ბათუმში გაჩენილ ხანძარს ქალები და ბავშვი გადაურჩნენ – “სახლი მთლიანად დაიწვა”
ბათუმში გრიბოედოვის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც „კვირას“ აჭარის საგანგებო და სამაშველო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, ხანძრის გაჩენის დროს სახლში ორი ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა ისინი არ დაშავებულან. მისივე თქმით, ხანძარმა აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაანადგურა.
„გუშინ 12 საათისთვის ჩვენთან შეტყობინება შემოვიდა ხანძართან დაკავშირებით, იწვოდა კორპუსის ბინის ბოლო სართული. ხანძრის დროს სახლში ორი ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, ისინი ზედა სართულიდან ქვედა სართულში მეზობლებთან ჩამოსვლა მოახერხეს და დამწვრობა არ აღენიშნებათ, თუმცა მათი გადაყვანა საავადმყოფოში მაინც გახდა საჭირო. ვინაიდან სახლი ხის იყო ყველაფერი განადგურდა”, – განაცხადა “კვირას” მამუკა თურმანიძემ.
აღნიშნული ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.