ოდესის პორტები დღეს, 5 აგვისტოს უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემების პირველმა ქარავანმა დატოვა. NAVI STAR, ROJEN და POLARNET-ის ბორტზე სიმინდის 57 ათასი ტონაა დატვირთული და ისინი თურქეთში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მიემართება.
ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ამგვარად, „ჩერნომორსკის“ პორტიდან გემების გადაადგილება განახლდა.
“ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორების – გაერო-ს და თურქეთის უსაფრთხოების გარანტიები მომავალშიც იმუშავებენ, სურსათის ექსპორტი კი გახდება სტაბილური და პროგნოზირებადი ბაზრის ყველა მონაწილისთვის“, – დაწერა მინისტრმა.
მისი თქმით, „მარცვლეულის დერეფანი“ჯერჯერობით, გასვლაზე მუშაობს, აუცილებელია პორტების ორივე მიმართულებით ოპერირება.
“გვაქვს განაცხადები გემთმფლობელებისგან, რომლებიც მზად არიან – შემოვიდნენ ჩვენს პორტებში ჩასატვირთად და პირველი ასეთი ღონისძიება ხვალ არის მოსალოდნელი. ჩვენი მიზანია თვეში 3 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის ექსპორტი ოდესის, ჩორნომოვსკისა და იუჟნის პორტებიდან”, – თქვა კუბრაკოვმა.
მისი თქმით, მსოფლიოში სასურსათო მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუ უკრაინა შარშანდელი მოსავლის 20 მილიონი ტონა ექსპორტს და ახლის ექსპორტის დაწყებას შეძლებს.