თსუ: აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ, ოთხი მათგანი გადაყვანილია კლინიკაში
დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის და გარეშე პირების საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უნივერსიტეტის 4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში.
„დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის და გარეშე პირების საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. 4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პროფესურას, დეკანს. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ ძალადობის მონაწილენი იყვნენ როგორც სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე გარეშე პირები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ემიჯნება ასეთ ძალადობრივ ქმედებებს და მოუწოდებს ახალგაზრდებს, დატოვონ რექტორატი და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგსა და სასწავლო პროცესს. სტუდენტების ამ ჯგუფთან არაერთი შეხვედრა გამართა რექტორმა, რექტორის მოადგილემ, კანცლერმა, ფაკულტეტებისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტების წარმომადგენლებმა“, – აღნიშნულია თსუ-ს განცხადებაში.