„აგვისტოს ომში საქართველომ არა თუ დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიები, არამედ დაკარგა კოდორის ხეობა და კიდევ ერთხელ განადგურდა გენოფონდი, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად უნდა დაეკისროს მიხეილ სააკაშვილს“ – კონსტანტინე გამსახურდია ოპოზიციონერი აქტივისტის, ლეილა ცომაიას 2008 წლის წერილს აქვეყნებს
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია, ამჟამად, ოპოზიციონერი აქტივის, ლეილა ცომაიას მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ამავე წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ წერილს ავრცელებს.
წერილში, ლეილა ცომაია, საუბრობს მიხეილ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების ბრალეულობაზე და წერს, რომ „აგვისტოს ომმა ცხადყო და ნათლად წარმოაჩინა მიხეილ სააკაშვილის, როგორც მთავარსადლისა და მისი მაღალჩინოსანი სამხედროების სრული დილეტანტიზმი და პროფანიზმი.“
ამავე დროს, ცომაია აღნიშნავს, რომ აგვისტოს ომში საქართველომ არა თუ დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიები, არამედ, უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ნაწილი – კოდორის ხეობა დაკარგა და კიდევ ერთხელ განადგურდა გენოფონდი, რაზეც პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს უნდა დაეკისროს.
„რამდენადაც ქ-ნი ლეილა ცომაია კვლავ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, უინტერესო არ იქნებოდა მისი ამ წერილის გაცნობა 2008 წლის აგვისტოს ომზე
“განმათავისუფლებელი”
2008 წ. 18 სექტემბერი
7-23 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა ხანგრძლივმოქმედი კოლაფსი და საყოველთაო კატასტროფა მოუტანა ქართველს ერს. ამ ქარიშხალივით თავსდატეხილმა ომმა თავზარდამცემად გააშიშვლა ილუზიონისტ-პოლიტიკანის,
მიხეილ სააკაშვილის ავანტიურისტული ვნებანი – თავს მოეხვია წასაგებად განწირული ომი, რისთვისაც მან დროც, თავისი “დიდი მასწავლებლის” – შევარდნაძის მსგავსად, აგვისტო შეარჩია, როდესაც მნიშვნელოვნად დაქვეითებულია სამხრეთელი ქართველების შრომისა და ბრძოლის უნარიც, რომ არაფერი ვთქვათ ბაქი-ბუქა პრეზიდენტის “სამხედრო ძლიერების” ბლეფზე. ემზადებოდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი და მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი ამ საპასუხისმგებლო ომისათვის? დიახ, ემზადებოდა! 2006 წლის 15 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა 179 ხმით მიიღო დადგენილება რუსი “სამშვიდობო ჯარების” ცხინვალის მხარიდან გაყვანის შესახებ (მანამდეც არსებობდა რიგი დადგენილებები ამ საკითხთან დაკავშირებით) და 1992 წლის 24 ივნისის დაგომისის ხელშეკრულების გადახედვის შესახებ, თუმცა, ოპოზიცია ითხოვდა ამ ხელშეკრულების სრულ დენონსაციას. ყოველწლიურად იზრდებოდა სახელმწიფოს თავდაცვის ბიუჯეტი და ჯარის რიცხვითი რაოდენობა (იგი, საბოლოოდ 2008 წლის 15 ივლისის პარლამენტის დადგენილებით, 37000-ით განისაზღვრა).
2007 წლის ბოლო თვეებში, სააკაშვილის ხელისუფლების მხარდამჭერთა მხრიდან აქტიურად ვრცელდებოდა ხმები ცხინვალის რეგიონის დაბრუნების მზადების შესახებ და ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული აქტის ჩაშლა მთლიანად ოპოზიციის მიერ ნოემბერში საპროტესტო აქციების გაშლას ბრალდებოდა. 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის მთავარი პირობა, მომავალ საპრეზიდენტო ვადაში ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის საქართველოსთვის დაბრუნება იყო. ამგვარი აღმშენებლური ამბიციები (გახსოვთ, ალბათ, მან ორივე საპრეზიდენტო ინაუგურაციის დროს ფიცი დავით აღმაშენებლის საფლავზე დადო) მას პირველ საპრეზიდენტო ვადაშიც გააჩნდა და ცხინვალის რეგიონში “ძლევამოსილი შესვლის” რეალური მცდელობაც ჰქონდა (2004 წ. ივნისი და აგვისტო-სექტემბერი). ამ ავანტიურისტული სულისკვეთებითა და პარანოიდული ჟინით გამოსტაცა ხელიდან დაუმორჩილებელ თავდაცვის მინისტრ ირ. ოქრუაშვილს (რომელიც მტკიცე შემართებითა და თავდაჯერებით აცხადებდა, რომ 2007 წლის 1 იანვარს იგი ცხინვალში შეხვდებოდა) შიდა ქართლის საქართველოსთვის დაბრუნების შედარებით რეალური ინიციატივა, რისთვისაც მას გააფთრებით შეებრძოლა – 2006 წლის ნოემბერში იგი თანამდებობიდან გადააყენა, ხოლო 2007 წლის 27 სექტემბერს, კორუფციის ბრალდებით დააპატიმრა, 10 მილიონი ლარი გირაოს სახით გამოსძალა, საქართველოდან განდევნა (მას საფრანგეთის ვიზა და გერმანიის ბილეთი საპატიმროში მიუტანეს) და ემიგრაციაშიც მასზე სისხლის სამართლის დევნა გამოაცხადა. ოქრუაშვილის ნაცვლად კი, თავდაცვის მინისტრის პოსტზე სრულიად უსახური და არაჯანსაღი ჰაბიტუსის (გავრცელებული ხმებით იგი მორფინისტია) პიროვნება დავით კეზერაშვილი აღაზევა.
ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყნის პრეზიდენტსა და მთავარსარდალს ერთი დღითაც კი არ ჩაუცვამს სამხედრო ფორმა და არც ნირი შეცვლია, არამედ მას და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს, ომის დაწყებიდან ოთხი დღის განმავლობაში, პირიდან ღიმილი არ მოსცილებიათ, როცა ბარბაროსი მტრისაგან ულმობლად იწირებოდნენ ხელისუფლებისაგან სრულიად დაუცველი ადამიანები, სრულად წყდებოდნენ ოჯახები და სისხლიდან იწრიტებოდა საქართველო. ჩვენი ქვეყნის ეს ორი უმაღლესი ხელისუფალი კი სასოწარკვეთილ, დაბნეულ გაოგნებულ ხალხს, პარლამენტის წინ მიტინგებზე უხმობდნენ და იმედისა და რაიმე გონივრული სტრატეგიის ნაცვლად ხელში დროშებს აჩეჩებდნენ, მათ წინაშე ბაქი-ბუქობდნენ და ტაშ-ფანდურობდნენ. უმაღლესი მთავარსარდლისა და პარლამენტის თავმჯდომარის ამგვარ არაადექვატურ ქმედებებს, ბარბაროსი მტრის თბილისში შემოჭრის მცდელობამ უცვალა ნირი. აი, მაშინ კი დამფრთხალ-დამდუღრული სახით გამოვიდა დავით ბაქრაძე და ტელევიზიით განგვიცხადა: ყველამ საკუთარი შესაძლებლობებით დაიცავით თავიო და პრეზიდენტ-მთავარსარდლის დანაბარებიც გადმოგვცა: მშვიდად შეხვდით განსაცდელს, გარეთ არ გამოხვიდეთ, თუ მტერი სახლებში შემოგეჭრათ ხელები არ გაანძრიოთო, ანუ მტერს ხელებაწეული და დაჩოქილი შეხვდითო. თავად ბაქრაძეს კი სახეზე აშკარად ეწერა გაქცევის მზადება, სავარაუდოდ, პრეზიდენტ-მთავარსარდალთან ერთად.
დიახ, ეს მუხანათური გადაწყვეტილება ბაქრაძის ჩამქრალ გასაიდუმლოებულ მზერაში აშკარად ბუდობდა. ხელისუფლებას არაოფიციალურად ჩამოცილებული იყო სახელმწიფოს პრემიერ მინისტრი ლადო გურგენიძე, რომელიც, ომის დაწყებამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში საერთოდ არ ჩანდა სახელისუფლო ავანსცენაზე და იგი მხოლოდ ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს გამოჩნდა მოკრძალებული საქმიანობით – კაბინეტური შეხვედრები გამართა მთავრობის წევრებთან. ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე ჯარისკაცს,რომლებმაც გვითხრეს, რომ მათ ბოლო ორის თვის განმავლობაში, ყოველ დღე ემზადებოდნენ ცხინვალში შესასვლედად, მათ იცოდნენ, რომ უნდა ებრძოლათ შიდა ქართლის დასაბრუნებლად.
(ჩვენ მათ სახელებსა და გვარებს და დისლოკაციის ადგილებს შეგნებულად არ ვასახელებთ).
ომიდან გამოსული, გადარჩენილი ჯარისკაცები კი გვეუბნებოდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი ტყვია-წამალი და თვით ავტომატებიც კი, უიარაღო ბიჭები, ბრძოლის ჟინჩაკლული იღუპებოდნენო.
მაგალითად, ვაზიანის 700-კაციან ბატალიონიდან მხოლოდ 300 ჯარისკაცი გადარჩენილა.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომმა, ბლეფად აქცია პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ყბადაღებული და რეკლამირებული ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და სიძლიერე და ნათლად წარმოაჩინა თავზარდამცემი რეალობა: საერთოდ არ გვყოლია სამხედრო ავიაცია, არ გვქონია არანაირი საზენიტო დანადგარები, ხუხულა ყოფილა სანავიგაციო სისტემა, არ გვყოლია არანაირი დაზვერვა, არ გვქონია საკმარისი ავტომატები და ტყვია-წამლებიც კი, ეს ყოველივე მაშინ, როცა ქვეყნის სამხედრო თავდაცვის ბიუჯეტი ორჯერ აღემატება სამოქალაქო ბიუჯეტს, ხოლო ჯარისკაცების წვრთნა და სამხედრო მომზადება მხოლოდ რეკლამისთვის განკუთვნილი მოკლემეტრაჟიანი კინოსერიალები ყოფილა.
მთელი ომის განმავლობაში გულისმომკვლელად და აღმაშფოთებლად მწირი იყო ინფორმაციები ომის მსვლელობისა და მდგომარეობის შესახებ. სააკაშვილის მიერ მონოპოლიზირებულ ტელევიზიებში აშკარად იგრძნობოდა მკაცრი სახელმწიფო ცენზურა, მაშინ, როდესაც დღევანდელი ტექნიკური პროგრესის პირობებში სრულიად შესაძლებელია პირდაპირი ტრანსლიაცია საომარი მოქმედებებისა. ასე იყო ერაყის ომის, იუგოსლავიის და თვით ჩეჩნეთის ომის დროსაც. ჩვენ კი მხოლოდ უცხოური ტელეკომპანიების მოიმედენი ვიყავით, რომ ის ინფორმაციები მაინც მიგვეღო, რასაც ეს ტელეკომპანიები ავრცელებდნენ საინფორმაციო მეტრაჟით. ქართველ ჟურნალისტებს, ვითომდაც მათი უსაფრთხოების მიზნით ომის მოქმედების ზონებში არ უშვებდნენ. შესაბამისად არაფერი ვიცით, როგორ იბრძოდნენ ჩვენი ჯარისკაცები, რა სამხედრო ტექნიკით, როგორი განლაგებით, საერთოდ იყო თუ არა ომის ეპიცენტრში თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც ტელეეკრანზე მხოლოდ 17 აგვისტოს გამოჩნდა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. სად იყო და როგორ მოქმედებდა ჩვენი გენერალიტეტი, უშიშრობისა და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საზღვრის დეპარტამენტის უფროსი ბიწაძე, რომლებიც ერთიანად გამქრალი იყვნენ არეალიდან. ჩვენ იძულებულნი ვიყავით გვესმინა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ ორწუთიან ბრიფინგებზე გაჟღერებული ქართველი მეომრების გმირობებზე, თავგანწირვაზე და ქართველი მეომრების მიერ ჩამოგდებულ 30-მდე ოკუპანტების თვითმფრინავზე, მაშინ, როცა დღემდე არ არსებობს არც ერთის დამადასტურებელი კადრი. ომის შედეგი კი კატასტროფულია, როგორც ფიზიკური სამხედრო ძალისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგებით ასევე ნგრევის მასშტაბებით, რითაც ეს ომი დიდად გასცდა 1992-93 წ. წ. აფხაზეთის ლოკალურ ომს.
დღეს ჩვენ ორკვირიანი ომის შედეგად გვყავს 130 000-მდე დევნილი, 20 000-ზე მეტი დაღუპული (თუმცა ოფიციალური ხელისუფლება ამ ციფრს 2 000-მდე ამცირებს). გადამწვარ-გადაბუგულია თითქმის მთელი საქართველოს ტყე-პარკი და მინდვრები, სრულიად დანგრეული, გაძარცული და გაჩანაგებულია სამხედრო და თვით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც, აფეთქებულია სარკინიგზო ხიდები და ა. შ. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომმა ავიაგამანადგურებლებით თბილისშიც შემოაღწია და მოიცვა სრულიად საქართველო, რუსმა ოკუპანტებმა ყველგან ჩვეული მაოხრებული კვალი დატოვეს.
პრეზიდენტისა და მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან აშკარაა მცდელობა ტაბუ დაადოს და მიჩქმალოს ზემო აფხაზეთის (კოდორის ხეობის) საკითხი, რომლის ტერიტორია ჩვენ, ამ ომის შედეგად დავკარგეთ და იქ დღეს საქართველოს დროშების ნაცვლად აფსუა სეპარატისტების დროშა ფრიალებს. იმის ნაცვლად, რომ ამ სტრატეგიული ხეობის შესანარჩუნებლად მაინც გადაგვესროლა მთელი ძალები, სეპარატისტებსა და ოკუპანტებს ხეობა, თითქმის უბრძოლველად დავუთმეთ, საიდანაც, აგრეთვე გვყავს დევნილები.
აგვისტოს ომმა ცხადყო და ნათლად წარმოაჩინა მიხეილ სააკაშვილის, როგორც მთავარსადლისა და მისი მაღალჩინოსანი სამხედროების სრული დილეტანტიზმი და პროფანიზმი, სამხედრო მოუმზადებლობა და უუნარობა, ბლეფად აქცია ჩვენი, ვითომცდა “ევროპული სტანდარტების შესაბამისი, “სამხედრო ძლიერება”. ამ მხრივ სულაც არ გვქონია მნიშვნელოვანი პროგრესი შევარდნაძისეულ თავდაცვისუნარიანობასთან, ხოლო საჰაერო თავდაცვა კვლავ არ გასცილებია დავით თევზაძის ლაკატკის დონეს. საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოებისადმი პასუხისმგებლობის ხარისხიც შევარდნაძის დონის იდენტური აღმოჩნდა; ისევე როგორც შევარდნაძემ, არც სააკაშვილმა მოახდინა საომარი კონფლიქტს ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მაშინ, როცა სეპარატისტების ლიდერმა, ომის დაწყებამდე მზრუნველად გახიზნა ოსი მოსახლეობა და ეს პროცესი არ ყოფილა გასაიდუმლოებული თუ დახურული, არამედ იყო საჯარო. სააკაშვილმა, როგორც 24 აგვისტოს პარლამენტის ბიუროს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, იცოდა, რომ რუსეთი ემზადებოდა აგვისტოს ომისათვის და ამის შესახებ აფრთხილებდა კიდეც მსოფლიოს, მაგრამ ევროპამაც, დასავლეთმაც და ამერიკამაც წაუყრუეს. მათ ამგვარი ყრუდქმნილი მდგომარეობა შეინარჩუნეს ომის დაწყებისა და მსვლელობის თითქმის ოთხი დღის განმავლობაში ანუ, სანამ მთლიანად არ დაიბომბა შიდა ქართლის ტერიტორიები და არ ამოხოცეს ქართველი მოსახლეობა და ქართული ჯარი.
საქართველო იქცა რუსეთ-ამერიკის ბრძოლის ველად და ამ ომში დამარცხდა, როგორც საქართველო, ასევე რუსეთიც, რომელსაც ამერიკამ “დუმილის პოლიტიკით” თავისივე დადგმულ ხაფანგში გააყოფინა თავი, რითაც მსოფლიოსათვის საშიშ აგრესორად წარმოაჩინა და საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია და, პერსპექტივაში, სახელმწიფოეობრივად დაასუსტა იგი.
ნიშანდობლივი იყო, რომ სააკაშვილი, რუსი ოკუპანტების შეფასებისას ისტორიულ პარალელს განუხრელად ავლებდა მხოლოდ 1921 წლის ანექსია ოკუპაციის ფაქტთან და არამც და არამც გაკვრითაც არ ახსენებდა 1991-92-93 წლების დეკემბერ-იანვრის სამხედრო გადატრიალებასა და რუსეთის მიერ დასავლეთ საქართველო-აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაცია-ანექსიის ფაქტს, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სამხედრო ძალით დამხობა იყო მსოფლიო შეთქმულების შედეგი და ამ შეთქმულებაში მონაწილეობდა, როგორც დასავლეთი და ევროპა, ასევე ამერიკაც და რუსეთიც. სააკაშვილს კი არ სურს დაუპირისპირდეს, დღეს უკვე თავის პარტნიორ და მოკავშირე ქვეყნებს, ანუ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პერიოდის ხსნებით სააკაშვილს არ სურს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის მიზეზ-შედეგობრივი კვანძის გახსნა, რომელსაც უფრთხის მსოფლიოც. ეს ტაბუდადებული ისტორიული მონაკვეთია, რომელშიც მნიშვნელოვანია კვარცხლბეკის ფაქტორიც.
ზვიად გამსახურდია (შევარდნაძისა და სააკაშვილისაგან განსხვავებით) ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, სუვერენული და ერთიანი საქართველოს პრეზიდენტი იყო. სააკაშვილის მკრეხელური მცდელობა, რომ თითქოს – “დღევანდელი საქართველოსა და ქართველების გმირობამ პირველად, საქართველოს ისტორიაში აღაფრთოვანა მსოფლიო”, სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ მოახდინოს ფასეულობების დევალვაცია.
თბილისი კი, რუსი ოკუპანტების შემოსევებისაგან ჭეშმარიტად იხსნა მართლმადიდებელი მრევლის ერთობლივმა გულითადმა ლოცვებმა, რომლებსაც ისინი თავიანთ წინამძღვრებთან ერთად ღამისთევით აღავლენდნენ ეკლესიებში. სასწაულთმოქმედი ხატებით ეწყობოდა მლოცველთა მსვლელობები მთელ თბილისში, მრავალრიცხოვანი მრევლის მიერ, ომის დაწყებამდე და ომის პერიოდშიც. ასევე ღვთის ნებითა და წყალობით იყო საერთაშორისო პოლიტიკური ძალების ზეწოლაც, რომ რუს ოკუპანტებს ხელი აეღოთ თბილისში შეჭრის განზრახვისაგან, შეეწყვიტათ ომი და დაეწყოთ გასვლა ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
აგვისტოს ომში საქართველომ არა თუ დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიები, არამედ დაკარგა მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ნაწილი – კოდორის ხეობა და კიდევ ერთხელ განადგურდა გენოფონდი, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად უნდა დაეკისროს ქვეყნის პრეზიდენტსა და მთავარსარდალს მიხეილ სააკაშვილს. (ლ. ცომაია)“ – ვკითხულობთ კონსტანტინე გამსახურდიას მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.