თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, ხვალიდან სამაშველო ღონისძიებებში დამატებით კიდევ ორი ვერტმფრენი ჩაერთვება
გათენებისთანავე, ჩვენ ვგეგმავთ დილის 06:00 საათზე ვერტმფრენებით მუშაობის დაწყებას. გარდა ამისა, სამუშაოებს კიდევ 2 ვერტმფრენი დაემატება, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე სტიქიის ეპიცენტრში 150 მეხანძრე-მაშველი იმყოფება და მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება.
„ამ ეტაპზე 150 მეხანძრე-მაშველი იმყოფება სტიქიის ეპიცენტრში. მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. რამდენიმე ათეული ადამიანი როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახურის, ასევე პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, რამდენიმე ლოკაციაზე უსაფრთხოდ იმყოფებიან. ასევე შემოდის იმ ადამიანებზე ინფორმაციები, რომლებთანაც ვერ ხერხდება დაკონტაქტება, სულ ახლახან, რამდენიმე ადამიანი მამისონის სექტორზე ჩვენს მესაზღვრეებთან არის მისული. ღამის განმავლობაში კიდევ გადამოწმდება, გაიფილტრება ეს ინფორმაციები და უნდა ვიმედოვნოთ, რომ გამოჩნდება ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ამჟამად კონტაქტი ვერ ხერხდება.
ინფორმაცია ინციდენტის შესახებ შემოვიდა 15 საათსა და 10 წუთზე. დაუყოვნებლივ დაიგეგმა ვერტმფრენების ჩართულობა. ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი. ამინდმაც შეგვიშალა გარკვეულწილად ხელი, თუმცაღა მფრინავების გმირობის ფასად, შემოაღწია ხეობაში ვერტმფრენმა და დავიწყეთ ევაკუაცია მოსახლეობის.
დამერწმუნეთ, ასეთ რთულ ხეობაში ღამით, რაც არ უნდა აღჭურვილი იყოს ვერტმფრენი, ძალიან გაჭირდებოდა და ეს იქნებოდა ძალიან არასწორი და არაგამართლებული უსაფრთხოების მიზნით, რამეთუ იმაზე მეტ საქმეს, რასაც ახლა ადგილზე მყოფი მეხანძრე-მაშველები აკეთებენ, ვერტმფრენი ვერ გააკეთებს რთული რელიეფიდან გამომდინარე.
გათენებისთანავე, ჩვენ ვგეგმავთ დილის 06:00 საათზე ვერტმფრენებით მუშაობის დაწყებას. გარდა ამისა, 2 ვერტმფრენი დაემატება კიდევ ხვალისთვის სამუშაოებს და აქტიურად გაგრძელდება დილიდანვე, მთავარია ამინდმა შეგვიწყოს ხელი“, – განაცხადა თეიმურაზ მღებრიშვილმა.