პროექტი შეიცვალა და ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები წარმოდგენილი, რომ პროექტის ცვლილებები იყო გაყალბებული, – ამის შესახებ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, სწორედ, პროექტის ცვლილებებია დამდგარ შედეგთან კავშირში.
„ჩვენ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საინჟინრო ექსპერტიზა ჩავატარეთ. აღნიშნული ექსპერტიზით დადასტურდა, რომ პირველადი პროექტი იყო ხარვეზიანი, იქ არ იყო უსაფრთხოების ნორმები გათვალისწინებული, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, პროექტი შეიცვალა და ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები წარმოდგენილი, რომ ეს პროექტის ცვლილებები იყო გაყალბებული და “გრინსერვის პლიუსის” დირექტორმა წარადგინა გაყალბებული ცვლილებები და ამ ცვლილებების საფუძველზე ჩატარდა სამუშაოები. სწორედ ამიტომ, ცვლილებები არის პირდაპირ კავშირში დამდგარ შედეგთან, რაც შეეხება სხვა მხრივ მოწმის ჩვენებას, მოწმემ კიდევ ერთხელ კატეგორიულობით განაცხადა, რომ ცვლილებები მათ კომპანიას არ შეუდგენია და კომპანიაში დასაქმებული არქიტექტორების ხელმოწერები არის გაყალბებული და ბეჭდებიც არის გაყალბებული. შესაბამისად, ეს პროექტებიც არის გაყალბებული”,- განაცხადა ტყეშელაშვილმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი – ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული.