ესენი არიან უპასუხისმგებლო არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები, მოსამართლეს ყველანაირ შეურაცხყოფას აყენებენ, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრად მის არჩევაზე არასამთავრობო სექტორის კრიტიკას.
მისი თქმით, რასაც NGO-ები აკეთებენ ეს არის ბოროტება ქვეყნისა და მართლმსაჯულების წინააღმდეგ.
„სენსიტიურ საქმეებზე საუბრობენ, რომ ე.წ. კლანი ღებულობს მონაწილეობა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე იყო „რუსთავი 2“-ის საქმე, სადაც მოსამართლეთა, ვინც იხილავდა და სხვებისაც ლანძღვა-გინება მიდიოდა. არავის ბოდიში არ მოუხდია, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დატოვა ძალაში და თქვა, რომ საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სამართლიანი. ვინმემ მოიხადა ბოდიში?! – ამიტომ ესენი არიან უპასუხისმგებლო არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები, მოსამართლეს ყველანაირ შეურაცხყოფას აყენებენ. მეტი ობიექტურობა სადმე წარმოგიდგენიათ?! როდესაც იკრიბება მოსამართლეთა კონფერენცია და ისინი ფარული კენჭისყრით აძლევენ კანდიდატს ხმას. ამაზე დემოკრატიული და ამაზე კარგი წესი სადმე შემოუთავაზებია ვინმეს?!
რასაც ისინი აკეთებენ ეს არის ბოროტება ქვეყნის წინაშე და მართლმსაჯულების წინააღმდეგ. შევთავაზე მათ, რომ ერთმა NGO-მ მაინც იტვირთოს თავის თავზე, რომ სასამართლოში დადებითი რა ხდება იქნებ ამ კუთხით გვეთანამშრომლოს. თუ გინდათ თანამშრომლობა და თუ გულწრფელად იქნებით დაინტერესებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით, მე მზად ვარ, რომ ვითანამშრომლოთ, თუ არ იქნებით მზად და წავა ისევ მოსამართლეების ლანძღვა-გინება-ბულინგი, მაშინ რა თქმა უნდა, ჩვენ საკუთარ თავს არა მარტო დავიცავთ, არამედ ყველაფერს დავარქმევთ თავის სახელს. სასამართლო ხელისუფლება არ არის ისეთი სუსტი, რომ არასამთავრობოებისა და რომელიღაც პოლიტიკოსების გამოხტომების ეშინოდეს. ბუნებრივია, მუშტი-კრივზე არ გადავალთ, დავიცავთ თავს ჩვენი კომპეტენციით, წესიერებით, პატიოსნებით“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.