დევნილთა სააგენტოს დირექტორმა რუსთავში, დევნილი ოჯახებისთვის განკუთვნილი 800 ბინის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა რუსთავში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
სააგენტოს ინფორმაციით, რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით 800 ბინის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ბიუჯეტი 80 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება.
ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, დევნილ ოჯახებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ.
სააგენტოს დირექტორთან ერთად მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილმა, ქალაქ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს 5 ქალაქში, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, დევნილი ოჯახებისთვის, საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.
პროექტის ფარგლებში, 7 000-ზე მეტ ოჯახს ახალ ბინები გადაეცემა, ხოლო 6 000 ოჯახი, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, განსახლება. ჯამში, 2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა. პროექტის ბიუჯეტი 900 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.