„ვფიქრობ, აინშტაინით ჩემი სიტყვა ვთქვი მხატვრობაში“ – ელ გრეკოს მარიას გადაგდებული ასლი და… მოულოდნელად შეცვლილი ცხოვრება…

ჭიათურაში დაიბადა. დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი. 6 წლის იყო, პირველი ნახატი რომ დახატა… მაგრამ შემდეგ აღარაფერი დაუხატავს… 49 წლამდე… და აი, მოულოდნელად მისი ცხოვრება შეცვალა ერთმა ნახატმა – საბერძნეთში ძიძად მუშაობის დროს შემთხვევით გადაგდებული წმინდა მარიამის გამოსახულება იპოვა,  რომელიც საქართველოში ჩამოიტანა, ჩარჩოში ჩასვა და ჩამოჰკიდა.
ამბობს, რომ ამ ნახატმა მისი ცხოვრება  შეცვალა და ბედნიერი გახდა. მას შემდეგ ხატვა დაიწყო…
ერთ წელიწადში მხატვართა კავშირის წევრი გახდა. 20 გამოფენაში მიიღ მონაწილეობა, მათ შორის, 2021 წელს, დუბაის საერთაშორისო გამოფენაზე და, წელს პარიზში.
კიდევ 12 ქვეყანაშია მიწვეული გამოფენებზე. – მათემატიკის მასწავლებლისა და თვითნასწავლი მხატვრის, მაია წერეთლის პერსონა.

– დავიბადე და გავიზარდე ჭიათურაში, დავამთავრე მეცხრე სკოლა. წარმოშობით საჩხერიდან, სოფელი სხვიტორიდან ვარ, დიდი აკაკი ჩემი წინაპარი იყო, ბაბუაჩემის ბიძაშვილი. 1995 წელს დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი, სპეციალობით, ციფრული გადაცემის სისტემები.
ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა,  ფიროსმანის ირემი  პირველად 6 წლის ასაკში დავხატე, სამწუხაროდ, 49 წლამდე არაფერი დამიხატავს.
1996-98 წლებში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი საბერძნეთში ძიძად, ბავშვებთან,  შეძლებულ ოჯახში… წამოსვლის წინ კარადას ვალაგებდი და  მარიამ ღვთისმშობლის ხატი ვიპოვე, ტილოზე ნახატი, ზეთში შესრულებული… დახვეული გორგალი. გადაგდებული, იქ, სადაც ფეხსაცმელს ვინახავდით. არ ვიცოდი, ვისი იყო, შოკში ჩამაგდო  მისმა სილამაზემ და  მისი შეურაცხყოფით, ვეჩხუბე მეპატრონეს, ეს რა გიქნია, როგორ გადააგდე ასეთი ძვირფასი ნახატი-მეთქი. ესპანეთში ვიყიდე, ქუჩაში, სტუდენტობისას. აღარ მომწონს და გაჩუქებო….
ბედნიერებისგან დავფრინავდი…
ჩამოვიტანე საქართველოში, ჩავსვი ჩარჩოში და 25 წელია მათბობს მისი სილამაზე… ამ ნახატმა ჩემი ცხოვრება საგრძნობლად შეცვალა.
– როგორც ვიცი, ეს ნახატი ელ გრეკოს „წმინდა მარიას ოჯახის“ ასლი აღმოჩნდა… და მისი სახლში შემოსვლით ბევრი რამ შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში…
– იმ წლებში ბევრი განსაცდელი გადავიტანე, ჯერ სამსახურში არ მომემართა ხელი, მერე ჯანმრთელობა გამიუარესდა, სიმსივნეს ეჭვობდნენ ფილტვზე, ბატონმა რეზო გაგუამ გადამარჩინა. არ აღმომაჩნდა სიმსივნე…
ოპერაციის წინ წავედი ეკლესიაში, ღმერთს მადლობა შევწირე, ვთხოვე,  ჩემი თავი ჩემი შვილებისთვის ეჩუქებინა და შევპირდი, თუ ეს მოხდებოდა და როდისმე ფული მექნებოდა, ამ ეკლესიას მოვახატინებდი.

სალვადორ დალის „პეპელა“ – პირველი ნახატი

ხატვა არ ვიცოდი. მეორედ წავიკითხე ბიბლია და  ღმერთს ვთხოვე, სასწაული მოეხდინა, ჩემთვის სიბრძნე, რაიმე ნიჭი ეჩუქებინა, რითაც შევძლებდი, მეცხოვრა. ყოველთვის მჯეროდა სასწაულების… და მართლაც: იმ წელს მომივიდა 20 მოსწავლე მათემატიკაში, მეორე წელს კი ხატვა დავიწყე.
ახლა მათემატიკას ვასწავლი, აბიტურიენტებიც მყავს… ღამე კი  ვხატავ… ჩემი მასწავლებლები არიან: ხათუნა გოგებაშვილი და ნატა ჩაჩავა.
ამჟამად პორტრეტს ვსწავლობ… ელ გრეკოს მარია უნდა დავხატო, „მარიას წმინდა ოჯახი“. ის ფრაგმენტი, რომელიც სახლში მაქვს, ელ გრეკოს ნახატის ასლია, ავტორის გვარი კი, სამწუხაროდ, არ ვიცი.
–   პირველი ნახატები…
– ესაა ჩემი პირველი და ბედნიერების მომტანი ნახატი – სალვადორ დალის ნამუშევრის თავისუფალი ასლია. 2019 წლის მარტს ეს ნახატი დავხატე ერთ საათში, ვიფიქრე, ადვილია-მეთქი, მიყვარს „ელექტრიკი“, მყვირალა ფერები.
ერთმა მხატვარმა შეამჩნია, თქვენ ნიჭი გაქვთო, გამაწევრიანა მხატვრების ჯგუფში, ხელმძღვანელმა მითხრა, რომ ეს ფერწერაა და ხშირად ამ ფერებს ვერ ხედავენო. გავთამამდი და წავედი რუსთაველზე, იქ ვაჩვენე ჩემი ნახატები ხელოვნებათმცოდნე სოფო ხატიაშვილს. მან ნახა ჩემი „პეპელა“ და  იცით, რა მითხრა, 35 წელია ნახატებს ვყიდი და ასეთი გემოვნებიანი ნამუშევარი არ მინახავსო.
მომცა შეკვეთა, მე კი ვუთხარი, ხატვა არ ვიცი-მეთქი. შემომიბრუნდა და მკაცრად მითხრა, შენ ისეთი ჭკვიანი თვალები გაქვს, ყველაფერს დახატავსო. იმ დღიდან მართლაც დავიწყე ხატვა…
– პარიზში ქართველი მხატვრების გამოფენაში მონაწილეობდით… პარალელურად, საინტერესო დღეები გქონდათ…
– პარიზიდან იდეებით დახუნძლული ჩამოვედი. ამდენი კარგი მხატვრის ნახატს რომ ნახავ, დაიწყებ, აბა, რა, ხატვას. სათითაოდ გადავიღე ყველა ორნამენტი. თუმცა დრო არ მეყო, ლუვრში წიგნი ვიყიდე და წამოვიღე.
დიდხანს გამომყვება პარიზული შთაბეჭდილებები… უზომოდ ვიმხიარულეთ, სიცილი მიყვარს, ძველი მოცეკვავე ვარ…
მე, პირადად, რა დამემართა, ნუ იტყვით, ქუჩაში  ვიმღერე  ქუჩის მომღერალთან ერთად… მონესთან, რენუართან და ელ გრეკოსთან ვიტირე… ელ გრეკოსთან ვილოცე უზომოდ, თან ვტიროდი, ბავშვობაში მსახიობობა მინდოდა, და პარიზში პოდიუმი მოვაწყვეთ სასტუმროში, ვან გოგს ვაკოცე, შემოვეხვიე, ახლოს არ მივედი, დამიჭერდნენ… ჯერ ეგეთები არ გამიკეთებია, ისეთი ბედნიერი ვიყავი „მონა ლიზას“ ხილვით, ახლა რომც მოვკვდე,  ვიტყვი, ვიცხოვრე-მეთქი.
იდეებით დატვირთული, დახუნძლული ჩამოვედი. კიდევ მინდა პარიზში, ლუვრში, ორსეიში…  საოცარია, ვერსალში ვიცეკვე,  70 წლის თამარ თორდიასთან, არაჩვეულებრივ ქალბატონთან, რომელიც ხატავს და მათემატიკოსიც აღმოჩნდა. ძალიან ვიმხიარულეთ.
– ხატავთ პეიზაჟებს, პორტრეტებს, ნატურმორტებს… როგორ ირჩევთ დასახატ საგანს…
– დასახატ ნახატს ყოველთვის მე ვირჩევ, თუ თემა არ მომწონს, არ შემიძლია დახატვა. ყველა ჩემი ნახატი თითქმის ორიგინალია, ჩემს კომპოზიციებს ვქმნი. ყველა ჟანრში ვხატავ.
კაცხის სვეტი, სხვა რაკურსით დანახული… ჭიათურელი ვარ და ჭიათურას ეძღვნება… ფილმ „ავატარიდან“ გადმოვიტანე ნიუანსები. ეს მოეწონა საფრანგეთში გალერეის მეპატრონეს, მაღალი დონის შესრულებააო სავიზიტო ბარათი მომცა, დამიკავშირდიო.
მოზაიკა განსაკუთრებით მომწონს…
ბევრის გაკეთებას ვაპირებ.ზურაბ წერეთელი და მისი მოზაიკები მიყვარს. ზურაბის ქანდაკებებთან გადავიღე ფოტოები. ვგიჟდები ჩარლიზე, სერიებში უნდა დავხატო. ფიროსმანი ჩემი სიყვარულია. გუდიაშვილი  – მესამე სიყვარული.
მონეზე ვგიჟდები. მონე დავხატე და წარმატება მომიტანა, დამოუკიდებლად დავხატე. დუბაიში მიმიწვიეს გამოფენაზე. ხომ ლამაზია, მიყვარს.
მონე რომ ვნახე პარიზში, ვიტირე. სულ მინდოდა მონეს დახატვა, მაგრამ ვერ ვბედავდი. შემდეგ კი
„სამოთხის ბაღიც“ დავხატე და „იაპონური პეიზაჟიც“.
საოცარია რენუარი…. რენუარის სტილში ვხატავ ჩემს „მარიტას“. ეს პორტრეტი არ არის დასრულებული. თამარის ჯვარი უნდა დავკიდო.
– ერთ-ერთ ნამუშევარს „მოტრფიალე ნატურმორტი“ უწოდეთ…
– მასწავლებელთან მივედი, პროფესორი ნატა ჩაჩავაა. ჩემი დახატული ნატურმორტი ნახა და დამავალა, უნდა დაშალო, გადააკეთო და ახალი ფორმა და სიცოცხლე მისცე. შეგიძლია,  რამე დაამატოო.
მამაჩემს ჰქონდა დიდი ვენახი საჩხერეში, მიყვარს შავი ყურძენი და მამას სულ ვეხმარებოდი ზაფხულობით. რთველზე ვგიჟდები… დედა აკიდოებს აკეთებდა და ჭერზე ჰკიდებდა ყურძენს. ჰოდა, დავკიდე… ქვევრი დავამატე, ბროწეული მიყვარს და დავდე. ეს დოქი, ჭიქა, ქვევრი ისეა, თითქოს ეტრფიან, ეფერებიან ერთმანეთს, უყვართ ერთმანეთი, დათვრნენ და ეალერსებიან ერთმანეთს… ეს აკრილია, მოსკოვში წაიღო კოლექციონერმა.

„მოტრფიალე ნატურმორტი“, აკრილი

– როგორ დაიხატა კოლხი მედეა, ოქროს საწმისით? რამ შთაგაგონათ?
– მედეას ცოტა რთული ისტორია აქვს. 25 წლის წინ, 1996-98 წლებში, ვცხოვრობდი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში… სამწუხაროდ, არავინ იცოდა საქართველო, მხოლოდ რუსეთი, ლენინი იცოდა ერთმა, ერთმაც – სტალინი, წარმოდგენა არ ჰქონდათ საქართველოზე და რუსი ვეგონე ყველას. ამაზე ვბრაზდებოდი.
ბოლოს, სადაც ორი წელი ვცხოვრობდი და ზემოხსენებული ელ გრეკოს „მარია“ გადააგდეს, განათლებული ოჯახი იყო, ფრანგულის პედაგოგი გახლდათ ქალბატონი, ბავშვების დედა, მივედი და ვუთხარი, საქართველოდან ვარ-მეთქი…  იმ საშინელი ქალის, მედეას ქვეყნიდან ხარ,  შვილები რომ დახოცაო?
არადა, მე სხვანაირად მასწავლეს სკოლაში, მედეას შვილები ბერძნებმა დაუხოცეს.
ბერძნული კარგად არ ვიცოდი და  ჩემი ქართველობის პირველად შემრცხვა.

„მედეა“

ერთ დღესაც მეუბნება, ბავშვს მარგო უნდა დავარქვა და როგორ მოგწონს სახელიო? ვუპასუხე, გადასარევი სახელია, დედოფალს ერქვა ,,დედოფალი მარგო“, დიუმამ დაწერა-მეთქი. დიუმა, ბალზაკი, რემარკი წაკითხული მქონდა… მთელ საბერძნეთს დაურეკა, ჩემმა მოსამსახურემ დიუმა იცისო, არადა ეკითხებოდნენ, ტელევიზორი და მაცივარი თუ აქვსო? ისეთი შეურაცხყოფილი ვიყავი, ყველაფერი გვაქვს და თქვენზე მეტიც, უბრალოდ ახლა გაგვიჭირდა-მეთქი…
მედეაზე ვამბობდი… „თრიალეთის კულტურა (ძვ. წ. III – II ათასწლეული) – Trialeti culture, 2000-1500 B. C“ – ამ ნახატით მინდოდა მეთქვა, რომ საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა, რომ ოქრომჭედლობა, ფლოტი ბერძნებზე უკეთესი გვქონდა, რომ მედეა უნიჭიერესი იყო. ის მედიცინის სიმბოლოა, მსოფლიო მნიშვნელობის პიროვნებაა… ის მკვლელი არაა, კარგი და მასზე უკეთესი კი არავის მოსწონს.
მედეა კიდევ უნდა დავხატო – სასახლეში, დიდ ტილოზე, შვილებთან, იასონის გარეშე, გაბრწყინებული ისე, როგორც ქართველ ქალს შეშვენის და არა – დამცირებული და შვილების მკვლელი… რომ მთელმა მსოფლიომ გაიცნოს საქართველო – თრიალეთის თასით, ოქროს საგანძურით, ოქროს საწმისით…
აი, ეს მინდა ვუთხრა მსოფლიოს. მე ვარ ქართველი, მედეას სამშობლოდან, უძველესი კულტურის ქვეყნიდან!
– დეკორატიული ვარდები… მაინც არ გეთმობოდათ გასაყიდად… მაგრამ ბოლოს, ერთმა გოგონამ შეიძინა… ამბობთ,  რომ გიყვართ ვარდები, საკუთარი ხელითაც გაახარეთ თიანეთში, სამოთხის ბაღი გაქვთ… კიდევ რა ჰობი გაქვთ?
– ჩემი დეკორატიული ვარდები ერთმა გოგონამ იყიდა, მოკლედ, ისეთი კარგი გამომივიდა, აღარ მეთმობოდა, არადა ფული მჭირდებოდა პარიზში წასასვლელად, ბოლოს დავუთმე კარგ ფასად, მაგრამ ჩემთვის ფული არ არის მთავარი, მთავარი სიყვარულია. სიყვარულისთვის ვხატავ…
ყველა ჩემი ნახატი სიყვარულითაა დახატული, ვფიქრობ, ამჩნევს მყიდველი და ყიდულობს ჩემს ნახატებს.
ეს გოგონა კოლექციონერი აღმოჩნდა. კიდევ შემიკვეთა ზამბახების მეორე ნახატი, დიდი სიყვარულით დავხატავ. 10 ჯიშის სხვადასხვა ფერის ზამბახი მაქვს თიანეთში.
150 ძირი ვარდი მაქვს ეზოში…. ვახარებ და ვაძლევ საჩუქრად მეგობრებს, მეზობლებს.
ჰობი… მიყვარს კლასიკური მუსიკა, ლუჩიანო პავაროტიზე ვგიჟდები… ბახი, ბეთჰოვენი, მოცარტი… ბეთჰოვენი მაქვს დაწყებული გრაფიკაში, მალე დავხატავ ფერწერაში.
მარია კალასი… ბავშვობიდან მიყვარს ფრანგული მუსიკა, ჯო დასენი ჩემი საყვარელი ფრანგი მომღერალია.
მუსიკის ფონზე უკეთესი ნახატი გამომდის, უფრო კლასიკას ვუსმენ, მაგრამ როკსაც ვუსმენ, პოპსაც…
–  ქართულმა პეიზაჟმა („თიანეთმა“) ბინა დაიდო პარიზში, კიმის კერძო კოლექციაში, რომელიც გალერეის მეპატრონეა….
-„თიანეთი“, რომელიც პარიზში გალერეის მეპატრონემ დაიტოვა, ვაჩუქე, არ მიმიყიდია. პარიზის გალერეაში რომ მივიტანეთ ნახატები, ჩემი „მედეა“ დაინახა და ყველაზე გამოსაჩენ ადგილას დაკიდა. მოეწონა და მითხრა, თუ კიდევ გაქვს ნახატები, მაჩვენეო.
ვაჩვენე, მესამე დღეს მივუტანე „კაცხის სვეტი“, შემდეგ „თიანეთი“ ვაჩვენე და მითხრა, ძალიან მომწონს, საქართველოში მგონია თავიო.
მიყვარს იაპონური კულტურა. ხშირად ვუყურებ ფილმს „სამურაი“… კინო რომ ნახა, გულში ჩამიხუტა, ჰოდა, მომინდა მისთვის რაიმეს ჩუქება და ვაჩუქე ჩემი „თიანეთი“, კიდევ ფიროსმანის ბუშტიანი გოგო მქონდა ჩემთვის ნაყიდი და ისიც ვაჩუქე.
როცა რაიმე სიკეთეს ვაკეთებ, ათმაგად მიბრუნდება, ამიტომ ხშირად ვაკეთებ უანგაროდ. სიკეთეს მიყვარს, ასეთი მშობლები მყავდა, ასე გამზარდეს, მთელი სამყარო მიყვარს… ყველას ვეხმარები, რაც შემიძლია.
– „იაპონური პეიზაჟი“  იაპონური კულტურით გატაცებამ შექმნა ალბათ…

მაიკო ჯეირანაშვილი

– ჩემს „იაპონური პეიზაჟს“ ასეთი ისტორია აქვს. ერთი მოსწავლე მყავს, მაიკო ჯეირანაშვილი, მეთერთმეტე კლასშია. 4 წელია ვამზადებ მათემატიკაში.
ერთ დღეს გამომიტყდა, იაპონურად ვსწავლობ, მასწავლებელოო. გადასარევია, რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარ-მეთქი. თან დავაყოლე, იაპონელები და იაპონური კულტურა მომწონს და მინდა, იაპონური საკურა დავხატო-მეთქი.
მეორე დღეს ჩამიგდო იაპონური პეიზაჟის ფოტო… ეს ნახატიც მაიკო ჯეირანაშვილს ეძღვნება. მას მათემატიკის მასწავლებლობა სურს.
ხშირად ვეუბნები, რომ ის განსაკუთრებულია,  ვიცი, რომ  გამიმართლებს  და გაახარებს მშობლებს. ვგიჟდები ჩემს მოსწავლეებზე და მათაც ვუყვარვარ.
– გამორჩეულია თქვენი აინშტაინი…
– აინშტაინი ჩემი სული და გულია. ამ ნახატის თემა  განსაკუთრებულია.
მხატვრებს მოეწონათ, გამოფენაზე ყველა ჩერდებოდა მის პორტრეტთან – მაყოლინებდნენ ისტორიას… ორი თვე ვხატე, ღამეები ვათენე, თვალები უზომოდ მტკიოდა …
ჩემი სპეციალობაა ციფრული გადაცემის სისტემები, იმიტომ დგას მაგიდაზე შანდალი და სამი სანთელი. ეს  ღმერთის წყალობაა და ხშირად ვიყენებ კომპოზიციებში… მიყვარს წიგნებიც.
დაფას შეხედეთ: ნიუტონის კანონებია, აინშტაინის ფორმულა, ატომი, ტრიგონომეტრია, პითაგორას თეორემა, ვიოლინოს გასაღები… მუსიკა ხომ მათემატიკისგან შეიქმნა…
თავსა და ბოლოში ციფრული კოდებია დაშიფრული – ერთიანებით და ნულებით, მაღლა ქვიშის საათია. უსასრულობაშია აინშტაინი, დროში და სივრცეში ქმნიდა თეორიას, ვიოლინოზე უკრავდა ბავშვობიდან… თვითონ აინშტაინი მინდოდა ჭკვიანად წარმომეჩინა და არა ენაგადმოგდებული… გამომივიდა. ვფიქრობ, აინშტაინით ჩემი სიტყვა ვთქვი მხატვრობაში!!
– ჩარლი ჩაპლინი…
– ეს ჩემი ჩარლია, ჩემი საყვარელი კომედიები მიყვარს, ახლაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ ჩარლის. ჩარლის დახატვას  სერიებში ვაპირებ. თურმე აინშტაინის ძმაკაცი იყო  და ორ გენიოსს დავხატავ ერთად.

– სამომავლო გეგმები…
– ახლა ვსწავლობ ფიგურას, ბავშვის სახეს, ვიცი, რთულია ჩემი ამოცანა, მაგრამ ამ ნახატს დავხატავ, სირთულეები მომწონს, მე მათემატიკას ვასწავლი. ჩვენთვის არ არსებობს სირთულე, მე მას ამოცანად მივიჩნევ, რომელსაც აუცილებლად ამოვხსნი…
ბევრი იდეა და გეგმაა, მაგრამ დრო არ მაქვს, ღამე ვხატავ, დღისით მთელ  დღეს მათემატიკას ვასწავლი. გული მწყდება, ნახატებს რომ ვყიდი, ჩარლი და აინშტაინი ერთმა კოლექციონერმა იყიდა. დავმეგობრდით. ისე მენატრებიან ჩემი ქმნილებები… მიყვარს და მიყვარს ჩემი ნახატის მყიდველები… მათაც ვუყვარვარ… მეუბნებიან, ბედნიერი ვხდებით, შენს ნახატს რომ ვუყურებთო… ეს მაბედნიერებს, მაგით ვცოცხლობ.
მე რომ აღარ ვიქნები, ჩემი სულის ნაწილი ვიღაცას წუთით მაინც გააბედნიერებს, ისე  როგორც მე გამაბედნიერა ელ გრეკოს „მარიას“ ფრაგმენტმა.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები