ლევან მგალობლიშვილი: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ქმნის შერიგებისა და ნდობის აღდგენის მნიშვნელოვან სივრცეს აფხაზ თანამოქალაქეებთან
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს არა მხოლოდ ხელმისაწვდომ ჯანდაცვას სთავაზობს, არამედ ქმნის შერიგებისა და ნდობის აღდგენის მნიშვნელოვან სივრცეს აფხაზ თანამოქალაქეებთან, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა რუხში განაცხადა, სადაც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და დროებით დევნილი ბენეფიციარებისთვის სამედიცინო გამოკვლევების აქცია ჩატარდა.
სამედიცინო დაწესებულებაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გამოკვლევების მიმდინარეობას პირადად გაეცნო და დროებით დევნილ ბენეფიციარებსა და სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა.
დღის განმავლობაში, თბილისის წამყვანი კლინიკების პროფესიონალი სპეციალისტების უფასო სამედიცინო მომსახურება 400-ზე მეტმა დროებით დევნილმა მოქალაქემ მიიღო. ასევე ექიმის დანიშნულებით ბენეფიციარებს ყველა საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კოდუა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია იმყოფებოდნენ.
დღესვე, სამედიცინო აქციის ფარგლებში, საქველმოქმედო ორგანიზაცია „ილია მართალის“ მხარდაჭერით განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარს ეტლი გადაეცა, ხოლო ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ედიტა კოდუას ინიციატივით, პირველადად დადასტურებულ შაქრიანი დიაბეტის მქონე დევნილ ბენეფიციარებს საჩუქრად გლუკომეტრის აპარატები დაურიგდათ.
სამედიცინო გამოკვლევები აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანია აფხაზეთიდან დროებით დევნილი ბენეფიციარების ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.