რა მიზნით ჩაატარა NDI-მ აგვისტოს კვლევები?

რა მიზნით ჩაატარა NDI-იმ აგვისტოს კვლევები?, – ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. როგორც სტატიის ავტორი წერს, NDI-ს აგვისტოს კვლევებმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე ორგანიზაციის მისამართით როდესმე დასმულა. გამოცემის ინფორმაციით, პოლიტიკოსებს არ ახსოვთ არც ერთი შემთხვევა, როდესაც პოსტსაარჩევნო პერიოდში განმეორებითი კვლევები ჩატარებულიყოს. თავად NDI ირწმუნება, რომ 2010 წლიდან მოყოლებული კვლევა, როგორც წესი, არჩევნებამდეც ტარდებოდა და არჩევნების შემდეგაც. ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, კრისტინა ვილფორის განცხადებით, კვლევებისა და რეიტინგების მიმართ უნდობლობა პოსტსაბჭოური მენტალიტეტია.
„კითხვები და ეჭვები ყოველთვის არის, თუმცა ეს განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ახასიათებს, სადაც გარკვეული ისტორიული მახსოვრობა არსებობს, რომ ადამიანები ზოგადად არ ენდობიან ინფორმაციას“, -განაცხადა კრისტინა ვილფორმა.
მისივე თქმით, დროა, ქართველმა საზოგადოებამ ამ მიმართულებით მოდერნიზება განიცადოს, თუმცა იგივეს გაკეთებაზე თავად NDI უარს აცხადებს. ხელმძღვანელის თქმით, NDI არ გეგმავს არანაირ ცვლილებას საკუთარ სამუშაო პროცესში. გამოცემა NDI-ს დროებითი ხელმძღვანელთან, კრისტინა ვილფორთან ინტერვიუს აქვეყნებს.

– NDI საქართველოში კვლევებს ატარებს 2010 წლიდან რეგულარულად, მინიმუმ ბოლო ორი წლის განმავლობაში კვლევები წელიწადში ოთხჯერ ტარდება, ანუ კვარტალურად, რაც საშუალებას გვაძლევს, უფრო ფართოდ და დინამიკურად შევხედოთ, რა შეხედულებები და დამოკიდებულებები აქვს საქართველოს მოსახლეობას. აგვისტოს კვლევები დროული და თანამიმდევრული იყო. რაც შეეხება კითხვის იმ ნაწილს, რატომ ჩავატარეთ ახლა კვლევები, ჩვენ ჩვეულებისამებრ ვატარებთ ხოლმე კვლევებს როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდეც გვქონდა კვლევა და ასევე, ნოემბერშიც, არჩევნების შემდეგ. მიმდინარე წელს პირველი კვლევა აპრილში ჩატარდა, შემდეგ – აგვისტოში. როგორც კვლევის შედეგებიდან შეგიძლიათ ნახოთ, ტენდენციები თითქმის იგივეა, რაც აპრილში დაფიქსირდა, თუმცა იყო გარკვეული ცვლილებები, რომლის ხაზგასმაც ძალიან მნიშვნელოვანია.
– დაზუსტებისთვის, NDI კვლევებს არჩევნებამდეც ატარებს და არჩევნების შემდეგაც?
– დიახ, რა თქმა უნდა.
– სწორედ NDI-ს კვლევის შედეგებს დაემთხვა განცხადება ახალი ოპოზიციური ძალის შექმნის შესახებ. შესაბამისად, გაჩნდა კითხვა, რომ ხომ არ ჩატარდა კვლევა სწორედ ახალი ოპოზიციური ძალის შექმნის წინ კონკრეტული საკითხების გასარკვევად?
– რა თქმა უნდა, არა. ჩვენ რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ბუნებრივია, ვითვალისწინებთ ჩვენი პარტნიორების ინტერესებს, რომელთა უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციაა, თუმცა ასევე არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებთანაც უკვე წლებია, ვთანამშრომლობთ. მინდა გითხრათ, რომ არც კითხვების ფორმულირებაში და არც დანარჩენ საკითხებში საკუთარი წვლილი არ შეაქვთ პოლიტიკურ პარტიებს და არც სხვა რაიმე ძალას. ჩვენ არ ვთანამშრომლობთ პოლიტიკურ ძალებთან, როდესაც ვადგენთ კითხვარს და ვმუშაობთ კვლევაზე. ეს ეხება ასევე იმ კითხვებს, რა დამოკიდებულება აქვთ ამომრჩევლებს სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისადმი. მე მოვისმინე პოლიტიკოსების დამოკიდებულება და შეფასება ბოლო კვლევების მიმართ და მიმაჩნია, რომ ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევა არის ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს, უბრალოდ, არ ესმის, რა პროცედურებისგან შედგება თავად კვლევა და როგორია მეთოდოლოგიები. რამდენიმე დღის წინ შევხვდი იმ ადამიანთაგან ერთ-ერთს, ვინც ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს მეთოდოლოგიას და უნდობლობით უყურებს. მივხვდი, რომ ადამიანებს, ზოგადად, არ სჯერათ რაოდენობრივი კვლევების. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და რაც გამოვაქვეყნეთ, არის სწორედ რაოდენობრივი კვლევის შედეგები. ეს არის ისეთი ტიპის კვლევა, რომელიც ციფრობრივ შედეგს მოგცემს და ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. NDI-ს მსოფლიოს 68 ქვეყანაში აქვს ოფისები, ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი არის ის, რომ სახელმწიფომ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა იცოდნენ, რას ფიქრობს საზოგადოება, რა აწუხებს მათ, რას თვლიან ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად და ასე შემდეგ. ადამიანის ბუნების ნაწილია, რომ მას არ მოეწონოს საკუთარი საქმიანობისადმი კრიტიკული შეფასებები და დამოკიდებულება. შესაბამისად, პოლიტიკოსების რეაქციები ბუნებრივია, ეს ყველა ქვეყნის პოლიტიკოსს ახასიათებს. როდესაც პოლიტიკოსები და, ზოგადად, ადამიანები ეჭვქვეშ აყენებენ NDI-ს მეთოდოლოგიას, სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ სინამდვილეში მათი განცხადებები გულწრფელი არ არის და ამის უკან იმალება ის, რომ მათ შესაძლოა, არ მოსწონდეთ რეალური სურათი.
თუკი ვინმეს გულწრფელად არ სჯერა, ან ეჭვქვეშ აყენებს მეთოდოლოგიასა და კვლევის შედეგებს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ჩავერთოთ მათთან დიალოგში და ასეც ვიქცევით ხოლმე. მზად ვართ, მათ გავუმხილოთ და ვესაუბროთ ნებისმიერ დეტალზე. ამ კვლევის შედეგად ძალიან კარგად ჩანს, რომ საზოგადოებას ძალიან დადებითი დამოკიდებულება აქვს მთავრობის მიმართ, ისინი ხედავენ პროგრესს, ასევე ხედავენ მთავრობის მხრიდან ყურადღებას იმ საკითხების მიმართ, სადაც ნაკლებად შეიმჩნევა პროგრესი, ასევე გამოიკვეთა, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ძალიან ბევრ ნაბიჯს აქვს დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან.
– შეიძლება, გაგვიმხილოთ, ვის შეხვდით და იყო თუ არა ის ადამიანი მთავრობის წარმომადგენელი?
– მირჩევნია, ამ შეხვედრის შესახებ დეტალურად არ ვილაპარაკო, ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ამ ადამიანს შევთავაზეთ, დაესწროს ფოკუს-ჯგუფებს, რომელიც წლის განმავლობაში ჩატარდება. ჩვენი შეთავაზება ამტკიცებს ჩვენს გამჭვირვალობას, ყოველთვის მზად ვართ, ადამიანებს შევხვდეთ, მით უფრო მათ, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენს მეთოდოლოგიასა და კვლევის შედეგების ობიექტურობაში. ყოველთვის მაინტერესებს გავიგო, რა დგას ამ ადამიანების ეჭვების მიღმა. არის ეს მცდარი წარმოდგენები ორგანიზაციის შესახებ თუ გარკვეული ინფორმაციის ნაკლებობა მეთოდოლოგიის შესახებ. იმედი მაქვს, რომ NDI-ს მრავალწლიანი მუშაობა და ჩვენი ორგანიზაციის მხარდაჭერა ჩვენ მაგივრად ისაუბრებს.
– რაც შეეხება ორგანიზაციას, რომელიც უშუალოდ ატარებს საველე სამუშაოებს…
– CRRC-სთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ კვლევაში ყველა ნაბიჯი და ყველა დეტალი მაქსიმალურად კარგადაა მოფიქრებული, შეთანხმებული და სწორად განხორციელებული. CRRC – ეს არის არამომგებიანი ორგანიზაცია და ის არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ არის დაკავშირებული და არც არასოდეს ყოფილა.
– თუმცა ოპოზიციის უნდობლობას სწორედ აღნიშნული ორგანიზაცია იწვევდა წლების განმავლობაში. დღესაც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ რომ ისინი ნდობას უცხადებენ NDI-ს, თუმცა კითხვები აქვთ საველე სამუშაოებთან დაკავშირებით… ხომ არ იგეგმება რაიმე ტიპის ცვლილება ამ კითხვების მოსახსნელად?
– ჩვენ არც კი განვიხილავთ ცვლილებას CRRC-სთან მიმართებაში. NDI ყველა ქვეყანაში, სადაც ოფისი აქვს, თანამშრომლობს მხოლოდ იმ ორგანიზაციებთან, რომლის ინსტიტუციონალურ გამჭვირვალობასა და პროფესიონალურობაშიც დარწმუნებულია. ჩვენ CRRC საქართველოსთან უკვე წლებია, ვთანამშრომლობთ, აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ მათ პროფესიონალიზმში და არც კი განვიხილავთ მათ შეცვლას.
– თუმცა მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას პირდაპირ უკავშირებენ „ნაციონალურ მოძრაობას“…
– არც კი ვფიქრობ, რომ ღირს იმ ბრალდებებზე პასუხის გაცემა, რაც არსებობს NDI-ს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებასთან დაკავშირებით, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ბრალდება აბსოლუტურად უადგილოა და ყველანაირ არგუმენტს მოკლებულია. CRRC არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ არის კავშირში. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არსებობს საერთოდ აღნიშნული ეჭვები. ყველამ იცის, ვინ არის CRRC-ის დირექტორი – ეს არის კობა თურმანიძე. ეს პიროვნება არანაირ კავშირში არ არის, საერთოდ, პოლიტიკასთან, ორგანიზაციის მენეჯმენტი აბსოლუტურად აპოლიტიკურია.
– თუმცა NDI-ს ერთხელ უკვე ჰქონდა სერიოზული ცდომილება 2012 წელს…
– კვლევა არის საზოგადოების აზრის დაფიქსირება, რომელიც ძალიან ჰგავს სურათს, რომელიც, ბუნებრივია, შეიძლება მარტივად, კონკრეტული ფაქტების დაფიქსირების შედეგად შეიცვალოს. გარდა ამისა, ამომრჩეველი ყოველთვის არ იძლევა კონკრეტულ პასუხს კითხვაზე. არსებობენ ადამიანები, რომლებიც უარს აცხადებენ პასუხზე, ან არ აქვთ პასუხი იმ კონკრეტულ მომენტში, ან სულაც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, მაგალითად, რომელი პოლიტიკური პარტია მოსწონთ, ან რომელს დაუჭერენ მხარს არჩევნების შემთხვევაში. პოლიტიკური ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ასეთი ტიპის ადამიანებს „გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს“ ვეძახით. ეს არის კატეგორია, რომლებზეც მთელი წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოხდეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ხმარეს გადაბირება. ბუნებრივია, მათზე გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებს ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი. კვლევა არ არის წინასწარმეტყველება და მაგიური ძალა. კვლევა ასახავს საზოგადოების განწყობასა და შეხედულებებს იმ კონკრეტულ მომენტში.
– რამდენად ხშირად იცვლებიან რესპონდენტები?
– რესპონდენტები იცვლებიან ყოველ ჯერზე. კვლევის ჩატარების წინ თავიდან რესპონდენტების შერჩევა ხდება ჯერ ოლქის დონეზე, შემდეგ საარჩევნო უბნის დონეზე, შემდეგ ირჩევა ქუჩა, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით ირჩევა ოჯახი და ოჯახის შიგნით ირჩევა რესპონდენტი. რესპონდენტის შერჩევაც კი იმგვარად არის დაგეგმილი და წინასწარი სტატისტიკური მეთოდით გათვლილი, რომ შემთხვევით არ მოხდეს ერთი ტიპის ადამიანების ზედმეტად ჩართვა კვლევაში. მაგალითად, არ უნდა მოხდეს ისე, რომ გამოკითხულთა უმეტესობა დაუსაქმებელი ქალბატონები იყვნენ, ან ხანდაზმული მამაკაცები… შერჩევის პირველ ეტაპზე ყველა საარჩევნო ოლქიდან დაახლოებით 320 ოლქი ირჩევა. შერჩევას აკეთებს სპეციალური პროგრამა, მასთან ადამიანებს არ აქვთ შეხება. უკვე შემდეგ სპეციალური პროგრამის მიერ შემთხვევით შერჩეულ ოლქებში ინტერვიუერებს ეძლევათ სპეციფიკურ, შემთხვევითობაზე დაფუძნებული პრინციპი, რის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ.
– გასაგებია, რატომ ტარდება კვლევები არჩევნებამდე. რა მიზანი აქვს კვლევების ჩატარებას არჩევნებიდან ასე მალე?
– ასეთ კვლევაში დიდი ინფორმაცია არის, რომელიც, როგორც ჩვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის არის სასარგებლო. მაგალითად, ჩადებულია ისეთი მნიშვნელოვანი კითხვები, როგორიც არის, რამ იმოქმედა გადაწყვეტილების მიღებაზე ამომრჩეველზე, იციან თუ არა მათი მაჟორიტარი დეპუტატის სახელი და გვარი, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი მათთან არჩევნების შემდეგ, რას მოელიან კონკრეტული მაჟორიტარისგან. მსგავსი ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით პარლამენტისა და საკრებულოებისთვის, როდესაც ახალი სამუშაო წელი იწყება. მსგავსი ინფორმაციები ჩვენს ორგანიზაციასაც ძალიან ეხმარება სამუშაოს დაგეგმვაში. გარდა ამისა, ქვეყანაში, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურ საარჩევნო პერიოდშია, ძნელია, კვლევა არ დაემთხვეს ან წინასაარჩევნო ან პოსტსაარჩევნო პერიოდს.
– ახლა არასაარჩევნო პერიოდი მოდის, კვლევების განრიგი ისეთივე აქტიური იქნება?
– კი, რა თქმა უნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები