძალიან დიდ აღფრთოვანებას იწვევს ხალხში.
არაერთი წარმატებული პროექტის ავტორი ხართ. რომელ პროექტს და პროგრამას გამოარჩევდით?
– ჩემი პირველი პროექტის სასწავლო პროგრამა ლუნევილური ქარგვა იყო, რომელსაც განსაკუთრებით გამოვარჩევდი, ასევე მოზაიკური ქსოვის ტექნიკას, ტანსაცმლის კონსტრუირება-მოდელირებას და ხელნაკეთი აქსესუარების პროგრამებს გამოვარჩევდი.
– ლუნევილური ქარგვის ხელოვნება –  საქართველოში პირველმა გახადეთ საჯარო. რატომ დაინტერესდით ქარვის ამ სახეობით? რით არის მიმზიდველი?
–  2016-2017 წლებში ქარგვის ეს ხელოვნება პირველმა გავხადე საჯარო სოციალურ ქსელში.
ახლა კი მინდა საინტერესო ისტორია მოგიყვეთ:
Lunéville embroidery, იგივე ლუნევილური ქარგვა – ეს არის ზოგადი ტერმინი, რომელიც აღნიშნავს სხვადასხვა ტიპის ტამბურული ხელოვნების მრავალფეროვან სახეობებს, რომლებიც წარმოიშვა Lunéville-ში, საფრანგეთში (ლორენია, საფრანგეთი), სადაც მე-18 საუკუნის ბოლოს დაარსდა.
1810 წლისთვის მათ გამოიგონეს ლუნევილური ტექნიკა, რომელიც თხელი ტილოს ქსოვილზე კეთდებოდა, ძალიან წვრილი ტულის ქსოვილის გამოყენებით, რომელიც გაფორმებული იყო ჯაჭვის კერვებით. Loonville  შეიძლება კლასიფიცირდება, როგორც ჯაჭვური ნაქარგობა არტტექსტილში, მრავალფეროვანი მაქმანებით.
1865 წელს ადგილობრივმა სამკერვალო კომპანიამ, ლუის-ბონეჩო ფერიმ დაიწყო თავისი ნამუშევრისთვის მარგალიტების და მძივების დამატება, ოქროსფერი ჯაჭვური კოჭის გამოყენებით (ამ შემთხვევაში სახელად Lunéville hook). ინოვაციამ გამოიწვია ლუნევილის მუშაობის ბუმი, რადგან ფრანგულ მოდას სულ უფრო მეტად სჭირდებოდა ტანსაცმელი და მარგალიტის საფარი. ეს ტენდენცია სწრაფად გავრცელდა ევროპის სხვა რეგიონებში. მეოცე საუკუნის პირველი და მეორე მსოფლიო ომების მოდის ცვლილებამ გამოიწვია ლუნვილის ნაქარგების პოპულარობის შემცირება და ბევრი სამკერვალო კომპანია გაქრა.
1950-იანი წლების ეკონომიკურმა ცვლილებებმა ახალი შესაძლებლობები მოიტანა, რადგან მარჯნის ჩანთები კვლავ პოპულარული გახდა. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მოდური გახდა haute couture ტანსაცმელი და ამ ქმნილებებიდან ბევრი იყო და დღესაც მზადდება Lunéville-ში.
ლუნევილური – ეს არის ყველაზე მაღალი დონის ტექნიკა ტექნიკებს შორის და იგი  დღემდე მაღალი მოდის შემადგენელ მთავარ კომპონენტად ითვლება.
ბებიის ნასწავლმა ხელოვნებამ საშუალება მომცა, ეს საქმე საქართველოში გამეხადა პოპულარული და ყველაზე მოთხოვნადი. მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი ქალები ძალიან ნიჭიერები აღმოჩნდნენ.
– დახვეწილ და გემოვნებიან ნამუშევრებს ქმნით. რა მასალას იყენებთ და როგორ იქმნება თითოეული ნაქარგი?
– ჩემი მასალა შედგება ბისერების, კრისტალების, მეტალების, ოქრომკედის და სხვა მრავალი და მნიშვნელოვანი დეტალებისგან.
თითოეულ კოლექციას, რომელსაც ვქმნი, სჭირდება დრო. ყველაფერი დამოკიდებულია, როგორია პროექტი, კონკრეტული მოდელის როგორ  სირთულესთან გვაქვს საქმე.
პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის მოდის ილუსტრაცია. ჯერ ვხატავ ესკიზს, შემდეგ – აღწერას, რა ქსოვილებისგან შედგება ტანსაცმელი. ამის შემდგომ იხატება ორნამენტის კომპოზიცია, ინდივიდუალური მხარეებით, ვადგენთ ფერების პალიტრას, ამის შემდგომ კონსტრუიორი იწყებს ტანსაცმლის კონსტრუირება- მოდელირებას. მკერავი კი იწყებს ტანსაცმლის ტექნიკურ დამუშავებას.
დეკორატორ-გამფორმებელი იწყებს ტანსაცმლის არტტექსტილის დამუშავებას ლუნევილში, რომელსაც ტანსაცმლის დეკორაცია ეწოდება. შემდეგ კი მე და ჩემი გუნდი განვიხილავთ საბოლოოდ დასრულებული ნაწარმის განხილვას.
ჩემი თანამშრომლები ჩემი მოდის სახლის მთავარი ბრენდინგები არიან, რომლებიც უდიდეს საქმეს აკეთებენ. ისინი ჩემთან ერთად იზრდებიან ყოველდღიურად და ყოველწლიურად, რადგან ჩემი გუნდი  უძვირფასესია ჩემთვის. ის  ნამდვილი პროფესიონალი გუნდია.
– შთაგონებას რა გაძლევთ?
– შთაგონებას ყოველთვის მაძლევს რაიმე ისტორიული წიგნი, მოთხრობა, ფილმები, ადამიანები და ბავშვები. ასევე ბუნება, რომელიც უდიდეს ძალასა და ენერგიას მმატებს.
– მოგვიყევით რომელიმე ნამუშევრის შექმნის საინტერესო ამბავი…
– სტუდენტობის პერიოდიდან მახსენდება ერთი ამბავი, ერთ-ერთი ნამუშევარი, „ჯოკონდა” შევქმენი ჩემი ტანსაცმლისთვის, რომლის უკანა, ზურგის მხარე, გავაფორმე ჯოკონდას ნაქარგით…
ერთ მშვენიერ დღეს, ქალაქში მიმავალი, მახსოვს, ერთმა ქალბატონმა გამაჩერა და მკითხა, სად შევიძინე  ტანსაცმელი, რომელზედაც  ჯოკონდა იყო გამოსახული.
შემდეგ მან შემომთავაზა გერმანულ მსოფლიო კატალოგში მონაწილეობის მიღება. მაშინ ბავშვიც ვიყავი და სოციალური აქტივობების დიდად არაფერი გამეგებოდა. ასე უცნაურად გავყიდე ჩემი პიჯაკი, სახელად „ჯოკონდა” . სიმართლე გითხრათ, დღემდე კარგად მახსენდება ეს ამბავი, თავისი უცნაურობით. ასეთივე უცნაურია ჯოკონდაც.
– ხშირად აქვეყნებთ თქვენს ნაფიქრს ხელოვნებაზე…. და მაინც, რა არის წარმატების საიდუმლო?
– წარმატების მთავარი საიდუმლო არის მიზანი, რომლის ფორმულირებაც სწორად უნდა შეგეძლოს.
ესენია:
შენ! თუ გინდა, რამეს მიაღწიო, განთავისუფლდი უარყოფითი აზრებისგან და იფიქრე იმაზე,ბრაც ნამდვილად მთელი გულით გსურს.
მთავარია, შეგეძლოს აზრების სწორი ფორმულირება, რასაც მიზანი ჰქვია,
იშრომო სწორად, იფიქრო კონსერვატორულად, გეყოს ნებისყოფა და რაც მთავარია, გქონდეს ენთუზიაზმი.
ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, როგორი ფიქრებიც გვაქვს, სწორედ ისეთივე ჩვენი ცხოვრება.
ყოველ დღე საკუთარ ქვეცნობიერს დადებითად გაჯერებულ  აზრებს ვაწვდი.  რაც მეტი დრო გადის, მით მეტად ვხვდები, რომ შეუძლებელი არაფერია.
– მოსწავლეები გყავთ… ბევრია დაინტერესებული ლუნევილური ქარგვით?
– ძალიან ბევრი მოსწავლე მყავს 7 წლის მანძილზე უამრავი ქალბატონმა გაიარა ჩემს ხელში და დახელოვნდა მახსოვს საზღვარგარეთიდან სპეციალურად ჩემი კურსებისთვის ჩამოდიოდნენ პანდემიამდე რიგით მე-15 ემიგრანტი დავახელოვნე ამ საქმეში, ხოლო როდესაც პანდემია დაიწყო, დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი, მაშინ ქირით მქინდა აღებული სახელოსნო. ხომ ხვდებით, რამხელა სტრესი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. მაინც არ გავჩერდი და ერთი თვეც არ დამჭირდა, რომ შევადგინე ონლაინკურსების სასწავლო პროგრამა. აი, მაშინ კი ამერიკიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, ირლანდიიდან და ასევე გერმანიიდან უამრავი ემიგრანტი შემოუერთდა ონლაინსწავლებას, რომელიც დღემდე აქტიურობას არ კარგავს.
ყველას უდიდესი მადლობა უნდა გადავუხადო, რადგან იმ პერიოდში სტრესი მათ მომიხსნეს. სწორედ იმ პერიოდში ვიყიდე სტუდია ჩემს საოცნებო პლეხანოვზე. დღეს კი ყველაფერი მაქვს, რაც მინდა. ვფიქრობ,  ყველაზე დიდ და რთულ ამოცანას გავართვი თავი.
– ბევრს მოსწონს თქვენი ნაქარგები… გიკვეთენ. თუ შეიძლება ხელოვნებისგან მიღებული შემოსავალი გასწვდეს ჩვენს სურვილებს?
–  მოსწავლეების გარდა  უამრავი დამკვეთი მყავს. ახლა უკვე იმ ეტაპზე ვარ, როდესაც მინდა, რომ შევქმნა ულამაზესი სადედოფლო ტანსაცმელი. მსურს ახლა უკვე ტანსაცმლის ხაზით  გავხადო უფრო ცნობადი ნინო ნადირაშვილის ბრენდი.
მაქვს ძალიან საინტერესო და პერსპექტიული გეგმები, რომლებიც, ზუსტად ვიცი, რომ გაამართლებს, როგორც მიზნად დავისახე.
– ჰობი…
– ჩემი ჰობია – ფოტოგრაფია, ხატვა, ქარგვა. პრინციპში ეს ჰობი იყო,  დღესდღეობით კი  უკვე ჩემი პროფესიაა.
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე და ორი შვილი – ნიკოლოზ და მარიამი კბილაშვილები.
– გამოფენები… გეგმები… ოცნება?
– ახლო მომავალში ვგეგმავ გრანდიოზული მოდების ჩვენებას. ეს თემა ჩემთვის უკვე ერთი დიდი პროექტია, სადაც ასევე იქნება გამოფენაც.
ჩემი ოცნება? რადგან მთელი ეს სტატია მოდაზე საუბრებზეა აგებული, აქვე ჩემს ერთ-ერთ ოცნებას გეტყვით –  ჩემი ოცნებაა, მომავალში მქონდეს დიდი მაღაზია, სადაც საკუთარ ექსკლუზიურ ტანსაცმელს გამოვფენ.

                                                                     

                                                                                                                                     თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები