საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მალტის რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მალტის რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში ქართულ დიასპორასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე დიასპორის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებასა და იმ პროგრამებზე ისაუბრეს, რაც ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება.
„ჩვენმა თანამემამულეებმა დელეგაციის წევრებს გაუზიარეს საინტერესო საკითხები, თავიანთი ცხოვრების პირობები, პრობლემები, სირთულეები, რასაც აწყდებიან. შეხვედრის დროს ბევრი საინტერესო და პრაქტიკული საკითხი გამოიკვეთა. მაგალითად, მალტაზე საკვირაო სკოლის გახსნის აუცილებლობა, დიასპორის წარმომადგენლებისთვის სტაჟირება საქართველოს პარლამენტში. ასევე, სამშობლოში დაბრუნების საკითხი და ბიზნესში თანამემამულეების ჩართულობა. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული. იმედი მაქვს, რომ მალტაზე ასეთი ვიზიტები ბევრი იქნება“, – განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მალტისა და იტალიის რესპუბლიკებში, კონსტანტინე სურგულაძემ.
შეხვედრა, შალვა პაპუაშვილის მალტაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა. შეხვედრას, საპარლამენტო დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.