ცოცხლად დამარხულები – ისტორია ბავშვებით სავსე სკოლის ავტობუსის გატაცებაზე
ვერ ვიტყვით, რომ აშშ-ში ადამიანებს იშვიათად იტაცებენ, მაგრამ 25 ბავშვი და ზრდასრული, თანაც სკოლის ავტობუსთან ერთად…
1976 წლის ივნისში კალიფორნიაში მთელი ავტობუსი მძღოლთან და ბავშვებთან ერთად გაუჩინარდა. საბედნიეროდ, ამ ამბავს ბედნიერი დასასრული აქვს, მაგრამ მხსნელად მათ არავინ მოვლენია – ბავშვებს თავად მოუწიათ მოქმედება.
1976 წლის ზაფხულის ერთ დღეს, Dairyland-ის სასკოლო ავტობუსის მძღოლმა მანქანაში 25 ბავშვი ჩაისვა და მათ სკოლაში წაყვანას აპირებდა. თუმცა, როგორც კი ავტობუსმა მოძრაობა დაიწყო, გზა ორმა თეთრმა ფურგონმა გადაკეტა.
ავტობუსში ორი შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. იარაღით იმუქრებოდნენ, მძღოლს ჩანთა თავზე ჩამოაცვეს და მანქანის უკანა მხარეს გადაიყვანეს. ამის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი საჭეს მიუჯდა და სკოლის ავტობუსი უახლოესი ტყისკენ წაიყვანა. ტყის გზაზე ავტობუსი გაჩერდა. მგზავრები და მძღოლი გადაიყვანეს ორ დიდ უფანჯრო ფურგონში, რომელიც მაშინვე დაიძრა ადგილიდან. მოგზაურობა 11 საათს გაგრძელდა და გვიან ღამით უდაბნოში დასრულდა.
მოგვიანებით, ბავშვებმა გაიხსენეს, რომ მიწაში რაღაც ხვრელი აჩვენეს და სათითაოდ შესვლა უბრძანეს. ბოლოს ავტობუსის მძღოლი შეუშვეს და მის უკან ლითონის ლუქი დაიხურა. ამის შემდეგ ლითონზე მიწის დაწყრის ხმა ისმოდა. გატაცებულები მიხვდნენ, რომ ცოცხლად დამარხეს.
ეს გახლდათ მიწაში ჩაფლული ფურგონი, რომლის კედლები და ჭერი გამაგრებული იყო. შიგნით გამტაცებლებს ყუთები და ლეიბები დაეწყოთ, რომლებიც მძევლებს მოსასვენებლად უნდა გამოეყენებინათ. იმპროვიზებულ მიწისქვეშა ბუნკერს ვენტილაციაც ჰქონდა, ვინაიდან გატაცებულებს ჰაერის ნაკლებობა არ უგრძნიათ.
ამ დროს ქალაქი ჩაუჩილა, შემდეგ კი, მთელი კალიფორნია ფეხზე იყო. პოლიციამ, რეინჯერებმა და ბავშვების მშობლებმა სწრაფად შეკრეს სამძებრო ჯგუფები და მალევე აღმოაჩინეს ჭაობში მიტოვებული ავტობუსი. აქ ბილიკი დასრულდა და პოლიციამ, უბრალოდ, მხრები აიჩეჩა. ამასობაში მიწისქვეშა ბუნკერში გაქცევის გეგმას ამუშავებდნენ.
სკოლის მოსწავლეებმა და მძღოლმა ყველა ლეიბი და ყუთი ერთმანეთზე დააწყეს, შემდეგ კი, ჯოხით ჭერის ლუქის ამოგდება შეძლეს. 28-საათიანი პატიმრობის შემდეგ ყველა გატაცებული გაათავისუფლეს. აღმოჩნდა, რომ ისინი რაღაც კარიერთან იყვნენ და მალევე მოახერხეს დაცვის ჯიხურის მოძებნა. იქიდან პოლიცია გამოიძახეს. შტატის პოლიციას მალევე მისცა ჩვენება 25 სკოლის მოსწავლემ და ერთმა ზრდასრულმა.
თავდამსხმელები ძალიან სწრაფად იპოვეს. პოლიცია მაშინვე მიხვდა, რომ მოქმედ კარიერთან მთელი ფურგონის ყურადღების მიქცევის გარეშე დამარხვა მხოლოდ მასთან უშუალო კავშირში მყოფ ადამიანებს შეეძლოთ.
ასეც მოხდა – ქურდების ლიდერი სამთო საწარმოს მფლობელის, ფრედერიკ ვუდსის ვაჟი აღმოჩნდა. მას მეგობრები დაეხმარნენ – ძმები რიჩარდ და ჯეიმს შენფელდები. მთელ ამ ამბავში ერთადერთი გაუგებარი ის იყო, რატომ გახდა საჭირო ბავშვების გატაცება? გამოსასყიდისთვის? თუმცა, გამტაცებლებს არანაირი პირობა არ წრაუყენებიათ.
ახსნა მარტივი აღმოჩნდა – ბოროტმოქმედებს ხელისუფლებისგან 5 მილიონი დოლარის გამოსასყიდის მოთხოვნა სურდათ, მაგრამ… ვერ შეძლეს. მათ სატელეფონო ზარი უნდა განეხორციელებინათ შტატის გუბერნატორის ოფისში, გამოსასყიდის მოთხოვნით, მაგრამ, ყველა სატელეფონო ხაზი, გატაცებული ბავშვების მშობლების, პოლიციისა და ჟურნალისტების გამო, გადატვირთული იყო.
რამდენიმე საათის განმავლობაში სხვადასხვა ნომრის აკრეფის შემდეგ, გამტაცებლები დაიღალნენ და დასაძინებლად წავიდნენ. დილით კი, როცა გაიღვიძეს, ტელევიზორში ნახეს სიუჟეტი ჩაუჩილადან ბავშვების გადარჩენის შესახებ.
მალე პოლიცია ძმები შონფელდების სახლში შეიჭრა, დაპატიმრების ორდერით. ვუდსმა კანადაში გაქცევა მოახერხა, მაგრამ იქაც დაიჭირეს. ძმებს დიდი ვადით პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო ლიდერს, ფრედერიკ ვუდსს – სამუდამო პატიმრობა. ის ახლაც სასჯელს იხდის. საინტერესო ის არის, რომ გამტაცებლები ახალგაზრდები და მდიდრები იყვნენ. ფრედერიკ ვუდსმა, მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრემ, სასჯელის მოხდის დროს სამჯერ მოახერხა დაქორწინება და განქორწინება. ციხეში ყოფნისას მან იყიდა მდიდრული სასახლე ოკეანის პირას, რომელშიც გათავისუფლების შემდეგ აპირებს ცხოვრებას.
თუმცა, უვადო თავისუფლების აღკვეთის შერბილების საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. 70 წლის ვუდსის ახლობლებმა გატაცების მსხვერპლებს სოლიდური კომპენსაცია გადაუხადეს, მაგრამ მათ არ სურთ პატიება. 2012 წელს მსხვერპლმა, ჯენიფერ ბრაუნ ჰაიდმა მისცა ინტერვიუ, რომელშიც მან თქვა, რომ კვლავ გრძნობს ამ ინციდენტის შედეგებს:
„ცოცხლად დამმარხეს და ბავშვობა მომპარეს, რაც დღემდე უზარმაზარ ემოციურ ტკივილს იწვევს. მათ გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე, ჩემი მშობლების ცხოვრებაზე და ჩემი შვილების ცხოვრებაზეც. ჩემთვის ეს დაკავშირებულია სხვა ადამიანების მიმართ სიძულვილთან და გაბრაზებასთან. ეს არის ბრძოლა, რომელსაც 40 წლის შემდეგ კვლავ ვუმკლავდები“.
ავტობუსის მძღოლი ფრენკ რეი 2012 წელს გარდაიცვალა. იმავე წელს დაზარალებულებმა ახალი პრეტენზიები წამოაყენეს, სარეაბილიტაციო თერაპიისთვის ფული მოითხოვეს. დღემდე ყველა პრეტენზია ფრედერიკ ვუდსის მიმართაა წაყენებული, რომელიც გისოსებს მიღმა ზის და 100-მილიონიან ქონებას აკონტროლებს.