ვახტანგ გომელაური: პროცესის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობის დროსაც, როგორც ოფიციალური განცხადებებით, ასევე ადგილზე ხმის გამაძლიერებელი სპეციალური ტექნიკით მუდმივად ხდებოდა აქციის მონაწილეების გაფრთხილება

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა 7-8 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანებს. ასევე, ქვებით დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მარჯვენა სანაპირო, შეკრების და მანიფესტაციის ადგილიდან მოშორებით ხელოვნურად შეაფერხეს საავტომობილო მოძრაობა.

„დაახლოებით 23 საათსა და 45 წუთზე (23:45 სთ) რუსთაველის გამზირზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შეიქმნა ე.წ კოლოფი, აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვების მიზნით გახსნილი ჰქონდათ ალტერნატიული გზები და ეტაპობრივად პარლამენტის ცენტრალური შესასვლელი გათავისუფლდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნული პროცესის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობის დროსაც, როგორც ოფიციალური განცხადებებით, ასევე ადგილზე ხმის გამაძლიერებელი სპეციალური ტექნიკით მუდმივად ხდებოდა აქციის მონაწილეების გაფრთხილება, რათა შეეწყვიტათ ძალადობა და დაშლილიყვნენ, თუმცა აქციის მონაწილეთა გარკვეული რაოდენობა აგრძელებდა აგრესიულ მოქმედებებს, ისროდნენ ქვებს, ბლაგვ საგნებს და მსხვრევად საგნებს, ცენტრალურ გამზირსა და მის მიმდებარე სხვადასხვა ლოკაციაზე დააზიანეს ავტობუსის გაჩერებები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, ტროტუარებზე განთავსებული სკამები. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მარჯვენა სანაპირო, შეკრების და მანიფესტაციის ადგილიდან მოშორებით ხელოვნურად შეაფერხეს საავტომობილო მოძრაობა. მთელი ღამის განმავლონაში არღვევდნენ მართლწესრიგს, წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს, აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას და ცეცხლს უკიდებდნენ სხვადასხვა ნივთებს. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს, ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანებს. ასევე, ქვებით დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები