ანრი ოხანაშვილი: 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი არავითარ ლოგიკაში არ ჯდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი პარლამენტის წევრების: ლევან იოსელიანის, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ალეკო ელისაშვილის, ჰერმან საბოს და ალექსანდრე რაქვიაშვილის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება.

“საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი არავითარ ლოგიკაში არ ჯდება 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში. არცერთ პუნქტში არ არის გაწერილი ეს საკითხი და თუ ვინმე იტყვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილების საკითხი რომელიმე პუნქტში არის მოაზრებული, ხოლო ჩვეულებრივ კანონში ცვლილების შეტანის საკითხი გაწერა ევროკომისიამ, ეს ლოგიკას სცდება. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი ამ 12-პუნქტიან გეგმაში ვერ გახდება განხილვის საგანი.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ამ საკითხს ჩვენთან მიმართება არ აქვს და გაარკვიონ ოპონენტებმა სააკაშვილთან ეს საკითხი. ასევე, რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, ეს ადამიანი გავიდა პოლიტიკიდან და წარმოუდგენელია, როცა ადამიანმა გადაწყვეტილება მიიღო და დატოვა პოლიტიკური სივრცე და ვინმე ძალით ცდილობდეს მის პოლიტიკურ სივრცეში შემოყვანას“, – აცხადებს ოხანაშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტის წევრების, ლევან იოსელიანის, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ალეკო ელისაშვილის, ჰერმან საბოს და ალექსანდრე რაქვიაშვილის ერთობლივ განცხადებაში საუბარია დეპოლარიზაციისთვის საჭირო სამ ნაბიჯზე: პირველი – საკონსტიტუციო ცვლილებები, მეორე – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა და მესამე – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები