პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით 46 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 46 ნარკორეალიზატორი დააკავა.
ნარკორეალიზატორები დაკავებული არიან სხვადასხვა ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, მარნეულსა და რუსთავში, ასევე, თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

„სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, მათი პირადი, ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: “ჰეროინი”, „კოკაინი“, “ალფა პვპ”, “ბუპრენორფინი”, „ექსტაზი“, „მეტადონი“, “კეტამინი”, “ლირიკა”, “ოპიუმი” და “მარიხუანა”.

რაც შეეხება ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შემოტანის ფაქტებს, პოლიციამ უცხო ქვეყნის 20-მდე მოქალაქე დააკავა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული არიან თურქეთის, სერბეთის, აზერბაიჯანის, ირანის, რუსეთის, უკრაინის, ეგვიპტის, ლატვიის, ნიგერიისა და სომხეთის მოქალაქეები.“ – აღნიშნა თეიმურაზ კუპატაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები