ნამდვილი ამბავი, რომელიც „დუტის“ უკან იმალება – როგორ შეიქმნა პოპულარული ქურთუკი

„ამერიკის ტანსაცმლის მაღაზიებში ედი ბაუერის ბრენდის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ზომიერად ძვირი, მაგრამ მაინც ძალიან პოპულარულია. ამ ბრენდის შექმნის სათავე კი გადარჩენისა და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით სხვაზე ზრუნვის ამბებში იმალება.

მეცხრამეტე საუკუნის ბოლო წელს დაბადებულმა ედიმ საქმიანობა სიყვარულს შეუთავსა – თევზაობისა და ნადირობის მოყვარულმა ბაუერმა სპორტული და სანადირო ინვენტარის მაღაზია გახსნა.

1923 წლის შემოდგომის ბოლოს ედი მეგობართან ერთად ვაშინგტონის შტატში, სიეტლთან ახლოს ხეობაში სათევზაოდ წავიდა.

ამ პერიოდში სიეტლის მთებში დათვები დასაძინებლად მიდიან, ამიტომ დეკემბრის დასაწყისში მდინარე თევზითაა სავსე. ბაუერმა და მისმა მეგობარმაც 5-საათიანი თევზაობის მერე 50 კილოზე მეტი თევზი დაიჭირეს.

რადგან ნემსის ყუნწში გაძრომა უფრო ადვილია, ვიდრე სიმდიდრის დატოვება და საკუთარი ხელით დაჭერილი თევზის ისევ წყალში გადაყრა, ფიზიკურად ძლიერმა ედიმ ტომარა ზურგზე მოიგდო და მანქანისკენ გზას გაუდგნენ.

მეგობრებს თბილად ეცვათ. ედის საკუთარ მაღაზიაშივე ნაყიდი წავის ტყავის ქურთუკი უფრო მძიმედ ეჩვენებოდა, ვიდრე 50 კილო თევზი, ამიტომ გაიხადა და მეგობარს მისცა სატარებლად, თვითონ კი, სვენებ-სვენებით გაუყვა გზას.

ისე მოხდა, რომ მეგობარიც კაი დაბნეული ვინმე გამოდგა. რაკი ნაკლები სიმძიმის ტარება ერგო, გაუტია გზას და მალე ტყემ ორივენი თავისებურად დააშორა.

ამინდი აირია. ედი ბაუერი ცალკე დაღლამ და ცალკე სიცივემ მაგრად შეაშინა, მაგრამ იცოდა, რომ მანქანა სადღაც აქვეა და სანამ სულ ჩამობნელდებოდა, ნაბიჯს აუჩქარა.

სიეტლის მთაში ყინვები სახუმარო ამბავი არაა, აკი, დათვებიც ემალებიან. გადაღლილი ბაუერი ხესთან ჩამოჯდა და გონება დაკარგა. გონის დაკარგვა მოყინვის პირველი სიმპტომია. ედი მიხვდა, რომ საქმე ვერ იყო კარგად და რამდენჯერმე დაიყვირა, მაგრამ ხმაც წართმეოდა.

ალბათ, რომელიმე ცხოველი ჩემი თევზებიანად შემჭამსო, ფიქრობდა და მერე ამ ფიქრებს საავადმყოფოში ჟურნალისტებს უყვებოდა ბაუერი, მაგრამ ბედისწერა ისე ადვილად არ იკითხება, როგორც სტატია, სადაც ბაუერის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ქამარში გარჭობილმა პისტოლეტმა და 2-მა გასროლამ მეგობრებს ერთმანეთი მოაძებნინეს.

ბაუერმა იმკურნალა და მკურნალობისას ბევრი იფიქრა. მიხვდა, რატომაც დაემართა ის, რაც დაემართა – ქურთუკი რომ მძიმე არ ყოფილიყო, არ გაიხდიდა. ბიძის მოყოლილი ამბავიც ახსოვდა, რუსეთში ბატის ბუმბულით კერავენ სამოსს და მსუბუქი და თბილიაო.

გამოჯანმრთელებულმა ედიმ ფრინველის ბუმბულის ქურთუკის დიზაინი შექმნა. რომბებად დაყოფილი მონაკვეთები ბუმბულის ერთ მხარეს დაგროვების საწინააღმდეგო გამოგონებაა.

მალე ბაუერის მოფიქრებული ქურთუკები ყველაზე გაყიდვადი ტანსაცმელი გახდა ამერიკაში, რომელსაც შემოდგომის პირზე მაღაზიები ყიდდნენ.

ბაუერმა სიკვდილის პირას ყოფნის გამოცდილება ბიზნესად აქცია და მაგრადაც იხეირა. ვიხეირეთ ჩვენც, რადგან ახლა რომ „დუტის“ ქურთუკი გვაცვია, ეს ბაუერის თევზაობის ამბის შედეგია.

იმ თევზის გადაყრა კი მაინც მოუწიათ. ასეა ხოლმე იგავებშიც და ცხოვრებაშიც.

მოამზადა გურამ მერელიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები