ჩოხატაურში, ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს სასამართლომ გირაო შეუფარდა
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ დაბა ჩოხატაურში ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.
დღევანდელ პროცესზე საქმის პროკურორი, ლევან კლდიაშვილი დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია არ გაითვალისწინა და თითოეულ დაკავებულს 7000-ლარიანი (ქონების უზრუნველყოფით) გირაო შეუფარდა.
გარდა ამისა, მოსამართლემ ოთხივე პირს დავით მჟავანაძესთან მიახლოება აუკრძალა, რომელზე ძალადობასაც დაკავებულებს ედავებიან.
პროკურორის განცხადებით, ოზურგეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, 3 სექტემბერს ჩოხატაურში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ნაცმოძრაობის“ წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.