მხატვრების ოჯახში დაიბადა. ხატავს 4 წლიდან. 13 წლის ასაკში, პრაღაში, „იუნესკოს“ საერთაშორისო ახალგაზრდულ გამოფენაში გაიმარჯვა.
დაამთავრა მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო ლიცეუმი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი… გაიარა პროგრამა ფერწერის მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელმაც მიიყვანა არტთერაპიამდე, მაგრამ, როგორც ამბობს, ფილოსოფია და ფსიქოლოგია მაინც წამყვან ადგილს იკავებს მის ცხოვრებაში.
პარალელურად, ადამიანის შინაგანი სამყაროს და, შესაბამისად, უხილავი სამყაროს შემეცნების მიმართ ძლიერი ინტერესი ბავშვობიდან მოსდევს.
ლოს–ანჯელესის ფსიქიატრიულ კლინიკაში ვალანტიორად მუშაობის შემდეგ კი, მის ცხოვრებაში ფსიქოლოგიის მიმართ პროფესიული ინტერესი და ამის ხელშემწყობი ფაქტორებიც ჩნდება…
ბოლო 10 წელია ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული მუშაობა მის მთავარ საქმიანობას წარმოადგენს.
ასევე, წლებია, ექსპერიმენტებს ატარებს მედიტაციური მუსიკისა და პოეზიის მიმართულებით.
2015 წელს, მეუღლესთან ერთად დააარსა ინკლუზიური თეატრი სახელწოდებით – „ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი – კონტაქტი“. – ფსიქოლოგის, მხატვრის, ინკლუზიური თეატრის ხელმძღვანელის, გიორგი მიქაბერიძის პერსონა.
– მხატვრების ოჯახში დაიბადეთ. მშობლები… 13 წლის იყავით, რომ პრაღაში „იუნესკოს“ ახალგაზრდულ გამოფენაში გაიმარჯვეთ…
– როგორც ამბობენ, ხატვამ გამიტაცა 3 წლის ასაკიდან. ორივე მშობელი მხატვარი მყავს. ისინი არიან ჩემთვის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებლები.
ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი იყო, როცა 12 წლის ასაკში პრაღაში „იუნესკოს“ საერთაშორისო ახალგაზრდულ გამოფენაზე, წარვადგინე ჩემი ნამუშევარი და მოულოდნელად გამომაცხადეს გამარჯვებულად. უცნაური იყო ეს აჟიოტაჟი და ჩემ მიმართ ყურადღება, რაც იმ მომენტში ახალი შეგრძნება იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა, სასიამოვნოც იყო, მაგრამ – არც ისე მნიშვნელოვანი, რადგან ხატვისთვის დამატებითი სტიმული არასოდეს მჭირდებოდა.
– სკოლის პერიოდშიც ალბათ ხატავდით… პირველი ნახატები…
– კი, სკოლის პერიოდში ძალიან აქტიურად ვხატავდი, რასაც ახლა ნამდვილად ვერ ვიტყვი. სხვათა შორის, ბავშვობაში, ერთხანს, მიზიდავდა ძველი ხუროთმოძღვრული ძეგლების ხატვა, მაგრამ სიურეალიზმი და აბსტრაქცია მაინც ყველაზე მეტად მაინტერესებდა. ბავშვობის ნახატები თითქმის აღარ მაქვს, ყველა გაჩუქდა. „იუნესკოს“ გამოფენაზე, ის ნახატიც იქ დარჩა, დაიტოვეს პრაღაში.
– მოსე თოიძის სამხატვრო ლიცეუმი დაამთავრეთ… მოგვიანებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიარეთ პროგრამა ფერწერის მიმართულებით…
– ცხოვრების ყველა ეტაპი მნიშვნელოვანია და თავისებურად გარდამტეხიც, მაგრამ რატომღაც ყველა განვლილ ეტაპს დღეს ერთიანად აღვიქვამ და დიდად არ ვაცალკევებ ერთმანეთისგან. ცხოვრება ჩემთვის უფრო ერთიანი პროცესია.თოიძის ლიცეუმის შემდეგ დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც, მაგრამ ის პროფესია არ აღმოჩნდა ჩემთვის საინტერესო. შემდეგ უკვე იყო ამერიკის შეერთებული შტატები და ფერწერა, რომელმაც მიმიყვანა არტთერაპიამდე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის მიმართ ინტერესი მეტად დომინირებდა ჩემში.
– ფილოსოფია და ფსიქოლოგია წამყვან ადგილს იკავებს თქვენს ცხოვრებაში. ამბობთ, რომ ადამიანის შინაგანი სამყაროს და, შესაბამისად, უხილავი სამყაროს შემეცნების მიმართ ძლიერი ინტერესი ბავშვობიდან მოგდევთ…
– 80-იან წლებში დავიბადე თბილისში, შემდეგ კი, 90-იანებში, თინეიჯერობა მომიწია. ეს თითქოსდა, ყველასთვის რთული პერიოდი, მაინც, საერთო ჯამში, საინტერესოდ მახსენდება.
ჩემი ბავშვობის მთავარი გარეგნული ინტერესი ხატვას, ხელოვნებას, კალათბურთს და მეგობრებთან ურთიერთობას უკავშირდება, მაგრამ პირადი შინაგანი სამყარო განსხვავდებოდა გარეგნული სოციალური აქტივობებისგან.
როგორც ახლა ვხვდები, ბავშვობიდან უფრო ეგზისტენციალურ და ფილოსოფიურ საკითხებზე ფიქრი მიზიდავდა, ასე ვერთობოდი. დღესაც ასე ვერთობი და საერთოდ არ შევცვლილვარ.
მახსოვს, ძალიან მიყვარდა ბავშვობაში ადამიანების დაკვირვება და, ასევე, საკუთარი ქმედებებისა და შეგრძნებების მიზეზის და საწყისის ძიება, ანუ მერე აღმოვაჩინე, რომ გაუცნობიერებლად ფსიქოანალიზით ვყოფილვარ დაკავებული.
ამის გარდა, ასევე, ყოველთვის ირაციონალური და მისტიკური საკითხებიც მაინტერესებდა. მახსოვს ის, რომ არასოდეს ვიწყენდი საკუთარ თავთან.
– ლოს-ანჯელესის ფსიქიატრიულ კლინიკაში ვალანტიორად მუშაობდით, რამაც თქვენი ცხოვრება არსებითად შეცვალა…
– ლოს-ანჯელესის ფსიქიატრიულ კლინიკაში ვალანტიორად მუშაობის შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში ჩნდება ფსიქოლოგიის მიმართ პროფესიული ინტერესიც და – ამის ხელშემწყობი ფაქტორებიც. საერთო ჯამში, ეს ყოველივე გადაიზარდა ადამიანის ფსიქოლოგიის პროფესიულად შესწავლაში.
– ბოლო 10 წელია თქვენს მთავარ საქმიანობას წარმოადგენს ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული მუშაობა…
– ზოგადად, მახასიათებს ინტეგრალური მიდგომა გარკვეული საკითხების მიმართ, ალბათ ეს ჩემი ხასიათის ნაწილია, ამიტომ, კლინიკურ ფსიქოლოგიასთან ერთად, ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო სხვადასხვა თერაპიული მიმართულების, განსხვავებული მიდგომებისა და დისციპლინების კვლევა, ხოლო შემდგომ მათი პრაქტიკაში გამოყენება ინდივიდუალური კონსულტაციის დროს, რაც ეფექტიანობაზე დადებითად აისახება.
– ცნობილია თქვენი ექსპერიმენტები მედიტაციური მუსიკისა და პოეზიის მიმართულებითაც…
– მუსიკალური ბგერა, ჩემი აზრით, ენერგიის ყველაზე ძლიერი გამტარია, ამიტომ ვთვლი, რომ მუსიკა უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. დიდი ხნის მანძილზე მქონდა სურვილი, მეცადა მედიტაციური მუსიკის, სიტყვის და ბგერითი თერაპიის სინთეზი… და ეს ჩანაფიქრი პირველად განხორციელდა 2013 წელს თბილისში, შემდეგ მიჰყვა ზედიზედ რამდენიმე პროექტი, რომლებიც განვახორციელე მუსიკოს გიორგი სირაძესთან და სხვა მეგობრებთან ერთად. სასიამოვნო და საინტერესო გამოცდილება იყო. სამომავლოდ მსგავსი ექსპერიმენტების გაგრძელებას არ გამოვრიცხავ. ყოველ შემთხვევაში, სურვილი მაქვს, მხოლოდ დროის უკმარისობა მაბრკოლებს.
– შემეცნებით – ექსპერიმენტული პროექტი – „სათვალე“… პროექტის ავტორი თქვენ ხართ, როგორც ფსიქოთერაპევტი. ამ პროექტით არაერთი საინტერესო თემა განიხილეთ… საინტერესოა „სიყვარული და ეგოს დეკორაციები“, „ბედნიერების ძიებაში“, „სარკის პრინციპი და ჭაობის ენერგეტიკა“, ანუ როგორ გვეხმარება სამყარო… რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი? და კიდევ, თქვენი თვალთახედვით, რა არის ბედნიერება, როგორ უნდა გახდეს ადამიანი ბედნიერი?
– „სათვალე“ შემეცნებით-ექსპერიმენტული პროექტია, რომელსაც Youtube-ზე ასე მოძებნით: https://www.youtube.com/channel/UCgDX5bwX0aNrgG8HKPvZH2Q
ეს არ არის მხოლოდ ერთი პროფილის, ვიწრო პროფესიული მიმართულების პროექტი, ამიტომაც ეს ლექციათა ციკლი უფრო ექსპერიმენტული, თავისუფალი შემეცნების და პირადად ჩემთვის ოდნავ „გასართობ“ ხასიათს ატარებს. თუმცა ამ პროექტში განხილული და გაშლილი თემები შესაძლოა, ბევრისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანიც აღმოჩნდეს.
ბედნიერების განმარტება ინტელექტუალურად არ არის ადვილი რამ. ბედნიერების ერთ-ერთი გამოვლენა ალბათ არის, როცა საკუთარი წარსული, აწყმო და მომავალი თანაბრად მიღებული გაქვს და თავისუფალი ხარ შეჯიბრის მოთხოვნილებისგან, სხვებისთვის რაიმეს მტკიცებისგან, მათ შორის საკუთარი თავისთვის რაიმეს მტკიცებისგან. ასევე, ვფიქრობ, რომ სიამოვნება და ბედნიერება ხშირად ერევათ ერთმანეთში.
– 2015 წელს მეუღლესთან ერთად დააარსეთ ინკლუზიური თეატრი სახელწოდებით -„ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი – კონტაქტი“, სადაც პროფესიონალ მსახიობებთან და ხელოვანებთან ერთად გაწევრიანებულია 15 სპეციალური საჭიროების მქონე მსახიობი… თეატრს საინტერესო ისტორია აქვს… არაერთი გამარჯვება და წარმატება ხვდა წილად მის სპექტაკლებს… ამ ბოლო დროს უკრაინელი სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების დასახმარებლადაც გამართეთ სპექტაკლი…
– ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, ჩემეული დაკვირვებით, სპონტანურად ხდება. ზუსტად ასე სპონტანურად, აქაც ექსპერიმენტით დაიწყო ყველაფერი. მეუღლესთან (მეუღლე რეჟისორია) ერთად დავდგით ინკლუზიური სპექტაკლი, რის შემდეგ დაგვებადა ინკლუზიური თეატრალური დასის დაარსების სურვილი, რომელიც უკვე შვიდი წელია არსებობს და მუშაობს თანამედროვე დრამატული ხელოვნების მიმართულებით. ბევრი სირთულისა და დაბრკოლების მიუხედავად, თეატრმა არაერთ წარმატებას მიაღწია, მათ შორის – საერთაშორისო ასპარეზზე. თეატრი ახლაც აგრძელებს მუშაობას/განვითარებას. ამჟამად ვმუშაობთ ჩვენს რიგით მეშვიდე სპექტაკლზე.
აპრილში გამართული საქველმოქმედო სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე მიეძღვნა უკრაინელ ბავშვებს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში შემოსული თანხით დავეხმარეთ უკრაინელ კოლეგებს.
მთავარი პრობლემა არის ის, რომ დღემდე არ გვაქვს ჩვენი შენობა, ჩვენი საკუთარი სივრცე, მაგრამ იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხსაც მალე მოვაგვარებთ და თეატრი უკვე სრული დატვირთვით შეძლებს ფუნქციონირებას.
– მეუღლესთან, ირა კოხრეიძესთან ერთად ერთობლივი სპექტაკლებიც დადგით. გვიამბეთ ოჯახზე, მეუღლეზე, ერთბლივ შემოქმედებით საქმიანობაზე…
– ეს თეატრი ჩემთვის და ირასთვის მეორე სახლად იქცა. სპექტაკლზე მუშაობის ყველა ასპექტს ერთობლივად გავდივართ. ყველას თავისი საქმე გვაქვს ამ პროცესში, მაგრამ, საერთო ჯამში, ყველა გადაწყვეტილებას ერთობლივად ვიღებთ. ეს ოჯახურ საქმიანობად გვექცა და ამ დიდი ოჯახის თითოეული წევრი – დასის წევრია.
– საინტერესოა თქვენი მანდალები. ესეც ალბათ არტთერაპიის შემადგენელი ნაწილია? როგორ მუშაობთ ხატვის დროს…
– მანდალები – ჩემი ერთ-ერთი გატაცებაა. მანდალას შექმნის დროს, როგორც წესი, ვიყენებ გარკვეულ გეომეტრიულ მატრიცებს, რომელსაც ასევე „საკრალურ გეომეტრიას“ უწოდებენ. „საკრალური გეომეტრიის“ პრინციპები ძველ ტრადიციებში აქტიურად გამოიყენებოდა: ხატწერის, მანდალების ხატვის, არქიტექტურული ნაგებობების, ტაძრების დაპროექტების დროსაც, მაგრამ დღეს ეს ცოდნა, სამწუხაროდ, მივიწყებულია და არ ექცევა დიდი ყურადღება.
– ჰობი…
– ჩემი ყველა საქმიანობა და ინტერესი ჰობის ასპექტსაც მიკმაყოფილებს, ასე რომ, ცალკე რაიმე გამოკვეთილი ჰობი, შემიძლია ვთქვა, რომ არ მაქვს.
– სამომავლო გეგმები…
– გეგმები ყოველთვის იცვლება ხოლმე, ამიტომ გეგმებზე საუბარი არ მიყვარს.
თამარ შაიშმელაშვილი