ალექსი ბატიაშვილმა ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობა შეაჯამა
ალექსი ბატიაშვილმა ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობა შეაჯამა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, ალექსი ბატიაშვილის განცხადებით, 2021 წელს დააკავეს და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში არაერთი თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე მიეცა.
როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 53 საქმეზე, კერძოდ, დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, თაღლითობისა და სხვა ფაქტებზე. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 162 პირი.
მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ამოღბულ იქნა უმნიშვნელოვანესი ისტორიული
ღირებულების არტეფაქტი – საქართველოს მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის უნიკალური მონეტა, რომელიც გადაეცა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.
ალექსი ბატიაშვილმა განაცხადა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, სამსახურის პრიორიტეტს კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებში საჯარო მოხელეების შესაძლო ჩართულობის პრევენცია წარმოადგენს, რისთვისაც სამსახური ცდილობს გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი კორუფციის პრევენციის სამსახურის პროფესიული და ინსტიტუციური შესაძლებლობები.
„2021 წელს კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე განხორციელდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის გამიზნული ე.წ. საინფორმაციო შეხვედრების პროექტი. აღნიშნული პროექტი მომზადდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში“, – აღნიშნა ალექსი ბატიაშვილმა.