მერაბ გაფრინდაშვილი: ქვეყანაში სხვადასხვა მასშტაბის 50 ათასამდე მეწყრული უბანი და სამი ათასი ღვარცოფული წყალსადინარია დაფიქსირებული, ძალიან დიდ ქვეყნებსაც კი გაუჭირდებოდათ, რომ ყველგან მოხდეს პრევენციული ღონისძიებების განხორციელება
ქვეყანაში სხვადასხვა მასშტაბის 50 ათასამდე მეწყრული უბანია დაფიქსირებული და სამი ათასი ღვარცოფული წყალსადინარი. ძალიან დიდ ქვეყნებსაც კი გაუჭირდებოდათ, რომ ყველგან მოხდეს პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და სრულად ვიყოთ დაცული, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთ ურთულეს რეგიონს წარმოადგენს.
„ორი დღეა პრაქტიკულად არ გამოვსულვართ სტიქიის ზონიდან. რამდენჯერმე შემოვიარეთ ხეობა როგორც ვერტმფრენით, ვიზუალურად დავათვალიერეთ, ასევე ინსტრუმენტული მონიტორინგი ჩაატარეს ჩვენმა გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა და შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ეტაპზე მსგავსი მასშტაბის სტიქიის განვითარების ჩასახვა-გააქტიურების საკითხი არ დგას. რისკი ძალიან დაბალია.
ძალიან ლამაზი და მიმზიდველი ქვეყანა გვაქვს, მაგრამ ზოგადად საქართველო გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთ ურთულეს რეგიონს წარმოადგენს. ქვეყანაში დაფიქსირებულია სხვადასხვა მასშტაბის 50 ათასამდე მეწყრული უბანი და სამი ათასი ღვარცოფული წყალსადინარი. ძალიან დიდ ქვეყნებსაც კი გაუჭირდებოდათ, რომ ყველგან მოხდეს პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და სრულად ვიყოთ დაცული, თუმცა ბოლო წლებია ძალიან აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით და ეს სამუშაოები სწორედ გამიზნულია პირველ რიგში ადამიანების დაცვაზე, ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაცვაზე. ასე ვთქვათ, პრიორიტეტებად არის დაყოფილი, თუმცა როგორც სხვა ქვეყნები, ჩვენ ამ სტიქიებს ვერ ავიცილებთ. 24 საათით, 48 საათით ადრე იციან ამერიკაში, გერმანიაში, ფილიპინებზე, იაპონიაში, სტიქიას ელოდებიან და მსხვერპლი მაინც აქვთ.
მთავარია ადაპტაციის საკითხი, ჩვენ მოქალაქეებმა, უწყებებმა, გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა უნდა ვიზრუნოთ ადაპტაციაზე. მაგალითად, არ უნდა დავსახლდეთ ჭალა-კალაპოტის ზონებში, არ უნდა დავსახლდეთ ღრმა მეწყრული სხეულების არეალებში, ეს ყველაფერი ცნობილია გეოლოგებისთვის, ჰიდროლოგებისთვის. შესწავლილია მთელი ტერიტორია. წელს დაიდება ბუნებრივი საფრთხეების ზონირების რუკა. საქართველოში არ გაკეთებულა მსგავსი შინაარსის რუკა. დასავლეთ საქართველო პრაქტიკულად დასრულებულია აღმოსავლეთი სრულდება, საოფისე სამუშაოებია დარჩენილი, თბილისის რუკაც განახლებული გვექნება. ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქცენტი აღებული აქვს მონიტორინგული სადგურების ინსტალაციაზე, რაც წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა ისეთ ლოკაციებზე, სადაც ეს რეალურად მოგვცემს შედეგს“, – განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.