კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, წარმოქმნილი კონფლიქტის შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, დიდი ხნის ნაცნობს, 1969 წელს დაბადებულ ჟ.ტ.-ს ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.
გ.ხ.-მ კვალის დაფარვის მიზნით ქალის ცხედარი მდინარეში გადააგდო, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.