ადვოკატის თქმით, სერგო შუბითიძეზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

დარეჯან ბუცხრიკიძის თქმით, შუბითიძე პასუხისგებაშიც არ უნდა მიეცათ, რადგან შეეშალა და „ბავშვურად მოუვიდა“.

„არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი. მიმაჩნია, რომ ეს საქმე ასეც არ უნდა წარმართულიყო. პასუხისგებაშიც არ უნდა მიეცათ, ბავშვურად მოუვიდა.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეეშალა, ადამიანები მიდრეკილები ვართ გადაცდომისკენ. ჩვეულებრივი ადამიანია და შეეშალა.

დღეს ერთად გავიარეთ, მოწმე ერეკლე კერესელიძის გამოკითხვის ტომი და მანდ მიხვდა, რომ შეეშალა: „ვაიმე, შემეშალა“ – ასეთი რამ თქვა. „მე კი ამოვიღე ტელეფონი, მაგრამ არა ბაჩალიაშვილის ტელეფონი“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სამართალდამცველებმა სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით გუშინ დააკავეს.

2 თვის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში შუბითიძემ განაცხადა, რომ სამი წლის წინანდელი საქმე ბაჩალიაშვილის შესახებ გაყალბებულია. ამ განცხადებიდან მალევე პროკურატურამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით გამოძიება დაიწყო.

დეტალების ხელახლა შესწავლის შემდეგ საგამოძიებო უწყებამ დაადგინა, რომ შუბითიძის ჩვენება არაერთ ტყუილს შეიცავდა და მისი მიზანი ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანა იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები