აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელსაც პორნო ვარსკვლავისთვის თანხის გადაცემისთვის ბრალი წარუდგინეს, დღეს ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე წარდგება.
ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილების შემდეგ, მანჰეტენის ოლქის პროკურორი, ელვინ ბრეგი ტრამპს ბრალს ოფიციალურად წაუყენებს. ყოფილ პრეზიდენტს სასამართლოში დააპატიმრებენ, აუღებენ თითის ანაბეჭდს და გადაუღებენ ფოტოს პროფილსა და ანფასში, როგორც ყველა ეჭვმიტანილს, რის შემდეგაც საქმის პირველი სხდომა გაიმართება.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს, რომ არ დაუშვას პროკურატურის მიერ ვიდეო- და ფოტოგადაღება, ასევე, რადიომაუწყებლობა.
სასამართლოსადმი გაგზავნილ წერილში ისინი აცხადებენ, რომ ეს “დაამძიმებს საქმის გარშემო ისედაც არსებულ კომიკურ ვითარებას”. მოსამართლის გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის.
იურიდიული გუნდის გასაძლიერებლად, ტრამპმა დამატებით ცნობილი კრიმინალურ მიმართულების ადვოკატი და ყოფილი ფედერალური ადვოკატი, ტოდ ბლანში დაიქირავა.
დონალდ ტრამპს ბრალს ადგილობრივი დროით 14:15 საათზე წაუყენებენ.
ამის შემდეგ, ოლქის პროკურორი, ელვინ ბრეგი ნიუ-იორკში პრესკონფერენციას გამართავს, ხოლო ტრამპი ფლორიდაში დაბრუნდება და საღამოს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან სიტყვით გამოვა.
ნიუ-იორკის პოლიციამ Trump Tower-სა და მანჰეტენის სისხლის სამართლის სასამართლოსთან ბარიერები აღმართვა. ამ ადგილებში დღეს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერების, ასევე, მისი ოპონენტების დემონსტრაციებია მოსალოდნელი.
ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა განაცხადა, რომ ქალაქში უსაფრთხოების სერიოზული საფრთხე არ არსებობს.
„როგორც ყოველთვის, ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობას ან რაიმე სახის ვანდალიზმს და თუ ვინმეს დავიჭერთ ძალადობის აქტში მონაწილეობისთვის, ის იქნება დაპატიმრებული და დასჯილი იმის მიუხედავად, თუ ვინ არის ის“, – თქვა ადამსმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 3 აპრილს ჟურნალისტების კითხვაზე, აშფოთებს თუ არა მას ნიუ-იორკში არეულობის შესაძლებლობა, თქვა: „არა, მე ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის მჯერა“.