“გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 31-ე წლისთავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში. გარდა იმისა, რომ სამსახურმა წლების განმავლობაში განავითარა მართვის წარმატებული სისტემა, ასევე, ფეხი აუწყო ცვალებად და გამოწვევებით აღსავსე სამყაროში მიმდინარე პროცესებს, დანერგა პროგრესული ცვლილებები, ახალი ტექნოლოგიები, გადამზადების პროგრამები“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 31-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, სამ ათწლეულზე მეტია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მაღალი პროფესიონალიზმით, სიმამაცითა და თავდადებით ემსახურებიან ქვეყანას, იცავენ სახელმწიფოებრიობას, კონსტიტუციურ წესრიგს, ქართველ და საქართველოში მყოფ უცხოელ მაღალი თანამდებობის პირებს.
„უკანასკნელ პერიოდში, განსაკუთრებით გასული წლის ბოლოს, ჩვენი ქვეყანა საზოგადოებრივი წესრიგის სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ძალადობრივი ჯგუფებისგან ვიხილეთ შეტევები პარლამენტის შენობაზეც. ამ გამოწვევების პირობებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მყარად იდექით პარლამენტის დაცვის სადარაჯოზე, თქვენ დაიცავით არა მხოლოდ პარლამენტის სასახლე, არამედ პარლამენტი, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი. დიდი რისკების ფონზე, მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედებდით. მნიშვნელოვანია თქვენი წვლილი იმ საფრთხეების აღკვეთაში, რომლებიც დემოკრატიულ პროცესებს ემუქრება. სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებით მათ, ვინც სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა იმ რთულ დღეებში, დიდ მადლობას გიხდით. ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სამსახურის ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის. მინდა, პატივი მივაგო იმ თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ. ეს ადამიანები ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებენ სამსახურის ისტორიასა და ჩვენს მეხსიერებაში. საქართველოს პარლამენტის სახელით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ და ყოფილ წევრებს, კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ 31-ე წლისთავს და გიდასტურებთ ჩემს დიდ პატივისცემასა და მხარდაჭერას. გისურვებთ მხნეობას, სიმტკიცეს, გამძლეობას, შემდგომ წარმატებას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.