გოგაშვილის საქმის პროკურორი: სასამართლომ სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გოგაშვილი წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მას 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ირაკლი მარშანიას თქმით, ბრალდების მხარეს ჰქონდა მრავალი და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებები.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც იყო ურთიერთშეჯერებული. ბრალდების მხარეს მრავალი მტკიცებულება ჰქონდა წარმოდგენილი და სასამართლომ სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა: დამნაშავედ ცნო იოსებ გოგაშვილი ყველა ბრალდებაში. ხუთი ბრალი ჰქონდა წარდგენილი და ხუთივეში ცნო დამნაშავედ.
სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, მას განესაზღვრა სასჯელად 5 წელი. როდესაც გაეცნობა ბრალდების მხარე ამ განაჩენს, შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, სასჯელის ნაწილში გავასაჩივროთ თუ არა“, – თქვა მარშანიამ სხდომის დასრულების შემდეგ.