გატაცება, ცხოვრება მაიმუნებთან, გაქცევა და ბენდიერი დასასრული – მარინა ჩეპმენის საოცარი ისტორია
მარინა ჩეპმენის ისტორია საგრძნობლად განსხვავდება „მაუგლი ბავშვების“ სხვა ცხოვრებისეული ისტორიებისგან. ხალხთან დაბრუნების შემდეგ იგი არა მხოლოდ სწრაფად ადაპტირდა, არამედ შეძლო ჩვეულებრივი ადამიანივით ცხოვრება. გარდა ამისა, მან დაწერა წიგნი „უსახელო გოგონა“, სადაც დეტალურად აღწერა თავისი თავგადასავალი ჯუნგლებში.
მარინა ჩეპმენის დაბადების ზუსტი თარიღი და წარმოშობა უცნობია. იგი დაიბადა, დაახლოებით, 1950 წელს და მისი მშობლები, სავარაუდოდ, ბრიტანელები იყვნენ, რომლებიც კოლუმბიაში ცხოვრობდნენ. მარინას ძალიან ცოტა რამ ახსოვს თავისი ცხოვრების შესახებ, სანამ კაპუცინების (მაიმუნების ნაირსახეობა) ფარას შეხვდებოდა. 5 წლის ასაკში ის საკუთარი სახლის ეზოში თამაშობდა და ორმა უცნობმა პირმა გაიტაცა.
„დავინახე შავი ხელი, რომელმაც პირზე ცხვირსახოცი ამაფარა. მერე მივხვდი, რომ ორ ადამიანს მივყავდი. უკანა ბავშვები იყვნენ და მათი ტირილი მესმოდა“.
სავარაუდოდ, ქსოვილი გაჟღენთილი იყო ქლოროფორმით, რადგან მარინამ თითქმის მაშინვე დაკარგა გონება. გამტაცებლები ძალიან უცნაურად იქცეოდნენ. მათ გოგონა შორს წაიყვანეს ჯუნგლებში და იქ მარტო დატოვეს. როცა გაიღვიძა, ირგვლივ ტროპიკული ტყე დაინახა, გზებისა და ბილიკების გარეშე. ბავშვი სახლისკენ მიმავალი გზის პოვნას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
მარინა მრავალი საათის განმავლობაში დადიოდა ჯუნგლებში, სანამ მისი კაბა ნაფლეთებად არ გადაიქცა. მას გაუმართლა, რომ გზაზე არც მტაცებელი და არც შხამიანი გველი შეხვედრია. საბოლოოდ, გოგონა კაპუცინების მფლობელობაში არსებულ მინდორზე გამოვიდა. გარეულ ცხოველებს არ გამოუვლენიათ აგრესია, ამიტომაც მარინამ გადაწყვიტა, მათთან ახლოს დასახლებულიყო და გადარჩენას დალოდებოდა.
მოგვიანებით, მან გაიხსენა, რომ კაპუცინები ადამიანებივით იყვნენ და თავს ნაკლებად მარტოდ გრძნობდა. უბედურ გოგონას ძალიან უნდოდა მათთან ერთად ცხოვრება და თამაში, მაგრამ პრიმატები მეზობელს ყურადღებას არ აქცევდნენ. პირველი კონტაქტი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა, შემთხვევით მოხდა. გოგონამ თამარინდი შეჭამა და მძიმედ მოიწამლა.
მუცლის ტკივილისგან ცახცახებდა და დარწმუნებული იყო, რომ მოკვდებოდა. მოხუცი მაიმუნი მიუახლოვდა და აიძულა, გაჰყოლოდა. მან მარინა წარმოუდგენლად ჭუჭყიან წყლის გუბესთან მიიყვანა და მიახვედრა, რომ ის უნდა დაელია. ბავშვი ასეც მოიქცა, რის შემდეგაც ძლიერი ღებინება დაეწყო. ეს ყველაფერი გამოჯანმრთელებით დასრულდა და მას შემდეგ გოგონამ ამ მაიმუნს „ბაბუა“ უწოდა.
სასწაულებრივი განკურნების შემდეგ კაპუცინებმა შეცვალეს დამოკიდებულება ადამიანის ნაშიერის მიმართ. ცხოველებმა ბავშვს ნება დართეს, რომ მათთან ყოფილიყო – კვებავდნენ და პატარა მაიმუნებთან ათამაშებდნენ. ძალიან მალე მარინამ ცხოველების მრავალი ჩვევა მიიღო. მან ისწავლა ხეებზე ასვლა, საკვების მოპოვება და დაიწყო მათი გამოცემული ხმების გაგება.
მარინას მოსწონდა მაიმუნებთან ცხოვრება, მაგრამ ამავე დროს სურდა ხალხთან დაბრუნება. ხანდახან ხედავდა მონადირეებს ტყეში, მაგრამ ფარასთან ერთად შორდებოდა მათ. ერთ დღეს ის მონადირეებს მიუახლოვდა. მონადირეები „დაეხმარნენ“ ბავშვს, მაგრამ წაიყვანეს არა სახლში, არამედ ქალაქ კუკუტაში მდებარე რომელიღაც ბორდელში.
იქ ათი წლის გოგონა მონად აქციეს. მას სახელი გლორია დაარქვეს და იძულებული გახადეს, დაესუფთავებინა, ეზიდა სიმძიმეები და სამზარეულოში დამხმარედ ემუშავა. მარინამ გაუძლო ამ ყველაფერს, თუმცა ძალიან ეშინოდა, რომ ერთ დღესაც კლიენტებთან დაწოლას აიძულებდნენ. როდესაც მიხვდა, რომ ამის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა, დაწესებულებიდან გაიქცა და ქუჩაში დაიწყო ცხოვრება.
გოგონა შეუერთდა ქუჩის ბავშვების ჯგუფს, რომლებმაც მას მეტსახელი Pony Malta შეარქვეს. ახალ ნაცნობებთან ერთად ის ღამეებს ათენებდა ეზოებსა და ნაგავსაყრელებზე, ასევე ქურდობით იყო დაკავებული. ჭკვიანმა და მამაცმა მარინამ სწრაფად მოიპოვა ავტორიტეტი უსახლკაროებს შორის. მან შეიმუშავა საკუთარი ტაქტიკა ქუჩის ქურდობისთვის, რამაც საშუალება მისცა, დაუფლებოდა სხვის ქონებას ყოველგვარი რისკის გარეშე.
მარინა ქუჩაში მინი კაბებში გამოწყობილ ქალებს ეძებდა, ოთხზე მიუღოღდებოდა და ტრუსებს ჩახდიდა. ის დაზარალებულთა დაბნეულობით სარგებლობდა, ჩანთას გამოსტაცებდა და გარბოდა. ხანდახან აედევნებოდნენ ხოლმე, მაგრამ პოლიციაც კი უძლური იყო, რადგან მარინა, ფაქტობრივად, ხეებზე დაფრინავდა. ვერავის შეეძლო მისი იქიდან ჩამოყვანა.
საბედნიეროდ, მისი დანაშაულებრივი ცხოვრება მანამდე დასრულდა, სანამ არასრულწლოვანთა კოლონიაში მოხვდებოდა. უფროსმა მეგობარმა ურჩია, დაეტოვებინა ქუჩის ცხოვრება და ეცადა, რომელიმე ოჯახში მოსამსახურედ დასაქმებულიყო. მალე მარინამ იპოვა ადამიანები, რომლებიც მის სახლში შეშვებას დათანხმდნენ. გოგონას როსალბა დაარქვეს და თავიდან ძალიან კარგადაც ექცეოდნენ, მაგრამ მალე გაირკვა, რომ კეთილი და მდიდარი წყვილი კრიმინალურ სამყაროსთან იყო დაკავშირებული.
მარინას მათი დატოვება რომ მოენდომებინა, არ გაუშვებდნენ. 14 წლის მოახლეს ღამით გაქცევა მოუწია. ამში მეზობელი, მრავალშვილიანი ქალი მარუჯა დაეხმარა. მან დაარწმუნა მარინა, რომ ქალაქში დარჩენა მისთვის სახიფათო იყო. მარუჯამ მოახერხა მარინას გადაყვანა ბოგოტაში, სადაც მისი უფროსი შვილები ცხოვრობდნენ.
მარუჯას ქალიშვილის, მარიას ოჯახში მისვლისას, მარინამ მრავალი წლის განმავლობაში პირველად მიიღო საჩუქარი. მას აჩუქეს ყუთი, რომელშიც ლურჯი ატლასის კაბა, წინდები და თეთრი ფეხსაცმელი იყო. 14 წლის ასაკში მარიამ იშვილა იგი და „მაუგლი გოგონას“ უბედურება შეწყდა. მისმა ახალმა დედამ ის გაგზავნა დიდ ბრიტანეთში, ტექსტილის შესასწავლად, საკუთარ შვილებთან ერთად.
ინგლისში მარინა თავის მომავალ მეუღლეს, ჯონ ჩეპმენს შეხვდა. ეს მოხდა ეკლესიაში, სადაც ურწმუნო გოგონა მივიდა. 6 თვის შემდეგ წყვილი დაქორწინდა. ამჟამად მარინა და ჯონ ჩეპმენი იორკშირში ცხოვრობენ. ქალი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა შეფ-მზარეულად ბრედფორდის ეროვნულ მედია მუზეუმში.
ჯონსა და მარინას ორი ზრდასრული ქალიშვილი და შვილიშვილი ჰყავთ. ზოგჯერ მარინა ბავშვებს უყვება, თუ როგორ აძვრა პალმებზე ხილის მოსაპოვებლად და გაექცა იაგუარებს… ბავშვები ამას უჩვეულოდ არ თვლიან. დარწმუნებულები არიან, რომ ყველაზე არაჩვეულებრივი ბებია ჰყავთ და ძალიან ამაყობენ მისით.
მარინა ჩეპმენის მომხიბლავი ცხოვრებისეული ისტორია, რომელიც აღწერილია მის წიგნში „უსახელო გოგონა”, ყველას არ მოსწონს. ზოგიერთი ეჭვქვეშ აყენებს ამ ქალის ისტორიების სიმართლეს. ყველაზე საეჭვოა ჩეპმენის მიერ აღწერილი მრავალი ბედნიერი დამთხვევა და წარმატებული გაქცევაა. ლონდონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი კრისტოფერ ფრენჩი თვლის, რომ ჩეპმენი შესაძლოა ყალბ მოგონებებზე იყოს დამოკიდებული. პარალელურად, კოლუმბიელმა ექიმმა, კარლოს კონდემ გასინჯა მარინა და საინტერესო დასკვნები გააკეთა. მან გამოიყენა სიცრუის დეტექტორი, ჩაპმენის ისტორიაში მონაწილე ადამიანების ფოტოები და კაპუცინები. შედეგად, კონდე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მარინას ამბავი სრული სიმართლე იყო.