მოქალაქე ქეთი მაისურაძე, რომელიც შოვში, სასტუმრო “სანსეტ შოვში” იმყოფება, ამბობს, რომ სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მისივე თქმით, სასტუმროში დაახლოებით 40-45 ადამიანი იმყოფება და ადგილზე ვერტმფრენს ელოდებიან.
“ახლა კარგად ვართ, მეწყერი შეჩერებულია. მსხვერპლი არ არის, რაც მთავარია. სასტუმროს ადმინისტრაციამ იყოჩაღა. ბავშვებიც კარგად არიან. ხიდები წაღებულია. ველოდებით ვერტმფრენს. სასტუმროში დაახლოებით 40-45 ადამიანი ვართ. შემთხვევის დროს ყველა ვიმყოფებოდით სასტუმროს ტერიტორიაზე”, – ამბობს მოქალაქე.
ცნობისთვის, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ცოტა ხნის წინ ჩამოიშალა.
შსს-ს ინფორმაციით, შოვში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები მიემგზავრებიან.
მომხდარის შესახებ ყველა შესაბამისი უწყება ინფორმირებულია, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.