ლევან დავითაშვილი – აშშ-ში ვიზიტზე: ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ ეს ურთიერთობები იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დასაწყისი

“ოპოზიციის დაინტერესებაა, რომ წარმოაჩინოს საქართველოს ხელისუფლება მსოფლიოსგან იზოლირებულად, თუმცა, პირიქით – მე ვიტყოდი, რომ საქართველოს ხელისუფლება არის იმ მნიშვნელოვანი ცვლილებების მონაწილე, რომელიც გლობალურად ხდება დღეს მსოფლიოში”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა – ლევან დავითაშვილმა აშშ-ში ვიზიტზე საუბრისას განუცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, ამიტომ ჩვენი მოლოდინია, რომ ეს ურთიერთობები იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დასაწყისი. ჩვენ ამერიკასთან ყოველთვის გვქონდა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ეს იყო მრავალგანზომილებიანი, მრავალ სფეროში, მაგრამ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მომავალში ახალ პერსპექტიულ თანამშრომლობაზე, რომელიც უნდა ემყარებოდეს ურთიერთხელსაყრელ პირობებს და ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი იყო ძალიან სასარგებლო.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, ამერიკაში ადმინისტრაცია ახლა ყალიბდება, ჩვენ ვხედავთ, რომ მიდის იურიდიული პროცესები, რომელიც კონგრესში ძალიან მაღალი თანამდებობის პირების დამტკიცებას უკავშირდება ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ გლობალური დღის წესრიგი იცვლება და უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გლობალურ დღის წესრიგში არსებობს ძალიან ბევრი პრიორიტეტი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომელიც განსახილველი და გადასაწყვეტია და ამ ყველაფერს სჭირდება მეტი კომუნიკაცია, დიალოგი.

შესაბამის სტრუქტურებთან გვქონდა ძალიან მკაფიო გზავნილები, რომ საქართველოს და ქართველ ხელისუფლებას სურს თანამშრომლობა და ასევე ის, რომ ჩვენ გვაქვს წარმატებული თანამშრომლობის მოლოდინი. ქართველ ხალხს აქვს ეს მოლოდინი, რადგან ჩვენ დავინახეთ, ქართველმა ხალხმა გააკეთა კონკრეტული არჩევანი, დაუჭირა მხარი კონკრეტულ მიმართულებებს და ღირებულებებს და ეს ღირებულებები სრულად თანხვედრაშია დღეს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის გაცხადებულ პოლიტიკასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოსახლეობის მოლოდინი არის საკმაოდ დიდი იმისა, რომ ჩვენ შევძლებთ მჭიდრო, პროდუქტიულ და ურთიერთხელსაყრელ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები