მაია ბითაძე: ვულოცავ მთელს საქართველოს, მართლმადიდებლურ სამყაროს ახალი პატრიარქის არჩევას

“ვულოცავ მთელს საქართველოს, სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს ახალი პატრიარქის არჩევას. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გვყავს ახალი პატრიარქი, რომელიც პირველ რიგში არის გამორჩეული ადამიანი და გამორჩეული პატრიარქი ილია მეორის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ერისთვის იმ ნდობიდან, პატივისცემიდან და სიყვარულიდან გამომდინარე, რაც სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს ჰქონდა ილია მეორის მიმართ”,- ამის შესახებ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას სწამს, რომ დაიწყება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კიდევ უფრო გაძლიერების ახალი ეტაპი.

„ყველას ერთად გვწამს, რომ დაიწყება ახალი ეტაპი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კიდევ უფრო გაძლიერების, რაც ვფიქრობ, რომ იქნება კიდევ გადადგმული ნაბიჯი, რომ ჩვენი ერი საბოლოოდ გაერთიანდეს და აღმოიფხვრას ყველა ის დაპირისპირება, რის ასე გაღვივებასაც სამწუხაროდ ზოგიერთი ადამიანი ცდილობდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან.

ჩვენ ვიხილეთ, რომ იყო მცდელობა ქართული ეკლესიისთვის ასეთი მნიშვნელოვანი დღე გადაექციათ პოლიტიკური თამაშის არენად, რაც ძალიან სამწუხარო და შავ ლაქად დარჩება ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც ამას აკეთებდა“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით არჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები