ხმაური პარლამენტთან – პოლიციამ ერთი პირი დააკავა
საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ხმაური იყო.
მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა და მხარდამჭერები პარლამენტთან კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აღნიშნულს სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია ერთი პირი 166 და 173 მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავების დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. გამოძიება მას 7-9 მარტს პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას ედავება.
დაკავებულს 7-იდან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.