„რამდენიმე თვეს მომიწია აღმოსავლური ბრძოლებიდან ილეთების სწავლაც. მსახიობისთვის ეს ბეწვის ხიდზე გავლაა“…

13 წლიდან გაგრაში ცხოვრობდა. სკოლა აფხაზეთში დაამთავრა. ერთხანს მესტიაში, ვალერიან საღლიანის ოჯახშიც ცხოვრობდა, რომელმაც მისი სიმბოლისტური ლექსები  დაბეჭდა გაზეთ „ახალ სვანეთში“… კინორეჟისორობა სურდა, მაგრამ სამსახიობო პრაქტიკით დაიწყო. პირველად მიშა თუმანიშვილთან მოხვდა, შემდეგ კი, როგორც ამბობს, ბედმა გაუღიმა და ლილი იოსელიანის რამდენიმე სპექტაკლში ითამაშა…
კინოროლებიდან, პირველად, ჯერ კიდევ სტუდენტობისას,  ბუბა ხოტივარის „დიმიტრი თავდადებულში“ ითამაშა რატი სურამელის როლი, მოგვიანებით კი ლევან თუთბერიძის ფილმებში ვიხილეთ: „მოირა“ და „სამურაი დასვენების ჟამს“. ფილმს – „სამურაი დასვენების ჟამს“ დიდი რეზონანსი მოჰყვა. ერთხმად აღნიშნავენ მის ოსტატურ თამაშს როლში, როდესაც ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი განასახიერა. – მსახიობ ზაზა მაღალაშვილის პერსონა.

 – ოჯახი, მშობლები… აფხაზეთში მოგიწიათ სკოლის დასრულება… დედა ადრე გარდაგეცვალათ…

„დოვჟენკოს კინოსტუდია“

– დედა – ალექსანდრა კორინთელი 41 წლის გარდაიცვალა. დიდხანს ავადმყოფობდა. მამაჩემს უწევდა ლენინგრადის ონკო-კლინიკაში მისი მუდმივი ტარება თბილისიდან. იქ ოთხი ოპერაცია გაუკეთეს.
დედმამიშვილებში  ყველაზე უფროსი ვარ. 13 წლის ასაკში მომიწია გაგრაში გადასვლა. იქ სახლი გვქონდა; რუსი მეზობლები, რომლებსაც კიდევ უფრო მეტად სურდათ გაფართოება, სახლის წართმევით გვემუქრებოდნენ. მამამ იქ ქართველ მეზობლებს ჩამაბარა, ოჯახში მომზადებული საკვები და ადამიანური ყურადღება რომ არ მომკლებოდა. ასე გადავედი თბილისიდან გაგრაში და იქაურ  N1 საშუალო სკოლაში გავაგრძელე სწავლა.
ვსწავლობდი, ვვარჯიშობდი – დავდიოდი ფარიკაობაზე და კრივზე. ზღვა ხელის გაწვდენაზე მქონდა. სკოლამდე და სკოლის შემდეგაც, დიდ მანძილზე ვცურავდი. გაგრაში შევიძინე საუკეთესო მეგობრები, რომლებთანაც დღემდე თბილი ურთიერთობა მაქვს. ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, ვიგონებთ ბავშვობას, ზღვას და გაგრის სილამაზეს.
– როგორც ვიცი, ერთხანს საღლიანის ოჯახში ცხოვრობდით…
– დედის გარდაცვალების შემდეგ, ცოტა არ იყოს, ავირიე. 16 წლის ვიყავი. დროის უდიდეს ნაწილს ქუჩაში ვატარებდი. გადავიფიქრე სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება, რისთვისაც მანამდე აქტიურად ვემზადებოდი.  კონფლიქტური გავხდი. ხშირად მიწევდა ქუჩური ჩხუბი. ერთხელაც, სერიოზული უსიამოვნება შემემთხვა, რის შემდეგაც, მამაჩემმა, თავისი კავშირების გამოყენებით, თბილისს ამარიდა და მესტიაში, პოეტ ვალერიან საღლიანის ოჯახში დამაბინავა.

სცენა „მოირადან“

ცოტა პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, სვანებთან  ჩხუბი და აყალ-მაყალი არ მქონია. დავწყნარდი.  შევიძინე ბევრი მეგობარი და ჩემი ბავშვობის გატაცებას, პოეზიას დავუბრუნდი.  ერეკლე საღლიანი და მე ძმადნაფიცები გავხდით. მისი დედმამიშვილები, კი ჩემს საუკეთესო მეგობრებად დღემდე მომყვებიან. უდიდესი მზრუნველობა გამოიჩინეს ჩემ მიმართ ვალერიან საღლიანმა და მისმა მეუღლემ, გვაშაყან კვიციანმა.
ვალერიან საღლიანმა ჩემი სიმბოლისტური ლექსებიც კი დაბეჭდა გაზეთ „ახალ სვანეთში“, რომლის რედაქტორი თავად იყო – არ მოერიდა კომუნისტურ ცენზურას. სვანეთში გატარებული წლები დღემდე მომყვება.

კადრი ფილმიდან: „დემეტრე თავდადებული“

– მსახიობობაზე არასდროს გიფიქრიათ და მაინც მსახიობის გამოხვედით…
– მას შემდეგ, რაც ექიმობა გადავიფიქრე,  კინორეჟისორობა მომინდა. მაგრამ იმ წელს ჯგუფი უკვე აყვანილი ჰყავდა თეატრალურ ინსტიტუტს და მე  ოთხი წელი მომიწევდა ლოდინი.  ჩემმა ახლო ნათესავმა, ედიშერ მაღალაშვილმა და შემდგომში, მხატვრულ კითხვაში ჩემმა პედაგოგმა, ზინა კვერენჩხილაძემ, მირჩიეს, ჯობდა, ჯერ სამსახიობოზე ჩამებარებინა და შემდგომ გადავსულიყავი კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე.
სამსახიობო პრაქტიკა  ჯერ კიდევ აბიტურიენტმა ბატონ მიხეილ თუმანიშვილთან დავიწყე. მსახიობობის მოსურნე ახალგაზრდებს ბატონი მიშა უმნიშვნელო როლებს აძლევდა. ასეთ ახალგაზრდებს თეატრის ჟარგონზე „ჭინკებს“ ეძახდნენ.

„დემეტრე თავდადებულის“ გადასაღებ მოედანზე

სტუდენტობის პერიოდში ბედმა გამიღიმა – ქალბატონ ლილი იოსელიანის რამდენიმე სპექტაკლში ვითამაშე და დიდი პედაგოგის სკოლა გავიარე. მეოთხე კურსზე სადიპლომო ნამუშევარი ბატონ გიგა ლორთქიფანიძესთან გავაკეთე. ერთ სიტყვით, გამიმართლა – გენიალური პედაგოგები მყავდა.
რით იყო საინტერესო დიმიტრი თავდადებულში“ თამაში?
– მეორე კურსზე ვიყავი, როცა ბუბა ხოტივარმა თავის ფილმში – „დემეტრე თავდადებული“, რატი სურამელის როლზე დამამტკიცა.
ფილმის გადაღება დაახლოებით ერთ  წელს გაგრძელდა. მთელი ეს პერიოდი მუდმივად ცხენზე ვიჯექი. შემიძლია ვთქვა, რომ კინოსტუდიის თავლაში ვცხოვრობდი. ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება კინოში. ამ როლის შესრულებისას ყველაზე საინტერესო ჩემთვის ცხენზე ჯირითი აღმოჩნდა.
– ჰოლანდია.  იქაც მოგიწიათ ცხოვრებამ…
ჰოლანდია ეთნიკურად მეტისმეტად ჭრელი ქვეყანაა. იქ ყოფნისას გამიჩნდა აზრი, გამეკეთებინა მულტიკულტურული გარემოს ამსახველი ვიდეოები. გავაკეთე პროექტი და მივმართე აპელდორნის მერიას, რომელმაც გამოგვიყო დაფინანსება და ფართი. ამგვარად შეიქმნა ვიდეო სტუდიო „მუდანტე“ (Music, Danсe, Theater), სადაც ჰოლანდიაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ემიგრანტები იკრიბებოდნენ, მართავდნენ წარმოდგენებს, რომლებსაც კამერაზე ვიღებდით და კლიპების სტილისტიკით ვამონტაჟებდით. პარალელურად უტრეხტის დოკუმენტური კინოს ფაკულტეტზე ვსწავლობდი.  იმ პერიოდში შევიძინე რეჟისურის,   კამერასთან მუშაობისა და მონტაჟის გამოცდილება.

„ჩემი ცოლის დაქალები“

– სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ …
– ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება სერიალში. მხატვრულ ფილმსა და სერიალს შორის არსებობს გარკვეული განსხვავება. ამიტომაც, როლს დიდი პასუხისმგებლობით მივუდექი. თანაც, ონკოპაციენტის როლის შესრულება ნამდვილად არ იყო ადვილი.
– ლევან თუთბერიძის ფილმებში: „მოირა“ და „სამურაი დასვენების ჟამს“ ითამაშეთ…  „სამურაი დასვენების ჟამს“ სოციალური დრამაა. ამ ფილმს დიდი რეზონანსი მოჰყვა. ერთხმად აღნიშნავენ თქვენს როლს, ოსტატურად შეასრულეთ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი… 

აღმოსავლური ვარჯიშები სამურაისთვოს

– ფილმი „მოირა“ ჩემთვის პირველი სერიოზული როლი იყო. იქ შშმ პირს ვთამაშობ, რომელიც ინვალიდის სავარძელში ზის.ამ ფილმმა ბევრი პრიზი აიღო საერთაშორისო ფესტივალებზე. ერთ-ერთი დიდი აღიარება სან-სებასტიანის „ა-კლასის“ ფესტივალზე ერგო.
რაც შეეხება ბოლო ფილმს – „სამურაი დასვენების ჟამს“, ამაზე, მოდი, ხუმრობით დავიწყებ. ლევან თუთბერიძე მეუბნებოდა, შენ ამ როლისთვის მომზადება არ დაგჭირდება. შენ ისედაც ვერ ხარ დალაგებული  და ამ პერსონაჟის შექმნა  არ გაგიძნელდებაო. კი ვიცინოდით, მაგრამ მთლად ასე ადვილი არ აღმოჩნდა ფსიქიკური ავადმყოფის როლის შესრულება.
რამდენიმე თვეს მომიწია აღმოსავლური ბრძოლებიდან ილეთების სწავლაც. მსახიობისთვის ეს ბეწვის ხიდზე გავლაა და სხვა არაფერი. ოდნავ გადამლაშება და ყველაფერი დაინგრევა, როლს დამაჯერებლობას დაუკარგავ. ვფიქრობ, ამ ბეწვის ხიდზე სწორად გავიარე.

„მოირა“ სან-სებასტიანში

ფილმი ძალიან საინტერესო გამოდგა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამსახიობო შემადგენლობის გამორჩეული პროფესიონალიზმი. აღარაფერს ვამბობ რეჟისორ ლევან თუთბერიძის განსაკუთრებულ ხედვაზე, ვინც ეს ფილმი აკა მორჩილაძის სცენარის მიხედვით გადაიღო. ფილმზე მეტს ვერაფერს გეტყვით. ის ჯერ კიდევ გადის კინოთეატრებში და მსურველები მისი ნახვით დიდ სიამოვნებას მიიღებენ. სამწუხაროდ, ამ ფილმს საჭირო რეკლამა არ აქვს. ვერც კინო-კრიტიკას ვხედავ, თუმცა, ამ ქვეყანაში, ლამის ყოველი მეორე კინომცოდნეა.

პოეზიის საღამოდან: ნინო ქოქოსაძე…

– წიგნი თუ გაქვთ გამოცემული თქვენი პოეზიის?
– არა, ლექსების კრებული ჯერჯერობით არ გამომიცია. რასაც ვწერ, ინტერნეტში ჩემი სოციალური ქსელის გვერდზე ვაქვეყნებ. ეს არის და ეს. მსახიობს, ისევე, როგორც პოეტს სჭირდება განსაკუთრებული ხედვა და აზროვნება. ამიტომ, მსახიობობა და პოეზია ჩემთვის ერთმანეთზეა მიბმული, ორივე მეხმარება და ერთმანეთს ავსებს.
– ჰობიც გაქვთ?
– კი. ჰოლანდიაში თიხისგან აბსტრაქტულ ფორმებს ვაქანდაკებდი. რამდენიმე პატარა გამოფენა-გაყიდვაც მოვაწყვე. ჰო, კიდევ მოყვარული პარფიუმერი ვარ. სხვადასხვა არომატს ვაკეთებ და მეგობრებსა და ცოლს ვჩუქნი.
– ოჯახი?
– შვილები ნიდერლანდებში ცხოვრობენ, სწავლობენ და მუშაობენ. მყავს ორი  შვილიშვილი: მარიტა და ანნა. ანნა ჯერ კიდევ ჩვილია. ის რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მონათლეს.

მეუღლესთან ერთად

ოჯახში არ ვიცი, როგორი ვარ. ეს ჩემს ცოლს, მაიას ჰკითხეთ. ერთი რამ ვიცი – ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ჰო, მიყვარს ხორციანი სადილების მომზადება; ამით  მეუღლეს ძალიან ვახარებ.
– სამომავლო გეგმები?
არავინ იცის, რა გველის ხვალ, ამიტომ, სამომავლო გეგმებზე საუბარი საჭიროდ არ მიმაჩნია.

                                                                                          თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები