ხმაური და დაძაბულობა პროცესზე – “ტვ პირველის“ წინააღმდეგ კახა კალაძის სარჩელის განხილვა 21 ნოემბრისთვის გადაიდო
“ტვ პირველის“ და „ტვ პირველის“ ტელეწამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ თბილისის მერის, კახა კალაძის სარჩელის განხილვა 21 ნოემბრისთვის გადაიდო. დღევანდელი სხდომა დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა, პროცესის გადადების საკითხზე მხარეები ერთი საათის განმავლობაში კამათობდნენ.
მოსამართლე და კახა კალაძის ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია პროცესის გადადების საფუძვლებს ვერ ხედავდნენ.
„ტვ პირველის“ ადვოკატი, ქეთევან ზანდუკელი სხდომის გადადებას იმ არგუმენტით ითხოვდა, რომ მომჩივანი მხარის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულება მას არ გადასცემია. მოსამართლემ ამ მტკიცებულების გაცნობა ადვოკატს ადგილზე შესთავაზა, თუმცა ტექნიკური პრობლემის გამო „ტვ პირველის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვიდეომტკიცებულებას სრულყოფილად ვერ გაეცნობოდა.
21 ნოემბერს მხარეთა პაექრობა იგეგმება და შესაძლოა, მოსამართლე სათათბიროდ გავიდეს.
ცნობისთვის, 5 ივნისს “ტვ პირველის” ეთერში ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ იქნა შემდეგი განცხადება: “კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო”. 20 ივნისს კი კალაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ცილისმწამებლური ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.