ლაშა ბერიძე: ვფიქრობ, პუტინი უკვე ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას, რაზეც ბევრი რამ მიანიშნებს
“ამ ჩაშლილი თუ ინსცენირებული ამბოხით მსოფლიოში რუსეთის ხელისუფლების იმიჯი გაცამტვერდა – ვფიქრობ, პუტინი უკვე ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას, რაზეც ბევრი რამ მიანიშნებს… ვითარება დროებით ჩაწყნარდება, მაგრამ დუღილი გაგრძელდება”, – ამის შესახებ გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში რუსეთში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შეფასებისას აცხადებს.
მისივე თქმით, პუტინის მმართველობით რუსები იმედგაცრუებული არიან – მიხვდნენ, რომ დიქტატორი დასუსტდა.
“შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ ეს ამბავი რუსეთში არ ადარდებთ, მაგრამ ასეც არ არის. პუტინს თუნდაც ელექტორატზე გავლენისთვის ძალიან სჭირდებოდა თავის ძლიერ მმართველად წარმოჩენა, რადგან თავისი ხალხის მენტალიტეტს იცნობს – რუსებს “ძლიერი, მრისხანე მმართველები” მოსწონთ. ახლა კი აღმოჩნდა, რომ პუტინი ასეთი აღარ არის და უფრო პოპულარულია პრიგოჟინი, რომელიც ისეთი ტაშითა და ოვაციებით გააცილეს ბელარუსში, აშკარაა, რომ მხარს უჭერენ. ამ ჩაშლილი თუ ინსცენირებული ამბოხით მსოფლიოში რუსეთის ხელისუფლების იმიჯი გაცამტვერდა. “ვაგნერელები” ინტენსიურად აქვეყნებდნენ ტყვეებისა და ზოგჯერ თავისიანების წამების ვიდეოებს და ამბობდნენ, ვინც ჩვენს წინააღმდეგ წავა, ყველას ეს ელოდებაო. რუსული პროპაგანდა მათგან ლეგენდას ქმნიდა. მოსახლეობის დიდ ნაწილს მათი სასტიკი, კრიმინალური, ნეონაცისტური და ტერორის შემცველი იდეოლოგია მოსწონდა. შესაძლოა იმიტომაც, რომ პუტინის მმართველობით რუსები იმედგაცრუებული არიან – მიხვდნენ, რომ “დიქტატორი დასუსტდა.
მოკლედ, მთელი დღის განმავლობაში უმეტესობას, მათ შორის მეც, მჯეროდა, რომ ეს ტახტისთვის ბრძოლა იყო, თუმცა შემდეგ პრიგოჟინმა ყველაფერი აურია, მაგრამ ძალაუფლებისთვის ბრძოლა ასე ადვილად არ მთავრდება. მაინც მგონია, რომ ეროვნული ლიდერის მანტიის მორგებას ცდილობდა, რომელმაც თავისი ხალხის გამოსაფხიზლებლად თავი გადადო. ყველაფერი, რაც ილაპარაკა: არმიაში, ბრძოლის ხაზზე არსებულ ვითარებაზე, სიმართლე იყო. რუსეთის არმიაში, გენერალიტეტში მართლაც უმძიმესი მდგომარეობაა, მართვის, კონტროლის მექანიზმი მოშლილია, ამუნიციის, კვების, წესრიგის თუ სხვა ბევრი უმძიმესი პრობლემაა. პუტინს ატყუებენ, სინამდვილეში როგორც ადამიანური, ასევე სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების მოსალოდნელზე 3-4 ჯერ დიდი დანაკარგი აქვთ. თუ რა მოხდა, რამდენიმე ვერსიის განხილვა შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, რა პირობებით დაიხია უკან პრიგოჟინმა. თუ პუტინმა შოიგუ და გერასიმოვი დასაჯა და მათ პოსტებზე ახალი კადრები, პრიგოჟინის მენტალიტეტის პირები დანიშნა, ძალიან ცუდი იქნება ყველასთვის, უკრაინისთვის, საქართველოსთვის, მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნებისთვის. რადგან თუ აქამდე რუსეთის მოქმედებები არაპროგნოზირებადი იყო, ახლა უარესი გახდება – მათ აქვთ რესურსი თუ არა, მაინც ცდილობენ თავიანთი “უძლეველობის” დამტკიცებას. ომი თავის გადასარჩენად სჭირდებათ. თუ პუტინმა შოიგუ-გერასიმოვი დასაჯა, ესე იგი, ისევ აქვს ძალაუფლება, გადაწყვეტილებებს ისევ ერთპიროვნულად იღებს და თავისი ყოვლისშემძლეობის დამტკიცებასაც შეეცდება. მას აწყობს კიდეც შოიგუ-გერასიმოვის ან რომელიმე მათგანის დასჯა, ომში მარცხს მათზე გადატეხს. თუ ასე მოხდა, ამას მოჰყვება ფარული დაპირისპირებები, შიდა წმენდები, ტერორი. პუტინს ისედაც ჰქონდა პარანოია (ამას მისი გუნდიდან გაქცეული პირებიც ამბობენ), ამის შემდეგ კი უფრო გაუმწვავდება, რადგან ასეთ ადამიანს ყველგან მოღალატე ელანდება. მათ, ვისაც შოიგუს ან გერასიმოვის ადგილას დანიშნავს, ფრონტის ხაზზე ყველანაირი ინიციატივა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება შეეზღუდებათ.
ამ ამბოხებამ აჩვენა, რომ ყველა თავის სარგებელზე ფიქრობდა – ჩეჩნეთის ლიდერი კადიროვიც კი, რომელიც ისე წარმოაჩენს, თითქოს მისთვის მზე პუტინის მხარეს ამოდის, მხოლოდ რამდენიმე ნეიტრალური განცხადებით შემოიფარგლა და მოვლენების განვითარებას დაელოდა. თავისი ქვედანაყოფები უკრაინიდან კი გამოიყვანა, მაგრამ როსტოვთან შეყოვნდა, თუ საქმე სამოქალაქო ომისკენ წავიდოდა, თავის ჯარს ჩეჩნეთში წაიყვანდა და იქ გამაგრდებოდა. არც ისე ბრიყვია, როგორც ვიღაცებს ჰგონიათ, ძალიან კარგი თვითგადარჩენის ინსტინქტი აქვს – იცის, მისი დანაყოფების მოსკოვში შესვლა კონტრპროდუქტიული იქნებოდა, რადგან რუსებს “კადიროველების” მიმართ უკრაინელებზე მეტი აგრესია აქვთ. მოკლედ, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ამბები, ნებისმიერ შემთხვევაში პუტინის იმიჯი შეილახა. ეს უფრო შეასუსტებს მის მმართველობას, დასავლეთის თვალში კი რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტები ჩაფლავდა. პრიგოჟინმა, მისი გუნდის წევრმა, რომელსაც ოფიციალური სტატუსიც კი არა აქვს, წითელი ხაზები გადაკვეთა, მაგრამ აპატიეს.
არ მჯერა თეორიის, რომ ეს პუტინის ინსცენირებული სამხედრო ამბოხი იყო, რათა დაენახა, რეალურად ვინ უჭერს მხარს და ვინ არის მოღალატე. იმდენს კი გათვლიდა, რომ ეს მის რეპუტაციაზე ცუდად აისახებოდა. ვფიქრობ, პუტინი უკვე ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას, რაზეც ბევრი რამ მიანიშნებს, თუნდაც ის, რომ რამდენიმე დღით ადრე შოიგუმ პატაკის ჩაბარებისას უთხრა, ივნისის ბოლომდე სარეზერვო არმია გვეყოლებაო, რაც შეუძლებელია, ამის არავითარი რესურსი არა აქვთ. ეს ამბოხი რეალური იყო და დიდი ხნის წინ ჰქონდათ დაგეგმილი, ლიდერებად ვინ როგორ გადანაწილდებოდა, ალბათ პროცესების განვითარებისდა კვალად გამოჩნდებოდა. ვითარება დროებით ჩაწყნარდება, მაგრამ დუღილი გაგრძელდება. ცენტრისტული ძალები, რომლებიც ამ დღეებში გააქტიურდნენ, აშკარა მოქმედებაზე გადავლენ, რადგან ყველა მიხვდება, რომ “მეფე შიშველია” და ქვეყნის მართვა აღარ შეუძლია. ამიტომაც ყველა თოკის თავისკენ გადაქაჩვას დაიწყებს, რადგან დაინახეს პრიგოჟინი ძალიან ადვილად ჩავიდა თითქმის მოსკოვამდე – ანუ ცდად ღირს, თუ გადატრიალებას ვერ მოაწყობ, მოლაპარაკებაც შეიძლება. თუ ამ პრეცედენტს არაფერი მოჰყვა და ყველა მიჩუმდა, პრიგოჟინი გამასხარავდება, მისი “ვაგნერი” კი, რომელიც რეგულარულ არმიაზე მეტად პრივილეგირებული იყო და ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა, პატივაყრილი და დამცირებული დარჩება. იქ არიან ისეთი პირები, რომლებიც იოლად არაფერს დათმობენ. ისინი მართლა მზად იყვნენ ბრძოლისთვის, ტყუილად არ აჰყვებოდნენ პრიგოჟინს. ისეთი პირი უჩანს, რომ პრიგოჟინი გაერიდება “ვაგნერელებს”, მაგრამ მაინც ვერ გადარჩება მშვიდობიანად, ამას არ აპატიებენ. მართალია, მისი დაჯგუფების დიდი ნაწილი უკრაინის ომს შეეწირა, მაგრამ დარჩნენ ისეთები, ვისაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. მას უკვე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები თავის ქვედანაყოფში, მხარდამჭერებში, “გადაგვაგდოო”, ამბობენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯერ არაფერი დამთავრებულა, ეს მხოლოდ დასაწყისია. იმ 25 ათას კაცს სულ რამდენიმე საათში არაერთი ბატალიონი და ბრიგადა შეუერთდა – ანუ უკმაყოფილება, რომელიც რუსულ ჯარში, მოსახლეობაში პუტინზე, თავდაცვის სამინისტროსა და ძალოვან სტრუქტურებზე არის, არსად წასულა.
არმია უკიდურესად დემორალიზებულია. რამდენიმე საათის განმავლობაში არ იცოდნენ, ვინ იყო მათი მეთაური, ვისი ბრძანება უნდა შეესრულებინათ, აღებული ტერიტორიის შენარჩუნებაზე უნდა ეზრუნათ თუ არა… ახლა მათ თავდაცვის ხაზზე უფრო მეტი ნაპრალი გაჩნდება. ის აზრი, რომ “ვაგნერელების” ნაწილი უპრობლემოდ ინტეგრირდება თავდაცვის ძალებში, უსაფუძვლო მგონია. რუსულ არმიაში ისედაც არ იყო “სამოთხე”, ყველა ერთმანეთს ჩაგრავს, იქ კი პრიგოჟინის ბიჭების მისვლა, რომლებიც რამდენიმე ხნის წინ მათ ესროდნენ, კარგად არ დამთავრდება. ამასთანავე, “ვაგნერელები” აგდებით უყურებენ რეგულარულ არმიას, მობილიზებულებს, თუნდაც მათი ძალიან დაბალი ანაზღაურების გამო. ეს ხალხი პრივილეგირებულ ვითარებაში ყოფნას არიან მიჩვეული, სამხედრო კონტრაქტორებთან შედარებით სამჯერ მეტი ანაზღაურება ჰქონდათ. მათი ყოველდღიურობა სრულიად განსხვავდებოდა არმიის ყოფისგან. მეთაურობა ისედაც ვერ მართავს იქ ვითარებას და გასამხედროებული კომერციული ორგანიზაციიდან მისული მეომრების გაკონტროლება მით უმეტეს გაუჭირდებათ. “ვაგნერელებში” არიან სამხედრო ვეტერანები, არაერთი უმძიმესი წარსულის მებრძოლი, მათ შორის ბევრია რეციდივისტი, რომლებიც პრიგოჟინის წყალობით გამოვიდნენ ციხეებიდან და კოლონიებიდან. ამიტომაც შეიძლება ახალი ლიდერის ძებნა დაიწყონ, მაგრამ ეს გამოსავალი ვერ იქნება. შესაძლოა პუტინმა და პრიგოჟინმა ერთმანეთში მოაგვარონ გაუგებრობა, მოსახლეობასაც თვალში ნაცარი შეაყარონ, როგორც მანამდეც უქნიათ და ვითარება დროებით ჩაფარცხონ, მაგრამ უკრაინის ომში მიღებულ შედეგებს ვერაფერს მოუხერხებენ. ომში გარდატეხა რომ ვერ შეაქვთ, ხალხი ეხოცებათ და წინსვლა რომ არა აქვთ, იმიტომაც დაერივნენ ერთმანეთს. ახლა უკრაინა რამდენიმე მიმართულებით გადავიდა კონტრშეტევაზე და ასეც უნდა გააგრძელოს. მართალია, გახანგრძლივდება, მაგრამ ომის ბედი უკვე გადაწყვეტილია – რუსეთი მარცხდება, ახლა უნდა გაირკვეს, როგორ… არც დასავლეთსა და არც ჩინეთს არ აწყობთ მისი დაშლა, რადგან ატომური იარაღი აქვს და, ალბათ, ურჩევნიათ, პუტინის რეჟიმი შიდა რყევებით დაემხოს”,- განაცხადა ბერიძემ.