„ჯოჯოხეთური სათიბი“ – სსრკ-ს საშინელი იარაღი, რომელიც, საბედნიეროდ, პროექტად დარჩა
პროექტი „ჯოჯოხეთური სათიბი“, რომელიც სსრკშ-ში იქმნებოდა, ბოლომდე არ მიიყვანეს. უცნაური ტექნიკის რამდენიმე მასშტაბური მოდელი წარსულს ჩაბარდა, ხოლო ნახაზები წარწერით „გასაიდუმლოებული“ დახურული ინსტიტუტების არქივებში მიიკარგა. საყოველთაო წვდომაში დარჩა მხოლოდ შემქმნელების მოგონებები და რამდენიმე ფურცელი სქემებითა და ესკიზებით.
მასობრივი განადგურების თითქმის ყველა იარაღს, რომლის შექმნაც კაცობრიობამ მოახერხა გასული საუკუნის განმავლობაში, ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი ჰქონდა. მან არა მხოლოდ გაანადგურა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა, არამედ უიმედოდ დააზიანა სამხედრო ტექნიკა, შენობები და ნაგებობები. ბირთვული იარაღის შემთხვევაში, ტერიტორია, სადაც ის გამოიყენებოდა, მრავალი წლის განმავლობაში გამოუსადეგარი გახდა.
გარდა ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღისა, რომლის გამოყენებაც არ განიხილებოდა მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულებისა და კონვენციის გამო, არ არსებობდა მატერიალური ფასეულობების შენარჩუნებით, ადამიანების მასობრივი მკვლელობის საშუალებები. რა თქმა უნდა, ის უნდა გამოჩენილიყო და ამ საკითხში, როგორც არაერთხელ მოხდა, ლიდერი საბჭოთა კავშირი გახდა.
„ჯოჯოხეთურ სათიბზე“ მუშაობის დაწყებისკენ სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს 1969 წელს ჩინეთთან მომხდარმა კონფლიქტმა უბიძგა დამანსკის კუნძულზე. მაშინ ჩინეთი სსრკ-ს ტერიტორიაზე შეიჭრა. მოწინააღმდეგემ დაახლოებით 700 მებრძოლი დაკარგა, მაგრამ ამასთანავე დაიღუპა 58 და დაიჭრა 94 საბჭოთა მესაზღვრე. თავდამსხმელები „გრადის“ მეშვეობით დაამარცხეს, რომელიც მაშინ პირველად იქნა გამოყენებული. ამის შემდეგ სამხედროები დაფიქრდნენ – რომელი იარაღი იმუშავებდა ასევე ეფექტურად, როგორც ზალპური ცეცხლის სისტემა, მაგრამ ამავდროულად გამორჩევით იმოქმედებდა, მხოლოდ მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალაზე იქნებოდა ორიენტირებული. ძალიან კარგ იდეად მიაჩნდათ ზებგერითი თვითმფრინავი, რომელიც ძალიან დაბლა იფრენდა და მოწინააღმდეგეს დარტყმის ძალით მოკლავდა.
სსრკ-ში 60-იანი წლების ბოლოს შემუშავებული იყო კარგი სამეცნიერო ბაზა, რომელიც ზებგერით სამხედრო თვითმფრინავებს ეხებოდა. მკვლევრები ამბობდნენ, რომ თვითმფრინავს, რომელიც მიწიდან 30-50 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავდა, დარტყმის ტალღის წარმოშობა შეეძლო, რომელიც მოკლავდა როგორც ადამიანს, ისე ცხოველების უმეტეს ნაწილსაც, ვინაიდან ხდებოდა სისხლძარღვთა მასობრივი დაზიანება.
საკითხის დეტალურად შესწავლის და იმის გაგების შემდეგ, რომ აშშ-ს ჯერ ასეთი თვითმფრინავი არ ჰყავს, სსრკს თავდაცვის სამინისტრომ სასწრაფოდ გადაწყვიტა დაკავებულიყო ასეთი პერსპექტიული იარაღის შემუშავებით. ავიაკონსტრუქტორებს მოუწიათ სულ ნულიდან შეექმნათ ახალი თვითმფრინავები, ვინაიდან მსოფლიოში მსგავსი რამ არ არსებობდა.
„ჯოჯოხეთური სათიბისთვის“, რომელსაც M-25 დაარქვეს, შეიმუშავეს ძალიან დიდი ძრავი, რომელიც ერთად 4-6 ცალი უნდა დამონტაჟებულიყო. ასეთი გადაწყვეტილება იძულებითი იყო, ვინაიდან თვითმფრინავის ასეთ სიმაღლეზე ულტრაბგერით სიჩქარემდე აჩქარებას ძალიან დიდი ძალა დასჭირდებოდა.
საბედნიეროდ, მსოფლიომ ვერ ნახა ეს თვითმფრინავები მუშა მდგომარეობაში. ყველა თეორიული ანგარიშის გაკეთების შემდეგ M-25-ის შემქმნა არაპრაქტიკული აღმოჩნდა და 1972 წელს პროექტი შეაჩერეს. რამ შეუშალათ ხელი მუშაობა ბოლომდე მიეყვანათ? პირველ რიგში, იმან, რომ „ბგერითი მკვლელი“ ეფექტური მხოლოდ ქაღალდზე იყო. მისი გამოყენება გულისხმობდა ძალიან დიდი სიჩქარით ფრენას ძალიან დაბალ სიმაღლეზე, ამიტომ თვითმფრინავის გამოყენება შესაძლებელი იყო მხოლოდ სწორ ზედაპირზე, მაგალითად, მინდორში.
ცხადია, რეალურ პირობებში ასეთი მინდვრები, სადაც ძალიან ბევრი მტერი იქნებოდა მობილიზებული, პრაქტიკულად არ არსებობს. ასევე, ძალიან ცუდად იყო შემუშავებული უშუალოდ თვითმფრინავის დაცვის საკითხი და ბოლოს, შესაძლოა ყველაზე დიდი მისი მინუსი ბევრი საწვავის მოხმარება გახლდათ. არსებულ დიდ ძრავებთან ერთად, მას არ ჰქონდა საწვავის დიდი ავზები, ამიტომ ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობისას საწვავის ავზებიც ძალიან მალე დაიცლებოდა და თვითმფრინავს საბრძოლო ველის დატოვებაც ძალიან მალე მოუწევდა.