“რუსეთ-ამერიკის ბოლო დროს ზედმეტადაც “დამთბარი“ ურთიერთობები, როგორც ჩანს, დასასრულს უახლოვდება” – გიორგი ცუცქირიძე
“რუსეთ-ამერიკის ბოლო დროს ზედმეტადაც “დამთბარი“ ურთიერთობები, როგორც ჩანს, დასასრულს უახლოვდება. ამ ალიანსს საეჭვოდ უყურებდა არაერთი ექსპერტი, რადგან არარეალურად მიაჩნდათ ტრამპის სურვილი, რომ აშშ-სთან ალიანსში რუსეთი ჩინეთს დაუპირისპირდებოდა”, – ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პრეზიდენტ ტრამპის “მთელი ეს პოლიტიკური დითირიმბებიც რუსეთსა და პუტინზე, ამაზე იყო გათვლილი”.
“უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებიდან აშშ-ის გასვლა აჩვენებს, რომ რუსეთი დღეს ჩინეთზე იმაზე მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.
სიმპტომატურია, რომ უკრაინასთან კრიტიკულ ნედლეულზე შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ტრამპის გაპრეზიდენტებიდან პირველად, ამერიკამ რამდენიმე დღეშივე დაამტკიცა უკრაინის სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი, რომლითაც 300 მილიონ დოლარს გამოჰყოფს F-16 ტიპის ამერიკული ავიაგამანადგურლების პროგრამისთვის, რაც რუსეთის ცაში დომინირების დაბალანსებას ისახავს მიზნად!
საინტერესოა, რომ ჩვენთვისაც კარგად ნაცნობი სენატორი ლინდსი გრემი, რომელიც ტრამპის გუნდში მოიაზრება და მის მხარდამჭერად ითვლება, გამოდის ინიცირებით რუსეთის ნავთობ-გაზის ექსპორტზე ახალი, მეტად მტკივნეული სანქციების პაკეტის დამტკიცებაზე, რათა 500%-იანი ტარიფები დაუწესოს რუსეთის ძირითად სავაჭრო პარტნიორებს, ჩინეთს და განსაკუთრებით ინდოეთს, რომელიც მესამე პირის სახით ახდენს რუსული ენერგომატარებლების ექსპორტს მსოფლიოში.
ამასთან, თუ ამას დავუმატებთ, ნავთობზე ფასების მკვეთრ ვარდნას, და ბარელი ნედლი ნავთობის 40 აშშ დოლარამდე ჩამოსვლის პერსპექტივას, გათვლაც რუსეთის ბიუჯეტის მთავარი შემავსებელი პროდუქტების გაზისა და ნავთობის ბიზნესის ჩაძირვას და სამხედრო წარმოებაზე გადასული რუსული ეკონომიკის გამოფიტვას ემსახურება. ცნობილი რომაული გამოთქმაც -„ფული და მატერიალური საშუალებები, აუცილებელია ომების საწარმოებლად“ -დღეს კიდევ უფრო აქტუალურია.
ბუნებრივია, რუსეთის ეკონომიკა რამდენიმე თვეში ვერ ჩამოიშლება, ომი კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება, რაც გასულ 3 წელიწადში საერთაშორისო სანქციების ნაკლებ ეფექტურობამაც დაადასტურა, მაგრამ საშუალო ვადიან პერიოდში სერიოზულ საბიუჯეტო პრობლემებს გამოიწვევს. აქვე მსურს აღვნიშნო, რომ სანქცირების ამ რეჟიმს ჰყავდა და ჰყავს მოწინააღმდეგენიც (მათ შორის იყო პრეზიდენტი ტრამპიც)რომლებიც თვლიან, რომ ამ ზეწოლით რუსეთი კი არ დასცილდება, არამედ კიდევ უფრო მეტად გახდება ჩინეთზე დამოკიდებული.
თუმცა დრო მეტად ცვალებადია, მით უმეტეს გლობალურ პოლიტიკაში. ტრამპი ვერ წავიდოდა და ვერც წავა აშშ-ის გლობალური დომინირების ცნობილი დოქტრინის წინააღმდეგ, აშშ-ის ყველა პრეზიდენტი, მათ შორის კენედი სწორედ ამ დოქტრინას შეეწირა.
ბუნებრივია, არც რუსულ-ჩინურ-ირანული ალიანსი იქნება მუდმივ მოლოდინის რეჟიმში. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით ჰუსიტების გააქტიურება ისრაელის წინააღმდეგ ამის მანიშნებელია.
ჩვენ ვდგავართ საერთაშორისო ესკალაციის ახალ ეტაპზე, აშშ დიდი ალბათობით დაუბრუნდება ევროპასთან და ნატოს-თან ბოლო წლების ჩამოყალიბებულ პოლიტიკას, გარკვეული კორექტირებით, სადაც ევროპის ქვეყნებს მოუწევთ ამერიკული უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ, სამხედრო ხარჯების გაზრდა და უკრაინის უფრო აქტიური მხარდაჭერა საჭირო, თანამედროვე იარაღით. ამის პირველ ნაბიჯად აშშ-ს მხრიდან უკრაინისათვის ახალი 300 მილიონიანი პაკეტის დამტკიცება უნდა მივიჩნიოთ.
სიტუაცია, რომელიც მსოფლიოში და ჩვენს ირგვლივ ვითარდება, როგორც იტყვიან პოლიტიკაში ფილინგრანულ ტექნიკას მოითხოვს. სიტუაცია კიდევ უფრო შეიძლება დამძიმდეს, ვიდრე ბაიდენის პრეზიდენტობისას იყო. ჩვენმა ხანგრძლივმა ისტორიამაც გვაჩვენა, რომ გლობალური რყევებისას, ქვეყანა მხოლოდ სხვათა იმედად ვერ იქნება.
მთლიანად გარედან დაფინანსებული ოპოზიციის განულებული რეიტინგებიც ამის მკაფიო მაგალითია. ქვეყნის გლობალურ ინტერესზე მორგება, სადაც ეროვნული ინტერესები არ არის გათვალისწინებული, ვერ გამოდგება ელექტორალურ ბარომეტრად.
ჩვენ გვჭირდება ეროვნული კოდი, რომელიც პირობითად საკუთარი თავის იმედზე იქნება ორიენტირებული და გლობალურ ინტერესსაც ეროვნულ პრიზმაში გადაკვეთავს”, – წერს ცუცქირიძე.