რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი ლევან გოფოძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
როგორც გოფოძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, პროკურატურის კითხვები რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებს შეეხებოდა.
„შეკითხვები შეეხებოდა პანდემიის დროს მიმდინარე კლინიკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს… დამისვეს შეკითხვები, რომლებიც შეეხებოდა რეაბილიტაციის პროცესს, როგორ და რანაირად მიმდინარეობდა, ვინ ვიყავით ამაში ჩართული, ამაზე მივაწოდე ინფორმაცია“, – აღნიშნა გოფოძემ „ფორმულასთან“ საუბრისას.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა გამოკითხვაზე დაბარება იყოს ზეწოლის მცდელობა, რადგან თავადაც მონაწილეობს კლინიკის ექიმების აქციაში, გოფოძემ უპასუხა: „იმის იდეას, რომ რესპუბლიკური უნდა გადარჩეს, ვიზიარებთ ყველა. ამიტომაც რაიმე ზეწოლის განხორციელება ამ მიმართულებით არ მგონია იყოს ჩემზე“.