„რა უნდათ ახლა ამ ადამიანებს, იგივე ცოდვები გაიმეორონ და ანაკლიაც დაიწვას”?
ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, მამა გიორგი (რაზმაძე) 14 აგვისტოს ანაკლიაში “კაზანტიპის” აკრძალვის მოთხოვნით აქციის ჩატარებას გეგმავს. სასულიერო პირი “კაზანტიპის” ფესტივალის ჩატარების კატეგორიული წინააღმდეგია. მისთვის ასევე მიუღებელი და გაუგებარია ანაკლიის მაცხოვრებლების ნაწილის განცხადებები, რომ “კაზანტიპის“ ფესტივალი მათ მატერიალურ სარგებელს მოუტანს.
“რა შეფასება უნდა მისცე ამ ამბავს საღად მოაზროვნე ადამიანმა? ესენი არიან ის ადამიანები, რომელთაც, ალბათ, გონებრივი გაჭირვება აქვთ, ან კიდევ ვერ ხვდებიან, ვის შეკვეთას ასრულებენ. მე ვფიქრობ, გარკვეული წრეები, რომლებიც ამ ხალხს მართავენ, ბრბოა, არ მეშინია ამ სიტყვის თქმის, რადგან ვინც ამ თემაზე საუბრობს ამ ფორმით, არის ბრბო, რომელსაც ელემენტარული აზროვნების უნარი არ აქვს. რა კრედიტი აქვთ აღებული, ძალიან საინტერესოა, ან ვინ მისცა მათ კრედიტი “კაზანტიპისთვის”, ეს ხომ სასაცილო თემაა? – ესე იგი, საროსკიპოებს ხსნიან? და რა გამოდის, რომ მთავრობა და ბანკები ხალხს საროსკიპოების გასახსნელად ფულს უხდის? მე ვფიქრობ, ამ ქვეყანაში სუტენიორობა და პროსტიტუცია ისჯება, არც ამისთანა სახლებია დაშვებული კანონით.
ამიტომ მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს ამაზე, კი არ უნდა მიუშვას დინებაზე. ხალხს კრედიტი კი არ უნდა მისცეს, ჭკუა უნდა ასწავლოს და აუხსნას, რომ ასეთი დანაშაული დასჯადი ქმედებაა და ვინც ასეთ საროსკიპოებს ხსნის, მისი ადგილი არც ანაკლიაშია, არც ზუგდიდშია და ციხეში კი ნამდვილადაა.
სასულიერო პირის პოზიცია თუ უნდათ, შეგონებისთვის ერთ რამეს ვეტყვი ამ საცოდავ ადამიანებს, სოდომი და გომორიც ზუსტად ასე ცხოვრობდა, როგორც ეს ადამიანები აზროვნებდნენ. როცა მათთან ყოვლადწმინდა სამება ანგელოზის სახით მივიდა, გაუპატიურება მოუნდომეს. ამის გამო მოიწვა ეს ადგილი და დღემდე იწვის. რა უნდათ ახლა ამ ადამიანებს, იგივე ცოდვები გაიმეორონ და ანაკლიაც დაიწვას? თუ არ აინტერესებთ ეს ტერიტორია, ჩვენ გვაინტერესებს, და თუ არ უნდათ აქ ცხოვრება, აღვირახსნილობის ქვეყნებიც არსებობს და პრობლემა არაა, იქ წავიდნენ საცხოვრებლად. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, ეს არის ის პატარა ჯგუფი, რომელსაც ვიღაცა მართავს“,- აცხადებს მამა გიორგი (რაზმაძე).
წყარო: გაზეთი “ალია“